მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა თათია შარანგიას გადაცემაში “სთორი” ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ “სიგიჟემდე ცვალებადი” ხასიათი აქვს. მისი თქმით, სხვადასხვა სპეციალისტისთვის მიუმართავს და მათი დასკვნები სხვადასხვაგვარი იყო.
“მაქვს ხოლმე ეგეთი დილები, როდესაც მიჭირს დილით ადრე ადგომა. სიგიჟემდე, რადიკალურად ცვალებადი ხასიათი მაქვს. ისე კი არა, რომ ოდნავ კარგ ხასიათზე ვარ, ან ცუდზე, რადიკალურად კარგ ხასიათზე ვარ, ან რადიკალურად ცუდზე და იშვიათად არის, რომ სადღაც შუაში მივბანცალებ.
რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურობაში მიშლის ხელს. არის ხოლმე მომენტები, როცა მიწევს რაღაცების გადადება, თუ შესაძლებელია.
პასუხები არის სხვადასხვანაირი ნევროპათოლოგის მხრიდან, ფსიქოლოგის მხრიდან და ფსიქიატრის მხრიდან. ზოგი ამბობდა, რომ მქონდა მსუბუქი ბიპოლარული აშლილობა, ზოგი ამბობდა, რომ შფოთვითი დეპრესია. ახლა არ ვმკურნალობ, არც ფსიქოლოგთან დავდივარ, არც ფსიქიატრთან, მაგრამ იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა მივიდე და ახლიდან გავიგო, რა ხდება. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაარქვა სახელი იმას, რაც გჭირს”, – ამბობს მომღერალი.
წამყვანის კითხვას, თუ როგორი გამოვლენა ჰქონდა მდგომარეობას, რის გამოც, სოფომ სპეციალისტს მიმართა, მან ასე უპასუხა:
“ძალიან რთული, უკვე რომ მივხვდი, კონტროლს აბსოლუტურად აღარ ექვემდებარებოდა, გადავწყვიტე მეპოვა ვიღაც, ვინც დამეხმარებოდა. ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, სხეულშიც, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული, უენერგიობა. ზუსტად არ ვიცი ეს არის თუ არა ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ მე როგორც ვარ, ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობასაც და მეც მაქვს ეს სიმპტომი, რომ რადიკალურად ისეთი ბედნიერი ვარ და იმდენად აღმატებული შეგრძნებები მაქვს ხოლმე, რომ გგონია, ცხრა მთას გადადგამ. ის ერთიც ზღვარგადასულია და მეორეც ზღვარგადასულია (ცუდ და კარგ ხასიათზე ყოფნა).
დღეში განწყობა სამჯერ მაინც შემცვლია რადიკალურად. სადღაც 3-4 წელია ასე გრძელდება”, – ამბობს სოფო ბათილაშვილი.