აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლიციისათვის დაფინანსების შეწყვეტა ან პოლიციის დეპარტამენტების დაშლა არ მოხდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სამართალდამცველებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამართალდამცველები გაწეული სამსახურისთვის შეაქო და ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე წელს დანაშაულის დაბალი მაჩვენებლები.
„დაფინანსების შეწყვეტა არ მოხდება. ჩვენი პოლიციის დაშლა არ მოხდება. ჩვენი პოლიციის წყალობით მშვიდად ვცხოვრობთ. ზოგჯერ საშინელ ამბებს ვიხილავთ, როგორც ახლახან ვიხილეთ, თუმცა პოლიციელების 99% დიდებული ხალხია და დიდებულ სამუშაოს ასრულებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქცების ფონზე ქალაქ მინიეაპოლისის საქალაქო საბჭოს 13 წევრიდან ცხრამ, ქალაქის არსებული პოლიციის დეპარტემენტის გაუქმება და მის ნაცვლად „სამოქალაქო უსაფღრთხოების ახალი მოდელის“ შექმნა მოითხოვა.