ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Sex And the Sity ეკრანს ახალი სეზონით უბრუნდება და ამ მომენტს, მისი უამრავი გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდება. განსაკუთრებით სასიხარულო ჩვენთვის ის არის, რომ ახალი სეზონის გადაღებებში მონაწილეობა ქართველმა მსახიობმა იუნა შაფათავამაც მიიღო.
იუნა შაფათავა: ჩემთვის ეს არ არის აჟიოტაჟის მიზეზი. ეს არ არის მთავარი როლი და არც სალაპარაკო. მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სამანტას როლს, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს. დროს და გამოცდილებას მოაქვს ყველაფერი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ვერც ჯენიფერ ლოპესს ვეტყოდი, ჩაიწიე, მე ჩამოვედი-მეთქი და ვერც სარა ჯესიკა პარკერს. უნდა მოითმინო და საჭირო დროს შენი თავი აჩვენო.
– და როგორ აღმოჩნდი And just Like that-ის გადაღებებზე, ანუ სერიალის – „სექსი დიდ ქალაქში“, ახალ სეზონში?
– ეს ის პროექტი არ არის, სადაც ქუჩიდან მოხვდები, მაგრამ ვქექე, ვქექე და გამოვიდა. ვიპოვე სააგენტო, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტის ქასთინგით არის დაკავებული და ვაგზავნე და ვაგზავნე ჩემი მონაცემები. ეს არ არის გასაოცარი სცენა, ბეგრაუნდია, უბრალოდ გამოვჩნდები, ტექსტის გარეშე, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზია, მაგრამ გამიხარდა, რომ გოგონებმა აიტაცეს, ეს ჩემთვის დიდი მხარდაჭერაა. ჩემს თანამშრომელს, რომელიც ამ სფეროშია, ვეუბნებოდი, რა სალაპარაკოა, ისიც არ ვიცი, რამდენი წამით გამოვჩნდები და მრცხვენია-მეთქი. შენ ხომ არ გაგიჟდიო, მიპასუხა.
მე ამერიკაში ფსკერიდან დავიწყე ცხოვრება. ისეთი სამსახურები მქონდა, ვტიროდი, ისე არ მინდოდა იმ საქმის კეთება, მაგრამ საკუთარ თავს ყველა გზა მოვუჭერი. აქ მხოლოდ ერთი ბილეთით წამოვედი და ჩვეულებრივი ცხოვრება ერთი დღეც არ მქონია.
– და ამ ფონზე, როგორი იყო საოცნებო სამყაროში მოხვედრა?
– როდესაც მეორეხარისხოვან როლზე მიდიხარ, გრიმს გიკეთებენ, განსაკუთრებულ ყურადღებას გაქცევენ, გიღებენ და გეუბნებიან, რომ ეს სცენა არ ამოიჭრება, ბევრს ნიშნავს, როცა საქმე ასეთ პროექტს ეხება. ჩემ გვერდით ყველა ძალიან ამბიციური მსახიობი იჯდა, ყველას უნდოდა გამოჩენა. „და ასე მოხდა“ – ეს სუფთა ნიუ-იორკული პროექტია, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცხოვრების გემო იციან და მასში მოხვედრაზე ყველა ნიუ-იორკელი ოცნებობს. ახლახან ვიყავი წიგნის – „სექსი დიდ ქალაქში“ – ავტორის, ქენდეს ბუშნელის საღამოზე. ძალიან ამბიციური ქალია, ჩემზე 18 წლით უფროსი. მან გააკეთა პიესა – ერთი ქალის შოუ, სადაც ყვება, როგორ ჩამოვიდა ნიუ-იორკში ოცი დოლარით, როგორ გახდა მწერალი და როგორ დაწერა ეს ნაწარმოები. ჩემთვის ძალიან ახლობელ თემებზე საუბრობდა, რადგან მეც ვწერდი, მაგრამ ჩვენთან სხვანაირადაა – მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, აქ აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. მენტალობაში ძალიან დიდი სხვაობაა. მის შოუზე მიდიხარ და გეუბნება, თუ შეიძლება „კოსმო“ მიირთვით. ვზივარ „კოსმოთი“ და ვფიქრობ, ეჰ ბეგრაუნდი. კიდევ უფრო მომინდა ამ სამყაროს წევრობა. უცებ ამბობს, მეც ვითამაშე Sex and the Sity-შიო და ფოტო გვაჩვენა ეკრანზე, სადღაც შორს დგას კადრში, უბრალოდ გამოჩენილა ფილმში და ჩემთვის ვფიქრობ გულში, რა ბედნიერებაა ამ ფილმში გამოჩენა და მე კიდევ თავში ვირტყამ ხელებს, რა სალაპარაკო ეს არის-მეთქი?! ხედავთ მენტალობაში სხვაობას?! გასაგებია, რომ მეტი მინდა,
მაგრამ აქ ასე არ ხდება. ფაქტი ფაქტია, მე ვიყავი HBO-ს გადაღებაზე – უზარმაზარი გადასაღები მოედანი, უზარმაზარი შტატი. მაკიაჟი და თმა სამმა კაცმა გადაამოწმა. იქ თავიდანვე გეუბნებიან, რომ ეს არ არის უბრალო პროექტი, ეს არის ლუქსპროექტი, რომელშიც საკუთარი თავის მაქსიმუმი უნდა წარმოაჩინო.
