საქართველო უკვე 1 წელი და 7 თვეა კორონავირუსს ებრძვის, ქვეყანამ პანდემიის ფონზე უამრავი ახალი ექიმი აღმოაჩინა.
ერთ-ერთი ექიმის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ბაჯელიძე წერს, ის საზოგადოებას დედამისის შესახებ უყვება, რომელიც მეან-გინეკოლოგია და კოვიდიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
„ეს დედაჩემია. მეან-გინეკოლოგი. რაც თავი მახსოვს, სულ მორიგეა, სახლში მოსული რამდენიმე საათით წაძინებას რომ ცდილობდა, მაინც სულ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. ხან ვის ეხმარებოდა უფასო კონსულტაციით და ხან ვის.
მისი მანქანის საბარგულს თუ გახსნით, რაღაც უცნაურობა აუცილებლად დაგხვდებათ: მადლიერი პაციენტის ოჯახისგან გამოგზავნილი თაფლის არაყი, კარტოფილის ტომარა, ზამთრობით მანდარინები და ა.შ. ვერ იტანს პაციენტი რომ დავალებულად გრძნობს თავს, მაგრამ ისიც ერიდება, უარი უთხრას მოკრძალებულ ნობათებზე.
სულ მგონია, რომ ექიმი არ უნდა ყოფილიყო, ვერასდროს შეძლო ემოციური დისტანცირება პაციენტებისგან. უამრავი ბავშვი მოვლენილა ამ ქვეყნად დედაჩემის დახმარებით და ყველა მცირე გართულებას ისე განიცდის, როგორც ჩემს პრობლემებს განიცდიდა.
ახლა ეს ფოტო ჩამიგდო, თავისი სრულიად დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და დამატებითი მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად.
მიყვარხარ, დე. მე ვიცი, რამდენად რთულია ეს ყველაფერი შენთვის, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენად გაბედნიერებს სხვების მოვლა და პატრონობა“,- წერს მარიამ ბაჯელიძე.