ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე გადაცემა „Speak Easy Georgia“-ს სტუმრობდა, სადაც საკუთარი კარიერისა და პიროვნული ტრანსფორმაციის შესახებ გულახდილად ისაუბრა.
“ყველა ხედავს, რომ 31 წლის ასაკში ტელევიზიაში მივედი, ყველა კარზე ვაკაკუნებდი და მიზანდასახულად მივიწევდი წინ, თუმცა სინამდვილეში მანამდე რაც ხდებოდა, გაცილებით მნიშვნელოვანია – 31 წლისას უკვე მზად ვიყავი.
ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა 15 წლის ასაკში დავიწყე, როცა ამერიკულ აკადემიაში გადავედი. ირგვლივ რომ მიმოვიხედე, კარგი სამეგობრო წრე მყავდა, კარგი ოჯახიდან ვიყავი და, იდეაში, არაფრის გაკეთება არ მევალებოდა. ვიცოდი, რომ სულ რომ არ მესწავლა, მაინც დამიჭერდნენ მხარს, უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დამეხმარებოდნენ. სახლში ძალზე დაცულად და კომფორტულად ვიყავი, რადგან ასე მზრდიდნენ, როგორც გოგოს.
მიუხედავად ამისა, 15 წლის ასაკიდანვე თავი მოვიკალი მეცადინეობით, სანამ ინგლისში არ ჩავაბარე. არც კი ვიცი, ზუსტად რისი იმედი მქონდა, რადგან წესიერად არაფერი ვიცოდი, მაგრამ მაინც მივაღწიე. ინგლისშიც ბევრი ვიშრომე, ფინანსების ფაკულტეტი დავამთავრე. ამის შემდეგ საბანკო სისტემაში რაც კი სტაჟირება არსებობდა, ყველაფერი შემოვუარე – მათ შორის ერთი წელი TBC-შიც ვიმუშავე.
სინამდვილეში პირველად სამუშაოდ 14 წლის ასაკში წავედი. მამას ვთხოვე, სადმე დასაქმებაში დამხმარებოდა, და მანაც თავისი მეგობრის ტურისტულ კომპანიაში მომაწყო, სადაც ფურცელზე პასპორტის მონაცემები შეჰყავდათ. ეგ პერიოდი რთული იყო ჩემთვის, რადგან არც საკმარისი ცოდნა მქონდა და არც თავდაჯერებულობა, თუმცა უდიდესი სურვილი მამოძრავებდა.
ამ პროფესიას ცნობადობის გარდა შინაგანი სიძლიერე მოაქვს – შენს სიტყვასაც და შენს პიროვნებასაც ფასი ედება. ოჯახში ყველანი შემდგარი და ძლიერი პიროვნებები იყვნენ: ბებია, მამა, ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი… მე კი სულ ჩრდილში ვექცეოდი, თითქოს დაკარგული ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მათ ვერ ვუთანაბრდებოდი. მთელი ცხოვრება ვიღაცას ვეყრდნობოდი, თუმცა შინაგანად მქონდა უდიდესი მოთხოვნილება, რომ საკუთარი, დამოუკიდებელი საქმე შემექმნა,” – ამბობს ნინუცა.