”ვინც პირველმა შემომთავაზა ცოლობა, ბრმად გავყევი”

ქართული ტელემუსიკალური პროექტების აღმოჩენილი სახე, ირინა ბაირამაშვილი, ამ ეტაპზე მთლიანად ოჯახურ ცხოვრებაზეა გადართული. ოჯახი 7 წლის წინ შექმნა მიკა ღაღაშვილთან ერთად და მეორე ბიჭის მშობლებიც გახდნენ. ირინა თვლის, რომ კარიერისა და ოჯახური ცხოვრების ერთად წარმატებულად მართვა ძალიან რთულია, ამიტომ ახლა არჩევანს ოჯახზე აკეთებს, თუმცა საკუთარ თავთან და ასევე “სარკესთან” პირობას დებს, რომ სიმღერას აქტიურად დაუბრუნდება.

ირინა ბაირამაშვილი:

-დედობამ ძალიან ჩამითრია. ბავშვს რომ შევხედავ, ყოველთვის ვგრძნობ, ის ძიძის გაზრდილია თუ დედის. კარგად ვიცი, რომ კარიერულად აღარ ვარ ისე კარგად, როგორც ვიყავი.

– ქმრის მხრიდან არასოდეს ყოფილა მინიშნება, რომ სცენაზე უარი გეთქვათ?

– არასოდეს. პირიქით, ისიც ძალიან მუსიკალურია და იმხელა ამბიციები აქვს, რომ მეუბნება, გადაცემა “აკუსტიკისთვის” დუეტი გავაკეთოთო.

– როგორ გახსენდებათ ოჯახური ცხოვრების განვლილი 7 წელი?

– 7 წლის წინ ოჯახს რომ ვქმნიდი, საერთოდ აზრზე არ ვიყავი ცხოვრების, არ ვიცოდი, რას ვქმნიდი, ვისთან ერთად ვქმნიდი. ერთმანეთი ბოლომდე გაცნობილიც არ გვყავდა. უბრალოდ, ისე აღმოჩნდა, რომ მე გათხოვება მინდოდა, მას – ცოლის მოყვანა.

მინდოდა, რომ ოჯახური ცხოვრებაც გამეგო, რა იყო, ამიტომ ვამბობდი, ვინც პირველი შემომთავაზებს ცოლობას, გავყვები-მეთქი და ასე ბრმად გავთხოვდი. ასეთი გადაწყვეტილებით ყველა მეგობარი გაოგნებული იყო. ჩემი ქორწილის ფოტოების ნახვისას ხალხი მირეკავდა, აინტერესებდათ, ვის ქორწილში ვიყავი სტუმრად. ქორწილის შემდეგ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. ახლა ჩვენ შორის ისეთი ძლიერი სიყვარულია, როგორიც არასდროს.