ისტორიული ტრიუმფი მალაიზიაში: საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა
2026 წლის 24 ოქტომბერს, მალაიზიის ქალაქ პენანგში, ქართული სამოდელო სფეროსა და სილამაზის კონკურსების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ანი სტეფანიშვილმა (საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი, როგორც ენ სტეფანიშვილი) 37 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენელს შორის საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა სიამაყით ასწია და Miss Asia Global 2026-ის ტიტული მოიპოვა.
Pegasus Global-ის ორგანიზებით გამართულმა საერთაშორისო კონკურსმა გრანდიოზული ფინალით დააგვირგვინა კულტურული გაცვლის, ინტელექტისა და დახვეწილობის 10-დღიანი დღესასწაული, რომელიც 15-დან 25 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.
საქართველოსთან ერთად საერთაშორისო საუკეთესო ხუთეული – Top 5 – ასე გადანაწილდა:
1-ლი ვიცე-მის: ჯინგ ენი (მასპინძელი ქვეყანა – მალაიზია)
მე-2 ვიცე-მის: უზბეკეთი
მე-3 ვიცე-მის: ტაილანდი
მე-4 ვიცე-მის: მექსიკა
ანი სტეფანიშვილი არის წარმატებული მოდელი და გამოცდილი მოცეკვავე, რომელსაც ქართული სააგენტო Katrini Model Agency წარმოადგენს. ამ კონკურსში, სადაც გაცილებით მეტი ფასდება, ვიდრე მხოლოდ გარეგნული სილამაზე, ანიმ საკუთარი თავი და ქვეყანა ბრწყინვალედ წარადგინა.
Miss Asia Global დიდ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურობას, ინტელექტს, კულტურულ ცნობიერებასა და სცენაზე თავდაჯერებულობას. სწორედ ქორეოგრაფიულმა მომზადებამ და სამოდელო ოსტატობამ გამოარჩია ანი პირველივე ტურებიდან საბოლოო გამოსვლამდე.
მადლიერება, რწმენა და ეროვნული სიამაყე
დაჯილდოების შემდეგ, Miss Asia Global 2026-მა ინსტაგრამის პირად გვერდზე ემოციური გზავნილი გამოაქვეყნა:
„მე ეს შევძელი! მე გავიმარჯვე! დღეს ჩემი გული სავსეა სიხარულით, სიამაყითა და უსაზღვრო მადლიერებით! კიდევ ერთხელ წარვადგინე ჩემი ხუთჯვრიანი საქართველო მსოფლიოს წინაშე და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ Miss Asia Global 2026! თითოეული ნაბიჯი, თითოეული სირთულე და ცრემლი დღეს ამ ბედნიერებად იქცა.“