რუბრიკაში „ჩემი ისტორია“ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ქალზე ძალადობის ისტორიებს იხსენებს. როგორც ირკვევა, მისმა მეგობარმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სტატუსის მიკერების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„რამდენი ძალადობის შემთხვევა იყო ბავშვზე, ქალზე, კომენტარებს რომ ვკითხულობ, მსგავსი ქალური კი არა, ადამიანური სოლიდარობაც არ გააჩნიათ ქალებს, სწორედ ასეთი დედების გაზრდილები არიან მოძალადე კაცები.
თეატრალურში რომ ჩავაბარე, მყავდა მეგობარი, 1 წელი მოვასწარი მასთან ურთიერთობა, ძალიან ლამაზი გოგო იყო, იმდენად ლამაზი, ნიჭიერი და კარგი, სულ მიკვირდა, რატომ იყო დაკომპლექსებული და ჩაკეტილი. რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ამას ნუ ემეგობრები, მას ცუდი სახელი აქვსო, 17-18 წლის ბავშვები ვიყავით, ვერ მივხვდი, მსგავსი რამ არავის უთქვამს ჩემთვის.
შემდეგ ამ გოგოს ისტორიას მომიყვნენ. ალბათ, 15 წლის იქნებოდა, მოტყუებით აიყვანეს სტუმრად სახლში, ჩაკეტეს და შემდეგ უფროსმა ადამიანმა გააუპატიურა. მამა არ ჰყავდა, ავადმყოფი დედა და ხნიერი ბებია მხოლოდ. დამცველი არავინ ჰყავდა.
საქართველოში განათხოვარის სტატუსიც ხომ ცუდ ყოფაქცევად ითვლება. მთელი უბანი დასცინოდა, ეგონათ, თუ ერთმა გააუპატიურა, მასაც ჰქონდა უფლება. ეს ბავშვი ყველაფერს მარტო იტანდა. სულ ვცდილობდი ჩემს ძმასთან და მეგობარ ბიჭებთან ეკონტაქტა, რომლებსაც მის მიმართ არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ. ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ. ჩემმა ძმამ ეს ისტორია იცოდა და როგორც მამაკაცმა, ძალიან განიცადა.
მივხვდი, რომ ამ გოგოს უნდა სცოდნოდა, რომ ეს ამბავი ვიცოდი და ყველანაირად გვერდით დავუდგებოდი. მახსოვს, კალთაში მეჯდა და ტიროდა. თან ძალიან ბედნიერი იყო, მიხვდა, რომ ვიღაც არაფრის გამო მის გვერდითაა და ძალიან უნდოდა დახმარება. ვგრძნობდი, როგორ ფერადდებოდა. დრო არ მეყო, ნახევარი წელიც ამ სითბოში და ზრუნვაში რომ ყოფილიყო, მგონია, გადავატანინებდით, უბრალოდ, ვერ მოვასწარით.
პირველად ვნახე ჩემი ახლობელი, რომელმაც თავი მოიკლა. იმ ასაკში, რა დროსაც, უნდა დაიწყოს ადამიანმა ცხოვრება და მაშინ აკეთებს, ეს იყო საშინელება. მეორე, ვნახე, როგორ შეიძლება ადამიანი დამოკიდებულებით გარიყო და საზოგადოების დამოკიდებულება – მასიურად გქოლავს, გერჩის, იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაგიდგეს და დაგეხმაროს. საშინელება იყო 17 წლის ასაკში ამის დანახვა, მიჩვეული ვიყავი, რომ ჩემს გარშემო ყველა ყველაზე ზრუნავდა“, – იხსენებს კალატოზიშილი.