“ფული დროზე გამომიგზავნე, თორემ, ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა ემიგრანტ დედას!“

ბლოგერი, გურამ შეროზია ემიგრანტებსა და სამშობლოში დარჩენილ მათ ოჯახებს შორის შექმნილ პრობლემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

შეროზია კონკრეტული ოჯახის მაგალითზე ემიგრანტებს საჯაროდ მიმართავს და მათ საკუთარი თავისა და შრომის დაფასებას სთხოვს.

„ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა.

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

1. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!

2. პრობლემების დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.

3. წადით ქმართან ერთად, თუ კონტრარგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის.

ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა, თუმცა ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის“ ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

ყოველთვის, როცა ჩემი და ბარბარას კლიპს ვუყურებ და სიტყვებს ვუღრმავდები, ძალიან ვსევდიანდები, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი გვერდით მყავს, ზოგი კიდევ…“ – წერს გურამ შეროზია.