”ჯანმრთელობაც მაშინ შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ”

დირიჟორი და მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი იუბილარ  მეგობარზე, მომღერალ ნატო მეტონიძეზე წერს:

”ჩვენს დროში რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო მეტონიძე თავისი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებების გამო გარკვეული წლები თითქმის დისიდენტი იყო, მას არ იწვევდნენ მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო ღონისძიებებში, მეტიც, რესტორნები და კლუბები საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებებზე, რაც ჩვენში მომღერლების ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მისი გამოსვლებისგან თავს იკავებდნენ, ხოლო სატელევიზიო არხები გალაკონცერტების ჩვენებისას მის ეპიზოდებს ჭრიდდნენ, თითქოს ის იქ არც კი მონაწილეობდა, და ისე უშვებდნენ ეთერში. ამავე პერიოდში ჯანმრთელობაც შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ.

,,ეპოქა” რომ შეიცვალა (თუმცა ხშირად ორივეს გვგონია, რომ რიგ საკითხებში ერთ წრეზე ვტრიალებთ) ბედნიერები შევუდექით სცენაზე მისი ტრიუმფალური დაბრუნების მზადებას და აქაც დაბრკოლებების კასკადი დაგვხვდა წინ. დაპირებულმა დამფინანსებლებმა ბოლო მომენტში უარით გამოგვისტუმრეს, რადგან წინასწარ გავრცელდა ხმა, რომ მის კონცერტში მუსიკის გარდა, იქნებოდა სიტყვა, თეატრალური ხერხებით ითქმებოდა სიმართლე იმ მოვლენების ირგვლივ, რაც იმ თუ ამ დროში ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილის გულისტკივილს და ნიჰილიზმს განაპირობებდა.

და მაინც, 2015 წლის ივნისში დოისთან და მთელს შემოქმედებით გუნდთან ერთად მოვახერხეთ, ჩვენი სათქმელი სცენიდან გვეთქვა. შედგა ნატო მეტონიძის მუსიკალური სპექტაკლის ,,ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე” ორდღიანი წარმატებული პრემიერა ფილარმონიის სცენაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების და სპეციალურად მოწვეული თეა დარჩიას მონაწილეობით. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ორი დღე. სცენაზე იდგა, მღეროდა და თამაშობდა ჩემი გულის და სულის მომღერალი, ყველასაგან გამორჩეული!!!

ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად, კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება, კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა… მისი საოცარი თვისებებით აღფრთოვანებას მეგობრობის მე-18 წელსაც არ აქვს დასასრული”.