“არ მესმის იმ ქალების, რომლებიც შვილს აჩენენ იმისთვის, რომ ქმრები ოჯახებში დააბან”

მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ბავშვობა ფერად, ბრჭყვიალა ზღაპარში გაატარა, სადაც კეთილი ჯადოქრის როლს მამა, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი ასრულებდა. განებივრებული გოგონა ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან უყურებდა, ხოლო სათვალის მოხსნის დრო როცა დადგა, აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში არა მხოლოდ ცისარტყელას ფერებია, ხშირად მრუმე და სევდიანი ფერიც გამოერევა.

მის ცხოვრებაში იყო ორი ქორწინება, რომელთა შედეგად 4 საუკეთესო შვილი ჰყავს. ოჯახის დანგრევა არასოდეს არის ადვილი და ცისანასაც ბევრი გულისტკენა შეხვდა.

– თქვენი პირველი ქორწინება ადრეულ ასაკში შედგა და, როგორც ხშირად ხდება, გაშორებით დამთავრდა. მეორედ კი საკმაოდ დიდხანს იყავით გათხოვილი, ამ ქორწინებაში შეგეძინათ 3 შვილი და მაინც დასვით წერტილი. თუ გულის სიღრმეში გრძნობდით, რომ ოჯახის შენარჩუნება არ მოხერხდებოდა, რატომ არ მოხდა ეს პირველი ან მეორე შვილის შემდეგ?

-თქვენ ან ვინმე ფიქრობს, რომ მე შვილები ოჯახის შესანარჩუნებლად გავაჩინე? არა და არა! საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ვინც შვილს აჩენენ იმისთვის, რომ ქმრები ოჯახებში დააბან. მე შვილები გავაჩინე ჩემთვის და ერთმანეთისთვის.ეს არის ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში გავაკეთე. ჩემს შვილებს ჰყავთ შესანიშნავი მამები, აქვთ საუკეთესო ურთიერთობა.

ჩემთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის სიყვარული იყო. როცა ვგრძნობ, რომ სიყვარული გაცვდა და არასაკმარისია, იქ აუცილებლად უნდა დაისვას წერტილი. ეს ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული, ერთ დღეშიც არ წყდება, უამრავი ძაფი უნდა გადაიჭრას, ბევრი უძილო ღამე უნდა გამოიარო, მაგრამ უმჯობესია, დაამთავრო.

 თუ გქონდათ განსაკურთებული ოცნება, რომელიც ჯერ არ აგისრულდათ?

 მთელი ცხოვრება ვნატრობდი, მქონოდა მყარი, სიყვარულით სავსე ოჯახი, სადაც მეუღლესთან ერთად ხელჩაჭიდებული ვიცხოვრებდი ბოლო ამოსუნთქვამდე. 47 წლის ვარ და ნამდვილად მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში მოვა დიდი და განუმეორებელი სიყვარული.