“ვერ გადავარჩინე მამა, საფრთხის ქვეშ მიდგას დედა, ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ ავიცრებოდი”

547

ექიმი ნეონატოლოგი, ელისო თურქაძე სოციალურ ქსელში ახალციხეში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად ამისა, ხვალაც რომ ჰქონდეს დაგეგმილი აცრა, ისევ აიცრებოდა.

ექიმი იმ მიზეზებს ჩამოთვლის, რის გამოც ურყევია მისი პოზიცია.

“ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი აცრა, კვლავ აუცილებლად ავიცრებოდი
■ ერთი წელია ფრონტის წინა ხაზზე ვარ ამ კოშმარ ვირუსთან ბრძოლაში
■ერთი წელია ფსიქოლოგიური ომი მაქვს გამართული ამ ვირუსთან
■ერთი წელია, ოჯახის მხცოვან წევრებთან ერთად სადილზე ერთად არ ვმჯდარვარ.
■ერთი წელია ყოველ 72-96 საათში ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზს ვიკეთებ.
■ერთი წელია საეჭვო კონტაქტის მერე, ანალიზის გაკეთებამდე, ნიღაბს არ ვიხსნი სახლშიც კი.
■ერთი წელია შევირყი ამდენი ოჯახის უბედურებით, რომელთთვისაც ეს არაა სტატისტიკა და ციფრები, ეს ტრაგედიაა
■ვერ გადავარჩინე მამა
■ საფრთხის ქვეშ მიდგას დედა, დედამთილი, დიაბეტიანი მეუღლე. მინიმუმ იმ საფრთხის ქვეშ, რომ უნებურად მე არ დავასნებოვანო.
■ჩემი ეს ნაბიჯი და ჟესტი არ ყოფილა ვინესთვის რაიმეს თავზე მოხვევა. ეს ჩემი ვალდებულება იყო, სცოდნოდათ, ვაქცინაციის შედეგების უპირატესობა და თან გაცილებით, ვიდრე კოვიდით დაავადების სავარაუდო შედეგი.
■უნდა იცოდნენ რომ ჩემი ერთი გმირი ექთანის გარდაცვალებიდან ორმოცი რამდენიმე დღის წინ იყო
■უნდა იცოდნენ, რომ ჩემი ერთი კოლეგის ქმარი ერთ რეანიმაციაში წევს, დედა მეორეში, თვითონ კი ცოცხალ-მკვდარი დალასლასებს კლინიკდან კლინიკაში და თავის თავს არ ჩივის

■ მე და ჩემი კოლეგები თუ არა, აბა ვინ უნდა ყოფილიყო ფლაგმანი
კარგად მიცნობთ. არ ვარ პოპულისტი. ჯერ მინდოდა ეს პოსტი მხოლოდ პირად მიმოწერაში მქონოდა ვაქცინის მოწინააღმდეგე მეგობრებთან. მაგრამ ასე ვარჩიე. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ეს ჩემი არჩევანი იყო და არის.
ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ ავიცრებოდი”.- წერს ელისო თურქაძე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გაგრძელდება.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა.