”ელენეს გარკვეულ დეტალებს დედასთან და ბებოსთან ვაიგივებდი” – რა ამბობს ლუკა ჭანიშვილი მეუღლეზე

39

ლუკა ჭანიშვილისა და ელენე ნაჭყებიას წყვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წყვილია. მათ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები მუდმივად დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოებისგან უამრავ თბილ შეფასებასა თუ მოწონებას იმსახურებს.

ცოტა ხნის წინ გადაცემა „ახალი დილა“ ლუკა ჭანიშვილის ოჯახს ეწვია, სადაც მან საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ბავშვობის კურიოზულ მოგონებებსა და მეუღლეზე, ელენეზე, გულახდილად ისაუბრა.

“ორივე ძალიან მახინჯები და შავები დავიბადეთ. ორივეს მშობელს უთქვამს, ეს ჩემი შვილი არ არისო. თავიდან, ელენე რომ გავიცანი და დავფიქრდი, რომ ჩვენი ცხოვრების გზა სერიოზულად უნდა წარმართულიყო, გარკვეულ დეტალებს დედასთან და ბებოსთან ვაიგივებდი. ბებია ჩემი აღმზრდელია; დედა და ბებია ჩემთვის ერთად არიან, ერთმანეთისგან არ განვასხვავებ. ელენე ბებიას ჰგავს,” – ამბობს ლუკა.

“ელენე პირველად, რომ გავიცანი, “სუხიშვილების” კონცერტი იყო თაკარაზე, ის ჯერ კიდევ არ იყო “სუხიშვილების” მოცეკვავე. კონცერტის დაწყებამდე გვქონდა გენერალური რეპეტიცია. გარეთ, როცა ვხურდებოდი, ელენე შედარებით ადრე მოვიდა, თავის მასწავლებელთან ერთად იდგა. მე კონცერტისთვის ვემზადები, ვიწელები. ფილმშიც გექნებათ ნანახი, უცებ რომ გაიხედები და მზერას რომ მისტყორცნი, მსგავსი რამ დამემართა და შემდეგ სულ გადამავიწყდა კონცერტი რომ მქონდა.

ვიდექი და ვუყურებდი ელენეს, ისე რომ თვითონ არ დავენახე. ელენეს მასწავლებელი ელენეს შვილობილს ეძახის, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩავიცვი, მივდივართ, იმედი დამეკარგა, რომ გამეცნობოდა ელენე. ამ დროს ელენეს მასწავლებელმა დამიძახა გიორგიო, აერია მამის სახელში. მე არ მივაქციე ყურადღება, სხვას ეძახდა, მეგონა და ამ დროს ჭანიშვილიო დამიძახა, თქვენს ოჯახს დიდ პატივს გცემთო, მითხრა, და ელენე გამაცნო.

ამის შემდეგ ელენე ერთ ჩვენს მოცეკვავეს ელაპარაკებოდა. შემდეგ მას ვკითხე, ვინ იყო, ჰყავდა თუ არა შეყვარებული. გავიგე, რომ შეყვარებული არ ჰყავდა და დავამატე სოციალურ ქსელში. გავუგზავნე მეგობრობის მოთხოვნა, იმ საღამოს არ დამამატა, არც მეორე და მესამე დღეს. მე ასეთი ხასიათი მაქვს, თუ არ უნდა, კარგად იყოს.

გავიდა 5-6 თვე. ამ დროს რაღაც პერიოდი არ დავდიოდი “სუხიშვილებში”. მივდივარ რეპეტიციაზე და დავინახე ელენე, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, რომ ეს ის ელენე იყო, გასახდელში მისვლამდე ვფიქრობდი, საიდანღაც მეცნობა-მეთქი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. გასახდელში შევედი და თავში დამკრა, თაკარაზე რომ გავიცანი, ეს ის გოგოა-მეთქი. 

მერე ჩემს თავს ვუთხარი, ეს შენი ბედია და, აბა, ლუკა შენ იცი-მეთქი. ამის შემდეგ ყველაფერი მოვძებნე, ყველა ჩავრიე და მოვახერხე, რომ პირველ პაემანზე დამეპატიჟებინა”, – ამბობდა ლუკა.