Sos! იქნებ გადავრჩეთ!!! – ამ სათაურით, სოციალურ ქსელში, წერილს იტალიაში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტი ლელა ლაჩაშვილი აქვეყნებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„არ ვიცი როგორ დავიწყო საუბარი მენტორული ტონით რომ არ გამომივიდეს ნათქვამი. ძალიან გული მტკივა, შევეცდები ავხსნა რა ხდება, რა სენი უღებს ბოლოს ემიგრაციას, მოურჩენელი და ულმობელი. ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, თუმცა საჭიროა მეგობრებო.
მაშ ასე: დავიწყებ იმით რომ დალხენილი ადამიანი აქ არ ჩამოდის სამუშაოდ, არ ტოვებს ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან შვილებს. მოდიან ისინი ვინც ბანკის ვალს ვეღარ აუვიდა გაყიდა ყველაფერი, ან ავადმყოფის წამლის ფულად ან სხვა უარესი ყოფითი პრობლემის გამო.
ჩამოდის და ენის უცოდინარობის გამო, რომელიც დიდი ბარიერია სამომავლოდ სამსახურის შოვნისთვის, რას ვშვრებით ჩვენ აქ დამხვდურები? როგორ ვხვდებით გაუბედურებულ ადამიანს? რომელიც ისეც დაბნეული და უსუსურია ახალ, შეუჩვეველ გარემოში. როგორ და მთელი სისასტიკით: ეგრეთ წოდებული „დამსაქმებლების“ ხელში ჩავარდნილებს არანაირი დანდობა არა აქვთ ქართველებისგან. თვეობით სხედან მათ მიერ ნაქირავებ სოროებში და ელოდებიან როდის იშოვის დამსაქმებელი სამუშაოს, რომელიც არც კი იცის, შეიძლება გაუსაძლისიც კი აღმოჩნდეს და ერთი თვე ძლივს შეძლოს მუშაობა. თუმცა ვალდებულია პირველივე ხელფასიდან გადაუხადოს ფული, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს მისგან ამ სამსახურში (ხშირ შემთხვევაში მთელი თვის ხელფასი).“– წერს ლელა ლაჩაშვილი.