რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ორსული გოგო, ფეხმძიმობის მიზეზად აცრას ასახელებდა. ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„კიდევ რაში შეიძლება გამოგადგეთ აცრა? ინტერნეტგაზეთში წავიკითხე ამბავი, იმერეთში გოგო მშობლებს არწმუნებს, აცრისგან დავორსულდიო. შტერი თავი გაბიათ, ეს გოგო არის გენიოსი, პლასტიკური აზროვნების მაღალი შესაძლებლობით.
ხეირი 1. აცრა გიცავს კოვიდით გამოწვეული სიკვდილისგან. 2. აცრა გიცავს მშობელ-ნათესავთა ინიციატივიანი, მოხალისე მკვლელების ბანდფორმირებების ხელით სიკვდილისგან. 3. აცრა გიცავს ბიცოლა-მამიდა-მეზობლების ხელით განხორციელებული სოციალური სიკვდილისგან. 4. ბავშვი გინდათ და ქმარი არა? ახლაა თქვენი დრო.
და ეს სიკეთეთა არასრული სიაა, არის კიდევ მისტიკურ-მაგიური ხაზი, რითაც შემოსავლის წყაროს გაიჩენთ, მაგალითად ყავაზე მკითხაობით, მესამე თვალ-ჩიპის გააქტიურების საფუძველზე და ასე… კოვიდპანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ახლა პროფესიათა გაჩენის აუცილებლობა წარმოქმნა.
პ.ს. ინსტრუქცია, სტატუსი არ არის სერიოზული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუმრობაა.
პ.პ.ს. გთხოვთ, ეს სტატუსი არ აზიაროთ „უპრაგონოდ“, გოგონას მშობლების თვალსაწიერში მიმტანი, ჩათვალეთ, რომ ხართ ანტივაქსერი და მკვლელი ერთდროულად. შევთანხმდეთ, რომ აქ, სამეგობროში განვიხილავთ მხოლოდ ყველა სიკეთეს და გავიხარებთ ყველა ადამიანის პირადი წარმატებით,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.