საქართველოს საპატრიარქოს სინოდურის კომისიიის გადაწყვეტილებას, აეკრძალოს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება მამა პეტრე კოლხი.
მისი თქმით, ყველაზე ობიექტურ განაჩენს დრო გამოიტანს.
“სოციალურ ქსელში დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე არაერთ წერილს წავაწყდი, იყო ბევრი ცინიზმი და სარკაზმიც…
ვისაც ჰგონია, რომ ილია ეკლესიის და ქვეყნის მტერია, ვწუხვარ, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონია, არსებულ სინამდვილეზე, რაც ყველას ერთად დაგვაზარალებს….
ზოგს ეწერა, “მადლობა უფალს”… ვითომ მტერი დავამარცხეთ და სამშვიდობოს გავედით… ასეთი ბნელი და ფსკერი ხალხი რომ არსებობს, კიდევ ბოლო 50 წელიწადი არაფერი გვეშველება. მერე თაობები რომ შეიცვლება, ცხადია, ბევრი ჩვენგანი არ ვიქნებით, მაგრამ შვილების თაობა მაინც ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებს და ის მაინც ეცოდინებათ, პრობლემაზე საუბარი კი არ არის ტრაგედია, ტრაგედია სწორედ პრობლემების დამალვა და მიჩქმალვაა…
მამა ილიას ყველა კრიტიკა და გამოსვლა სამართლიანი იყო… ის ითხოვდა და მომავალშიც მოითხოვს წესრიგს, ღირსებას და პატიოსნებას… ცუდი ის არის, ეკლესიის მესვეურებს რომ ეს უკვირთ და ვერ იგებენ, რატომ აქვს დეკანოზს ამხელა პროტესტი…
იყო გადაცდომაც, სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა. ის აგრესიაში არ უნდა გადავიდეს.
არ გვყავს მეგობრებო, დასაკარგი ადამიანები. გაიგეთ, რომ დღეს ყველამ
ერთმანეთი უნდა შევინარჩუნოთ…
ქვეყნის და ეკლესიის მტრები ისინი უფრო არიან, ჯანსაღი მსჯელობის უნარი რომ აქვთ წართმეული და დედამიწა მრგვალია თუ ოთხკუთხედი არ იციან… კიდევ, მტრები ისინი არიან, ეკლესიაში ყოფნა, ანაფორის ჩაცმა გამდიდრებისთვის, ჯილდოებისთვის რომ გადაწყვიტეს. ასეთი კი ბევრია და მალე თქვენც დაინახავთ….
ეკლესიის ვალია, მტერიც მოყვრად აქციოს, ჩვენთან კი, ისეთი ,,ნიჭიერები” ვართ, მოყვარესაც მტრად გადავიკიდებთ…
დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ისეთი აკადემიური ცოდნა აქვს, ნახევარ ეკლესიას რომ არ დაესიზმრება. რომ არაფერი ვთქვა მის ღირსებასა და პატიოსნებაზე…
ნეპოტიზმს და ე.წ. ვაზელინობას რომ არ გადავყოლოდით, ილიასნაირი კადრი გამოეყენებინათ და მიეცათ ნიჭის გამოყენების შანსი… თავადაც დრო არ ექნებოდა ამდენი, ხშირად ზედმეტი სარკაზისთვის და ეკლესიაც იხეირებდა. მერე ნაკლებად მოგვაძახებდნენ, ეს მღვდლები რა ბნელები და უწიგნურები არიანო, მაგრამ ილიასნაირები რომ წინა პლანზე წამოეწიათ, ისინი დაიჩრდილებოდნენ, ვინც საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაგიწერს, მაგრამ ,,თვინიერია”, ,,მორჩილია”, ,,ლოცვა-კურთხევით” ცხოვრობს… ეჰ, სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, სიბრმავემდე დასული თვინიერება ყველაზე დამანგრეველია საზოგადოებისთვის…
დეკანოზი ილია არ დაიკარგება, მაგრამ ეკლესია ასეთი მოძველებული პოლიკით წინ ვერ წავა…
გვახსოვდეს, დრომოჭმული მიდგომები კი არა, რომი და ბიზანტიის იმპერია დაინგრა… რაც ყალბია და სიცრუეზეა დაფუძნებული, დღეს თუ ხვალ მაინც ჩამოიშლება…
თუ ოდნავ აზროვნებ, შეუძლებელია დღევანდელი მდგომარეობა მოგწონდეს და თუ ვერ აზროვნებ, მაშინ არც ქრისტიანობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რადგან ქრისტე აბსოლუტური გონი, აბსოლუტური აზროვნებაა…
თუ არ დავფიქრდით, დანაკარგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვენ გვგონია…
ერთი ილიას უკან ათასი მოაზროვნე ადამიანი დგას, მათ უკან კიდევ ორიათასი და ეს ხალხი თუ ტაძარს დაპირისპირდა, გვახსოვდეს, ქრისტეს არა, ტენდენციურ მიდგომებს უპირისპირდებიან და ვინც იდიოტური ლოგიკით დაიწყებს მსჯელობას, თურმე მოციქულებს წიგნი არ ჰქონდათ წაკითხული, მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ამით რა დააკლდათო… წავიდნენ და თვითონაც ითევზაონ, უტვინო მსჯელობას თავი დაანებონ…
შეიძლება დღეს არა, მაგრამ ძალიან მალე დადგება დრო, ქართული ეკლესიის სახე დეკანოზ ილიასნაირი სასულიერო პირები იქნებიან…
რადგან ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლებული, ნაკითხი, წიგნიერი, პროგრესულად მოაზროვნე სამღვდელოება…
ცნობისთვის, დეკანოზი ილია საუკეთესო ისტორიკოსია, ის დაწერს ისტორიას და თაობები აუცილებლად წაიკითხავენ…
ყველაზე ობიექტურ განაჩენს მაინც დრო გამოიტანს!. – წერს მამა პეტრე კოლხი.
ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ მღვდელმოქმედება უკრძალა საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს.