მირანდა მირიანაშვილი კახი კალაძეზე: „მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას!“

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ისინი პირველად იტალიაში მოგზაურობისას ნახა:

„მახსოვს ასე 15 წლის წინ, მილანში ვზივარ სასტუმრო “Four Season’s”-ის ფოიეში მეგობართან ერთად, ჩაის მივირთმევთ მეუღლის მოლოდინში, რომელიც ბიზნესჰოლში, თავის პარტნიორებთან  ფაბიოსთან და ჯუზეპეთან ერთად საქმიან შეხვედრას აწარმოებდა.

დიდი ჟრიამული იყო, მახსოვს, განსაკუთრებულად ლამაზად ჩაცმული ხალხი “ჩაო კარისიმა” და “ბუონა სერათი” ეხვეოდა და კოცნიდა ერთმანეთს ორივე ლოყაზე. (ლა სკალაში პრემიერაზე მივდიოდით და ჩვენნაირი, გრძელკაბიანი  ბრჭყვიალა ბევრი ქალი ირეოდა სმოკინგიანი მამაკაცების თანხლებით). საერთოდ, სულ ხალხმრავლობაა აქ, ვერსად დაჯდები ისე ქუჩიდან შემოსული, თუ სასტუმროში არ ცხოვრობ. პოპულარული ადგილია, განსაკუთრებით მოდის კვირეულის დროს.

უეცრად ჩოჩქოლი გაძლიერდა. ყველა ერთი მიმართულებით, შემოსასვლელისკენ შეტრიალდა და უკლებლივ ყველას სახეზე ფართო თეთრკბილიანი ღიმილი დაეკერა.ზურგსუკან გავიგე ფაბიოს ხავერდოვანი შეძახილი აჰჰჰ! კალადზე! კალლა! მე არც ახლა ვარ დიდად ფეხბურთში ჩახედული, თუმცა ძალიან მომწონს კარგი მატჩების ყურება, მაშინ კი მაინცადამაინც არ მივდევდი და სიმართლე გითხრათ, არც კალაძის სპორტული მასშტაბი ვიცოდი. მოკლედ, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, საოცარი! კინოკადრივით მახსოვს ძალიან ლამაზი წყვილი, რამდენიმე თანმხლებით რომ შემოვიდნენ, ნამდვილი ვარსკვლავები! ყველა მხრიდან ხალხი ეხვეოდა, ბევრი ხელს ართმევდა, კომპლიმენტებს და მადლობას ეუბნებოდნენ.

ანუკი (მაშინ უცხოელი მოდელი მეგონა), ნორჩი, გამჭვირვალე, სააოცრად ლამაზი… მოკლედ, ძალიან სანახავები იყვნენ.

მერე და მერე სულ მესმოდა და მესმის, რა განსაკუთრებით უყვარდათ და უყვართ აქ კახა სხვადასხვა სფეროში თანაგუნდელებს, თანამშრომლებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს და მერებს, და რაც მთავარია, ხალხს! ხალხს! აი, მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას!

მე დიდ პატივს ვცემ. არც მეგობარია და არც ამხანაგი ჩემი. მიხარია ყოველთვის, მისი ქება და მის მიმართ მადლიერება რომ მესმის და წარმატებებს ვუსურვებ! ჩემს თბილისს და მის მერს!“