კვარტეტ “ალილოს” წევრი გია დავითიანი პრესისთვის ყოველთვის სასურველი სტუმარია. მომღერალმა მეორედ 62 წლის ასაკში იქორწინა. პირველი მეუღლე წლების წინ დაეღუპა. როგორც ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ამბობს, მისი გარდაცვალების შემდეგ 11 წლის განმავლობაში არ შეხვედრია ქალი, რომელზეც დაქორწინებას გადაწყვეტდა.
თუმცა ერთი წლის წინ, მის ცხოვრებაში ის სასურველი ქალი გამოჩნდა.ეკა არჩვაძე პროფესიით ექიმია და წყვილმა ოფიციალურად თებერვალში იქორწინა. ქალს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლე კი ცნობილი ექიმი, ტელეწამყვანი და იუმორისტი ოთარ ტატიშვილი იყო.
“ჩემს შვილებსაც უნდოდათ, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი. დამეთანხმებით, მარტოობა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როცა სერიოზულ ასაკს აღწევ, ელემენტარულად, ძალიან რთულია ხმის გამცემის გარეშე. ბედად ისე მოხდა, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ჩემი მეუღლე გამხდარიყო.
შევთანხმდით, რომ დრო, რომელიც წინ გვაქვს, ერთად გავატაროთ. მეც მყავს შვილიშვილები, მასაც, შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით. ღმერთით, ყველაფერი კარგად არის და ასეც გაგრძელდება…“ – ამბობს დავითიანი თბილისელებთან ინტერვიუში.
გია დავითიანმა ასევე ისაუბრა მძიმე ზაფხულზე, როდესაც ეკას ვაჟი შოთიკო ტატიშვილი კოვიდით დაინფიცირდა და მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.
“სიყვარულს ასაკი ნამდვილად არ ჰქონია. იმ პერიოდში ყველა მეუბნებოდა: გია, რა გჭირს, პატარა ბიჭივით ხარო. ყველაფერში მეტყობოდა, რომ ბედნიერი ვიყავი. მე მგონია, რომ ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ცოტა ხნის წინ, კვარიათში ვიყავით. ლამაზად დავისვენეთ, კარგი ამინდები დაგვემთხვა. ძალიან მძიმე ზაფხული გვქონდა.
დედა გარდამეცვალა, ქალბატონი, რომლის გარეშეც 62 წლის განმავლობაში, ერთი დღე არ გამიტარებია. ხელში ჩამაკვდა, მის პულსზე მეჭირა ხელი და ბოლო დარტყმა ვიგრძენი. მერე ეკას შვილი – შოთიკო ტატიშვილი დაინფიცირდა კოვიდით, ძალიან მძიმედ იყო, რეანიმაციაში იწვა. ძალიან ვინერვიულეთ და მთელი ზაფხული თბილისში გავატარეთ განცდებსა და დაძაბულობაში” – ამბობს დავითიანი.