“მოსახდენი მოხდა, არაფერს ვნანობ”

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების გამორჩეული სახე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ქმართან, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გაშორების შემდეგ პირადზე აღარ საუბრობს. ის თავისი საქმით არის დაკავებული და იმით, რომ სპორტული მიღწევები გაიუმჯობესოს და თავის კარიერას ტიტულები შეჰმატოს.

– ყველანაირ პრობლემას საღად ვუყურებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო, უკეთესობისკენ შევცვალო. არასოდეს დავცემულვარ და შინაგანად არ გავტეხილვარ, _ ამბობს ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ჭაჭუა.

— სალომე, კოლეგებისგან გიგრძვნიათ შური?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ყურადღებას არასოდეს ვაქცევ. იმდენად არაა ეს თემა საინტერესო, რომ არც განვიხილავ ხოლმე.

— ქალური შური თუ ყოფილა?

– ძალიან ბევრჯერ, ხშირად კი პირიქით, დიდ სიმპათიებს ვგრძნობ. მანდილოსნებისგან ხშირად მსმენია კომპლიმენტები, რაც სასიამოვნოა.

— თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

– ალბათ დღევანდელ მდგომარეობას, იმას, რაც ვარ, თუნდაც იმას, რომ ამ სამყაროში ჩემი პატარა ადგილი დავიმკვიდრე. ვიპოვე ჩემი თავი იქ, სადაც ვარ.

— ამბობენ, ძნელია სალომეს მეწყვილედ ყოფნაო.

– საერთოდ არაა რთული, უბრალოდ მაქსიმალისტი ვარ. როგორც ჩემს თავს ვთხოვ, ისე ვთხოვ მეწყვილესაც. ეს ცეკვები არ არის ერთი ადამიანის, ეს არის წყვილის ცეკვა და ორივემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

— ახალგაზრდა ქალს პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– ეს ნამდვილად რთულია,მეგობრებს იშვიათად ვხედავ.

— პრიორიტეტს რომელს უფრო ანიჭებთ – კარიერას თუ პირადს?

– თუ მამაკაცს გულისხმობთ, არავინაა ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, პრიორიტეტული არის კარიერა. როდესაც გამოჩნდება, არ ვიცი, რა როგორ იქნება.

— არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

– არაფერს ვნანობ. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. თუ ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, იმასაც ვცდილობ, გავაანალიზო, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა. მაქვს უნარი, შეცდომები ვაღიარო.

— რთულია სალომე ჭაჭუას გვერდით ცხოვრება?

– საერთოდ არ არის რთული. ცხოვრებაში რადიკალურად სხვა სალომე ვარ – ბევრად თბილი და მეგობრული. რომ გამიცნობენ, მეუბნებიან, როგორი სხვანაირი ყოფილხარო.

sarkenews.ge