”წლები დამჭირდა, სტრესიდან რომ გამოვსულიყავი”

მომღერალი ეკა მამალაძე თავის დიდ სიყვარულსა და დიდ ტრაგედიაზე ,,სარკესთან” საუბრობს:

– გოგი ძალიან მიყვარს, – ხმამაღლა გამოვაცხადე ერთ საღამოს სახლში.

ნანიმ და ბებიამ ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი მითხრეს. გოგი საყვარელიძის და ჩემი ამბავი უკვე იცოდნენ. გოგი ჩემი პირველი სიყვარული იყო. ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი გახლდათ.

– როგორც შენ გინდა, ისე გააკეთე, – მითხრა ნანიმ.

შეიძლება არ ესიამოვნა, 18 წლისა რომ ვთხოვდებოდი, მაგრამ ხელიც არ შეუშლია.

ორივენი თავდავიწყებით ვიყავით შეყვარებულები.100 კაციანი ქორწილი სახლში გადავიხადეთ… ჩემი და გოგის ბედნიერება 8 წელი გაგრძელდა. ბოლო 2 წელი ავადმყოფობდა, ვერავინ გაიგო, საიდან დაემართა ის ავადმყოფობა…

26 წლის ასაკში ორი ბავშვით მარტო დავრჩი. გოგი რომ გარდაიცვალა, ლევანიკო 7 წლის იყო, გოგიკო 5-ის ხდებოდა.

ამ ტკივილის გადატანა ძალიან გამიჭირდა… რაც უნდა ცუდი მოხდეს, თუ ადამიანი ამქვეყნად რჩება, უკვე გადარჩენილია. უფალი გაძლევს შანსს,  იარსებო. არასოდეს უნდა იფიქრო, ცხოვრება დამთავრდა და აღარავის შეხვდები. თუ ამ შემართებით იცხოვრებ, ყოველთვის გექნება რაღაცის ინტერესი და ყოველთვის იქნები ქალი. მე ასე ვიქცევი ხოლმე, არადა რამდენიმე წელი დამჭირდა, სტრესიდან რომ გამოვსულიყავი.

– ბავშვებისთვის გოგის დღე უნდა არსებობდეს, – მითხრა ცაბუ ბებიამ.

იმ დღიდან გოგის დაბადების დღე – 3 მაისი, ჩვენს ოჯახში მისი ხსენების დღედ გამოცხადდა. გოგის მეგობრები მისი დაბადების დღის აღსანიშნავად დღესაც მოდიან. ამას ბებიაჩემი აგვარებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია მე გავაგრძელე.