არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა ნანუკა გუდავაძე ივანიშვილების ოჯახის გვერდით არ გამოჩენილა, დღეს, არჩევნების მეორე ტურზე, ის მხარს მეუღლეს უმშვენებდა.
როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ოფიციალურად, ნანუკა და ივანიშვილები სხვადასხვა უბანზე აძლევენ ხმას.
წყვილმა დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, კამერების წინაც იპოზიორა და ოჯახთან ერთად ფოტოებიც გადაიღო – ეს მათი საყვარელი საქმეა.
მათმა ერთგულმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, როგორ უყვართ ფოტოსესიები. ნანუკას და ბერას საერთო ტიკ-ტოკ ექაუნთიც კი აქვთ, სადაც პერიოდულად ერთობლივ ვიდეოებს აქვეყნებენ.
მათი ბოლო ვიდეო 19 ნოემბრით თარიღდება. ეს წყვილის ქორწინების თარიღია, დაოჯახებიდან ორი წელი გავიდა.
ივანიშვილების ოჯახის შესახებ ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. თუ მათ მიერვე გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით ვიმსჯელებთ, ისინი არჩევანში არ შემცდარან, დროსთან ერთად კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც მათი საერთო ინტერესებიდან და ხედვებიდან ჩანს. თავისუფალ დროს ოჯახურ გარემოში, პატარა შვილთან – ბერუკასთან ერთად ატარებენ და სახალისო, შემოქმედებით ვიდეოებს გვთავაზობენ.