“დიახ! ვაპირებ დიდხანს სიცოცხლეს ჩემი “ავანტყოფი“ გულით“

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ქეთა კობახიძე საზოგადოებას მიმართავს და საკუთარ ისტორიას უყვება. ის მოუწოდებს ყველას, შეიყვარონ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის – ეს იქნება ნაიარევებით თუ  სტრიებით დაფარული.

,,მოკლედ მინდა ჩემი სხეულის ისტორია მოგიყვეთ, მინდა მოგიყვეთ როგორ დაიღალა მისი მიმართულებით გასროლილი ფრაზებით “გულზე რა გაქვს?”

“არ გტკივა?”
“დაღლა არ შეიძლება ხო?”
” ვაიმე ასეთ კარგ გოგოს რატო დაგემართა?”
“შვილს ვერ გააჩენ”
“გაიზრდები და პლასტიკურს გაიკეთებ, ნუ გეშინია”
გაგიკვირდებათ და დაავადებები არ ითვალისწინებს ჩვენს ლამაზ თვალებს და კარგოობას. მაქვს გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც გამოიწვია წითურამ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ემბრიონი ვიყავი აქედან ვასკვნით რომ ეს არ არის გენეტიკური.
ფიზიკურად საკმაოდ აქტიური ვიყავი ბავშვობისა და სიყმაწვილის დროს. ზრდასრულობის დროსაც საკმაოდ აქტიური ვარ. ეს გავლენას არ ახდენს ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებზე. მტკივა თუ არა? ხან მტკივა კი. სამწუხაროდ, ჩემი გული ბავშვობიდან არ მუშაობს ისე, როგორც სხვების, ქირურგიული ჩარევის გამო. შეიძლება ვგრძნობდე განსხვავებულ შეგრძნებებს გულმკერდის არეში, მაგრამ არა, არ მტკივა. ის უფრო მტკივა, როცა განსხვავებულად მიმიჩნევენ.
გულზე მაქვს შრამი და არა მარტო გულზე, მაქვს ზურგზეც, მუცელზეც, საკმაოდ საინტერესო სხეული მაქვს, ბევრი რამე იკითხება. ვთვლი რომ ჩემი სხეული წიგნია, რომელიც ჩემს ისტორიას ჰყვება. ეს შრამები ჩემი ცხოვრების მემატიანეა. არ მეშინია მათი, არც პლასტიკური მჭირდება, რადგან თქვენგან განსხვავებით, ვინც პლასტიკურს მირჩევთ, მელამაზება. ყველას, ვისაც გაკომპლექსებთ თქვენს სხეულზე არსებული წარწერები, ეს იქნება შრამი თუ სტრია, შეიყვარეთ! ძალიან მაგრად შეიყვარეთ და დააფასეთ, რადგან ისინი რაღაცის გამო არიან იქ, სადაც არიან. მათ გაჩუქეს სიცოცხლე შეიძლება თქვენი, შეიძლება თქვენი შვილის. იამაყეთ და გელამაზებოდეთ იმ დონეზე რომ ვერც კი გაბედონ მათი შებღალვა უაზრო, არაფრისმომცემი რეპლიკებით.

და ბოლოს, მე ვამაყობ რომ ერთ სიცოცხლეში რამდენჯერმე დავიბადე, ვამაყობ, რომ შევძელი და ფენიქსივით აღვსდექი ფერფლიდან რამდენჯერმე, ვამაყობ, რომ ამდენი ბრძოლის შემდეგ ისევ მყარად ვდგავარ ფეხზე და შემიძლია ვთქვა, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, გაგიკვირდებათ ალბათ რა ხმამაღალი განაცხადია ამ “გულითავანტყოფი” ბავშვისგანო, მაგრამ დიახ! ვარ ჯანმრთელი, თავს ვგრძნობ მშვენივრად, ვაპირებ შვილების ყოლას, ძალიან ბევრ დაღლას, შრამების დამატებას(აუცილებელია) და დიდხანს სიცოცხლეს ჩემი “ავანტყოფი” გულით.
გმადლობთ ყურადღებისთვის,”- წერს ქეთა კობახიძე.