მომღერალი ირმა სოხაძე ,,სარკეს” თავის ცხოვრებაზე, მისი და რეზო ასათიანის მრავალწლიან ურთიერთობაზე უყვება.
– ორივე ქალიშვილი დაბინავებული გყავთ, თქვენი და თქვენი მეუღლის, რეზოს, ცხოვრებაში დგას პერიოდი, როცა ძირითადად ერთმანეთით ხართ დაკავებული. ტკბებით ამ ვითარებით?
– ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის ცხოვრების ეს მეორე ნახევარი. პანდემიამდე ცოტა სხვა სიტუაცია იყო, დილით ვიღვიძებდით, ვსაუზმობდით, შემდეგ მე ჩემს საქმეებზე დავრბოდი, ის – თავისაზე. საღამოობით ზოგჯერ მეგობრებს შეუვლიდა, როგორც ყველა ქართველი კაცი, ცოტას დალევდნენ, ისაუბრებდნენ და ძილის დროს ვნახულობდით ერთმანეთს.
პანდემიამ ძალიან დაგვაახლოვა და თავიდან აღმოგვაჩენინა ერთმანეთი. ერთად ვუყურებთ ფილმებს, ვუსმენთ მუსიკას, ვსაუბრობთ ათას საინტერესო თემაზე. ჩვენ დიდი სიყვარულით შევუღლდით. იყო დრო, როცა სახელ რეზოს რომ გავიგონებდი, გული მიკრთოდა და შინაგანი ცახცახი მიპყრობდა. უკვე 46 წელი გავიდა, რაც ერთად ვართ. უბრალოდ, შეუძლებელია, 46 წელი მუდმივად სიყვარულისგან გულაჩქროლებულმა იცხოვრო.
ახლა უფრო მშვიდი პერიოდი გვაქვს, უფრო ნაზი ფერებია ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან ახლობლები გავხდით, მეტად ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ეს საუკეთესო პერიოდია ჩვენი ცხოვრების – ბედნიერება შვილებით, ტკბობა შვილიშვილებით და ერთმანეთის ინტერესებით ცხოვრება.
პანდემიამ კიდევ ერთი ნიჭი გამიხსნა. სახლში ჩაკეტილმა დავიწყე ნაირ-ნაირი კერძების მომზადება. რეზომ ისეთი ტემპით დაიწყო ჩემი ნახელავის მირთმევა, 6 კილო მოიმატა. ერთხელაც შუბლზე შემოირტყა ხელი და მითხრა, რა დიდი შეცდომა დავუშვი, რომ სცენაზე გასვლის საშუალებას გაძლევდი, შენი მოწოდება სამზარეულო ყოფილაო.