ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ერთი ძალიან საჩოთირო ამბავი..
ამ ამბიდან 7-8 დღე გავიდა, გადავწყვიტე რაღაც დროის მერე მეთქვა სათქმელი, რომ ამბავი ცხელი არ ყოფილიყო.
თითქმის ყველა ტელევიზიამ აჩვენა ნიუსად წინა კვირას- რომელიღაც სოფელში ქალი გააუპატიურა ვიღაც ნაძირალამ. გამპატიურებელი არ უჩვენებიათ, სამაგიეროდ დაზარალებული გამოიყვანეს დიდი ამბით- თავზე ხილაბანდიანი საცოდავი, უსაზღვროდ შეურაცხყოფილი ადამიანი. ჯერ ეს რა წესია- მთელი ქვეყნის წინაშე გამოჭენება! რა თქმა უნდა, გავბრაზდი, მაგრამ რასაც ამას ტექსტი მოაყოლეს, აღარც ვიცოდი გავბრაზებულიყავი თუ მეცინა! კერძოდ, ალბათ დაჭერილის დასამუნათებლად და მისი საქციელის კიდევ უფრო დასაგმობად, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ დამნაშავემ 60 წლის ქალი გააუპატიურა! სიტყვა “დედაბერი” არ უთქვამთ, მაგრამ ნამდვილად ჩანდა კონტექსტში- ალბათ ბევრი მიაქცევდით ყურადღებას- იგულისხმებოდა, რომ მოხუცი ქალი გააუპატიურა ამ ნაძირალამ! …..
…რაღაცა მიშლის ხელს რომ კარგად ავხსნა ამ გამონათქვამის სიბრიყვე. რაღაც კი არა, ის, რომ კიდევ არ მივაყენო წყენა ამ ასაკის ქალბატონებს, რომელთანაც სქესობრივი ურთიერთობა, თუნდაც ძალადობის დასაგმობად ნათქვამი, ლამის გაუკუღმართებათ აღიქვეს ტელევიზიებმა ა ს ა კ ი ს გამო!
ვფიქრობ, მოძალადემ თუ ერთ კონკრეტულ პიროვნებას მიაყენა შეურაცხყოფა, ტელევიზიებმა ამ ადამიანსაც მიაყენეს და ამ ასაკის ყველა ქალს!”