“ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში” – ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ

1,104

ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა სოციალურ ქსელში პი­რად გვერ­დზე “ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აკე­თე­ბეს.

ექიმი დეტალურად წერს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თაობაზე.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია სწორედ “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

ექიმის ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

“დაპირებული ინფორმაცია Oxford/AstraZeneca ვაქცინის შესახებ:
მსოფლიოში ავტორიზებულ COVID-19 ვაქცინებს შორის Aსტრაძენეცა-ს ვაქცინა ავტორიზაციის სიხშირით მე-2 ადგილზეა:
1. Pfizer/BioNTech – 67 ქვეყანა (აშშ)
2. Oxford/AstraZeneca – 58 ქვეყანა (ბრიტანეთი)
3. Sputnik V Gamaleya RI – 39 ქვეყანა (რუსეთი)
4. Moderna – 40 ქვეყანა (აშშ)
5. Sinovac – 13 ქვეყანა (ჩინეთი)
კოვაქსის პლატფორმით ამ ვაქცინის განაწილება მარტიდან დაიწყო და დამატებით კიდევ 142 ქვეყანაში შევა.
ვაქცინის ტიპთან და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული უსაფრთხოება:
ვაქცინების 5 მთავარი ტიპიდან AstraZeneca (AZ)-ს ვაქცინა ვირუსული ვექტორის ჯგუფს განეკუთვნება. ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ის ინაქტივირებულ კოვიდ-ინფექციის გამომწვევ ვირუსს არ შეიცავს, ამიტომ ვაქცინაციის შემდეგ კოვიდით ვერ დაინფიცირდებით.
ვაქცინის ეფექტურობა:
AZ-ს 2-დოზიანი რეჟიმის საშუალო კლინიკური ეფექტურობა 63%-ია, მძიმე კოვიდისაგან კი იცავს 85.4%-ში (მთლიან კოჰორტაში გამოთვლით 28 დღის შემდეგ). ეფექტურობა ოდნავ ნაკლებია 60 წ. ზევით. ორ დოზას შორის ინტერვალის გაზრდამ 8-12 კვირამდე მეტი ეფექტურობა აჩვენა. აქ მრავალი მაჩვენებელია პოპულაციის და დემოგრაფიის მიზედვით და ამიტომ ამ თემაზე ნუ ვიდავებთ.
ვაქცინის უსაფრთხოება:
უნდა გვახსოვდეს, რომ 100%-ით უსაფრთხო არც ჰაერია და არც წყალი. ისევე როგორც სხვა ტიპის ვაქცინებში, აქაც ახალი არაფერია.

ამ ვაქცინასაც 2 ტიპის შესაძლო გვერდითი მოვლენა ახასიათებს, უპირატესად მსუბუქი, უფრო იშვიათად კი საშუალო სიმძიმით გამოხატული: (1) ადგილობრივი მოვლენები, ინექციის/ჩხვლეტის ადგილას მომატებული მგრძნობელობით; (2) მსუბუქი ან საშუალო სისტემური რექციები (დაღლა, თავის/კუნთების ტკივილი, სიცხე). ყველა მოვლენა რამდენიმე დღეში იხსნება.
მედიაში გავრცელებული თრომბო-ემბოლიური მოვლენების შესახებ, რამაც რამდენიმე ქვეყანაში დროებითი (!) შეჩერება გამოიწვია.

არსებული მონაცემებით (და ასეთი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 11 მილიონია) მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება. როცა მილიონობით ადამიანი იცრება, მოვლენათა თანხვედრა ხდება. იმისათვის რომ ვაქცინასთან ასოცირებული რეალური რისკი არ გამოგვეპაროს, უსაფრთხოებას ვიკვლევთ ყველა ეტაპზე, დაწყებული პრე-კლინიკური ცხოველების ექსპერიმენტებით, დამთავრებული პოსტ-ავტორიზაციის პერიოდით, მანამ სანამ ვაქცინა მოხმარებაში რჩება (throughout the vaccine life cycle). უსაფრთხოებას კვლევის სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისი სპეციფიური მეთოდოლოგიით და ალგორითმებით ვიკვლევთ. ყველა ტიპის რისკს ვაკვირდებით და ვსწავლობთ, ავტორიზაციის შემდგომ პერიოდში კი, განსაკუთრებით იშვიათ და შორეულ ეფექტებს ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ, დღეისათვის მხოლოდ ბრიტანეთში ვაქცინებულია 11 მილიონი ადამიანი. ეს საკმარისად დიდი პოპულაციაა იმისთვის, რომ იშვიათი მოვლენა არ გამოგვეპაროს.

ბრიტანეთისა და ევროკავშირის შესაბამისმა სააგენტოებმა (MMHRA/EMA) უკვე შეაფასეს თრომბო-ემბოლიური მოვლენები და დაადასტურეს, რომ არავითარი ნიშანი იმისა, რომ ეს მოვლენა ვაქცინამ გამოიწვია, არ არსებობს.

გაიხსენეთ იანვარში ნორვეგიაში ფაიზერის ვაქცინის შემდეგ 23 სიკვდილის შემთხვევის შესახებ მედიასკანდალი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავს პოპულაციაში ნორვეგიაში ვაქცინაციის დაწყებამდე სიკვდილობის ყოველკვირეული მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. მეორე ნათელი მაგალითი ავტრიზაციის შემდგომ რისკების კვლევისა არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ დიახ, რისკი არსებობს ისევე როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, მაგრამ არის ძალიან იშვიათი, მაქსიმუმ 4-5 შემთხვევა აღინიშნება ერთ მილიონ აცრილზე (ფაიზერის შემთხვევაში ყველაზე ხშირი იყო) და ეს რისკი არის მართვადი. სწრაფად და ეფექტურად მოხერხდა ამ რისკის მართვა რეკომენდაციის შეცვლით, თრეინინგით და ვაქცინაციის ცენტრების შესაბამისი მედკამეტებით აღჭურვით. წარსულში მძიმე ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებს თხოვენ აცრის შემდეგ 30 წუთი დაწესებულებაში მოიცადონ, რომელიც აღჭურვილია კვალიფიცური პერსონალით და შესაბამისი მედიკამენტებით სწრაფი რეაგირებისთვის. მასობრივი ვაქცინაციის უპრეცედენტო მასშტაბის გამო მოვლენათა თანხვედრაც შესაძლოა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დაკვირვება, კვლევა და შესაბამისი რისკის მართვა გრძელდება.
ვაქცინა რეკომედებულია >18 წ. ზევით ასაკში.
რაც შეეხება უკუჩვენებას, ეს ვაქცინა არ არის რეკომენდირებული 2 შემთხვევაში:

(1) თუ მძიმე ალერგიული რექცია გქონდათ პირველ დოზაზე;

(2) თუ მძიმე ალერგიული რეაქციის გამო წარსულში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა დაგჭირდათ (ეპინეფრინით, პრედნიზოლონით და ა.შ.). ამ შემთხვევაშიც გირჩევთ მიმართოთ ალერგოლოგს იმის გასარკვევად, ხომ არ შეიძლება მსგავსი რეაქცია გქონოდათ ამ ვაქცინის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე (აქტიური ინგრედიენტზე).
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რას ნიშნავს საგანგებო ავტორიზაცია. ეს ვაქცინა 44000-მდე პოპულაციაში იქნა შესწავლილი და ეს პოპულაცია საკმარისზე მეტია, თუ შეადარებთ სხვა წარსულში ავტორიზებულ ვაქცინებს. განცხადებები იმის შესახებ, რომ საკმარისი გამოკვლევა არ ჩატარებულა, მცდარია. ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, ჰკითხეთ თვითონ როდის ჩაატარა ბოლო კლინიკური კვლევა, რომელმა სააგენტომ განიხილა და რას აჩვენებს გამოცდილება. დაჩქარებული ავტორიზაციის პროცესი რეგულატორების მიერ შექმნილია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ან გლობალური ჯანდაცვის კრიზისის სამართავად შეამცირონ ბიუროკრატიული ეტაპები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი კონტროლი იქონიონ საჭიროების მიხედვით ვაქცინის ან წამალის განაწილებაზე (რომ არ დაუტოვონ კერძო სექტორს და მის კომერციულ ინტერესებს სრული კონტროლი)”-წერს თამრიკო ქვარცხავა.