აჩი არველაძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ამასთან, პოლიტიკაში მისი შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. არველაძის თქმით, მას პოლიტიკა არ აინტერესებს. აღნიშნულის შესახებ არველაძემ “მაესტროს” ეთერში “უცნობის” გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.
“არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. იყო მარტივი რამ – გურიაში შევხვდით შემთხვევით (გახარიას), დაინტერესდა, თუ რატომ ვიყავით ჩვენ გურიაში. ოზურგეთში შევხვდით შემთხვევით, არ ვიცნობდი საერთოდ ბატონ გიორგის – შორიდან იმან იცოდა, მე ვინ ვიყავი და მე ვიცოდი – ვინ იყო. რომ გავისაუბრეთ, ვუთხარით, აქ ამიტომ ვართ-თქო, გვაქვს გურიაში მოცვის პლანტაცია და ამა და ამ საკითხზე ვართ მერიაში მოსული-თქო, რაღაცას ვარკვევდით. (გვითხრა) ძალიან მინდა ნახვაო.
ადამიანი, ყოფილი პრემიერი-მინისტრი, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი გეუბნება, რომ წამოდი, მაჩვენე რას აკეთებ. ვაჩვენე, დაინტერესდა, შემეკითხა, მერე მე შევეკითხე და ასე დაიწყო ეს ურთიერთობა. შემდეგ ეს სურათებიც დაიდო სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია… ასე პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად.
მერი არა ვარ? რად მინდა, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ, როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები. რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. ჩემი მერობა არის, რომ გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო. არც მანამდე მდომებია, არც ახლა არ მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება?! როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?!” – ამბობს არველაძე.