– ესეც უკვე მთავარი ლიგაა?
– ეს არის ჩემი მთავარი ლიგა, სხვა პროექტებს არც ვთვლი. ბევრ დამოუკიდებელ ფილმში მიმიღია მონაწილეობა, ქართულში, ინგლისურში, ფრანგულში. ბევრ პროექტზე ვმუშაობ, მწერლადაც ამიყვანეს, მე ჩემსას ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი უცბად არ მოდის. როგორც კი საბუთები მომივიდა, მაშინვე ბროდვეის ქასთინგებს მივაშურე. ეს იყო ამერიკაში ჩამოსვლიდან სამი წლის თავზე და ხუთასი გოგოდან რომ ხუთეულში აღმოვჩნდი, შოკი მქონდა. ეს ჩემთვის უფლის ნიშანი იყო. რომ მივედი და ეს ლამაზი, ახალგაზრდა ძალიან დახვეწილი და გაწვრთნილი გოგონები დავინახე, ცოტა შემეშინდა, პორტფოლიოც კი არ მქონდა, მაგრამ შესვენებაზე უცებ ამოვბეჭდე და ჩავეწერე. კასთინგის ხელმძღვანელმა ამდენი გოგოდან ჩემი ფოტო რომ გამოიღო, გეფიცებით, ახლაც მეტირება, არ მჯეროდა, ნუთუ მართლა-მეთქი და გაეცინა, კი, კი, მიდი მოემზადეო. მერე ჟიურისთან უნდა მემღერა, მაგრამ ადგილზე გავიყინე, ხმა ვერ ამოვიღე. ძალიან გულიანად მომიდგნენ, კინოშიც რომ მენახა, არ დავიჯერებდი. ასეთ მომენტებში ხვდები, რომ სწორ გზაზე დგახარ, ღმერთი ნიშანს გაძლევს. ბროდვეიზე მოხვედრა ძალიან რთულია და მეგობრები რომ მეხუმრებოდნენ, რას აიჩემეო, ვპასუხობდი, ისე მინდა, საკიდის როლსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ-მეთქი. მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი, გავიყინე, ვერ შევძელი სიმღერა. ცდა ბედის მონახევრეაო. ეს გამოცდილება ბევრის მომცემია.
– რთული პერიოდები გამოიარე. წერდი, ცდილობდნენ, ჭუჭყის და ქუჩის მაწანწალა ქალის სიმბოლოდ ვექციეო. ამ ფონზე როგორ შეძელი სხვა ქვეყანაში ყველაფერი ნულიდან დაგეწყო?
– აქ ჩემი პირველი სამსახური კლუბში ცეკვა იყო. ეს რომ გაიგო ბიძაჩემმა, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობდა, სახე გაუშეშდა – იუნა, რას აკეთებო?! სხვა გამოსავალი არ მქონდა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვუთხარი. ჩემ გარდა ჩემს ოჯახში ყველა შოკში იყო. მე აქ ბარბარობას ჩამოვედი და მეორე დღეს მეგობარმა ამ კლუბში რომ მიმიყვანა, ეს სად მოვხვდი-მეთქი. თბილისში ადრე უკრაინელი გოგონები ჩამომყავდა და კლუბში მოცეკვავეებად ვასაქმებდი. არ მესმოდა რამდენად რთული იყო ეს საქმე. მე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი, უსაბუთოდ ლათინოამერიკელ გოგონებთან, რომელთაგანაც ზოგს საერთოდ არ ჰქონდა განათლება და სულ სხვა მიზნები ამოძრავებდათ, მტაცებლები იყვნენ. იქ ან შენ უნდა შეჭამო ან ისინი შეგჭამენ. ფილმები ზღაპარია ჩემს გამოცდილებასთან. ფსკერზე აღმოვჩნდი და ვფიქრობდი, როგორ გამომეცურა იქიდან. გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა, სხვა გზა არ მქონდა. ყოველდღე ვტიროდი. ერთი მეგობარი მყავდა – ჯო, მითხრა, შენ აქ რა გინდა, განათლებული ქალი ხარო. ვკითხე: მითხარი, თუ გახსოვს ამ ჭაობიდან ვინმემ თავი დააღწია-მეთქი და არა, ყველა უკან ბრუნდებაო. იქაურობა ნარკოტიკივითაა, თუმცა, დავაღწიე თავი. ჩემი ცხოვრება აქ გადარჩენაზეა. ვერ გეტყვი, რომ ახლა კარგ ფულს ვაკეთებ. არ მინდა, ის საქმე ვაკეთო, რომელიც არ მაბედნიერებს. იმ სამსახურს დავაღწიე თავი, მენეჯერს ვეჩხუბე – გამახსენდა, ვინ ვარ მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან მჭირდება. რა რთულიც არ უნდა ყოფილიყო, მე ის ფული მაცხოვრებდა, ეს იყო ჩემი გადარჩენის გზა. ძალიან შეურაცხმყოფელია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახეში მაგინებდნენ. არ ვამბობ, რომ ახლა მწვერვალზე ვდგავარ და წარსულს ვიხსენებ, ახლაც ძალიან რთული მომენტი მაქვს, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, სახეში მაფურთხებდნენ. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნათელ წერტილებად დამამახსოვრდა.
სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ გადახედავ, ჩემ მიმართ ისეთი ნეგატივია, ძალიან რთულია ამასთან გამკლავება. ერთხელ ჩემს მეგობარსაც ჰკითხეს: ღმერთო ჩემო, იუნა ისევ ცეკვავს?! კოვიდის დროს მე ბებიებთანაც ვმუშაობდი. მერე აღარ გამომივიდა. სხვა მანერები მაქვს და ეუხერხულებოდათ იმის თქმა, რომ მათთვის საჭმელი უნდა გამეცხელებინა. აქ არის გრადაცია. სირცხვილია, განათლებულმა ქალმა ვაკეთო ის, რაც ჩემი საქმე არაა, როცა შემიძლია, ჩემი პოტენციალი სხვა რამეს მოვახმარო.
– წერ, მხოლოდ საკუთარი თავია ჩემი კუმირი და დედა მეჩხუბება ხოლმე, ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზეო, მაგრამ მართლაც, ყველაზე მაგარი ვარო. უამრავი ნეგატივის ფონზე, როგორ მოახერხე საკუთარი თავის პატივისცემა არ დაგეკარგა?
– ამერიკელი ბავშვების აღზრდის მეთოდებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მე ძალიან დაკომპლექსებული ბავშვი ვიყავი. მცირე ასაკში, როგორც ქალი, როგორც ქალიშვილი ძალადობისა და წნეხის ქვეშ ვიყავი, რომელსაც არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი და ამან მოახდინა ჩემი ფორმირება. ასეთი ხასიათი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არავის უნდა მსახიობი ვიყო, მე ჩემსას მაინც ვიზამ. მე თბილისის გარეუბანში ვცხოვრობდი, მახსოვს 8-9 წლის პატარა გოგონა ჭურჭელს ვრეცხავდი, ვმღეროდი და ვფიქრობდი, ახლა რეჟისორი გამოივლის და გაიგებს როგორ ვმღერი-მეთქი. ცოტა ხნის წინ, ზუსტად ამას ვიხსენებდი და ვფიქრობდი, რა გინდა, ხომ იმღერე და გაგიგეს რეჟისორებმა-მეთქი?! მაგრამ ამას ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა, მე მაქსიმალისტი ვარ. საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ვითხოვ. მე აქ შეყვარებული არ მყავს. ამერიკაში რომ ჩამოვედი, თავიდან ამასაც კბილი მოვუსინჯე, ვის აღარ შევხვდი, ძალიან ხშირად მქონდა პაემანი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი დონე არ არის. ძალიან ბევრს უნდა ურთიერთობა, მეორე კვირიდან მეუბნებიან, ცოლად მოგიყვანო. დღესაც ვეჩხუბე ამ სიტყვების მთქმელს, რადგან მე გადაწყვეტილი მაქვს, ან ყველაფერი მივიღო ამ ცხოვრებისგან, ან არაფერი. მეც მაქვს რთული მომენტები, ღამე მეღვიძება ამაზე ფიქრით, ფინანსურადაც ძალიან რთულია აქ გაძლება. ამიტომაც რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ. შეიძლება, ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ჩემს თავს ინგლისურ გამოთქმას ვახსენებ – „მოკეტე და ალოკე“ იმისთვის, რომ ჩემსას მივაღწიო. ასე თუ არ იფიქრებ, არ გამოვა, მით უმეტეს, 45 წლის ასაკში. ახლა პირდაპირ მანჰეტენს ვუყურებ, ეს ხედი ჩემი მოტივატორია. ჩემს დას ვუთხარი, უსასრულობაში ვარსკვლავები ჩემით იწყება და ჩემით მთავრდება. მე ვარ ჩემი თავის ვარსკვლავი-მეთქი და შენ ხომ არ გაგიჟებულხარო. მე რომ ასე არ ვიფიქრო და პირიქით – ვიძახო, ამდენმილიონიან ქალაქში ვინ ვარ მე?! ასე არაფერი გამოვა. არა, მე მინდა, მსოფლიო ჩემ ირგვლივ ტრიალებდეს, მინდა, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შევქმნა. რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, გათხოვდი რა, მილიონერი ქმარი ნახე. ამ ქვეყანაში მე შემიძლია, თვითონ ვაკეთო მილიონები და რატომ ვუყურო ვიღაცას?! ქალს დამოუკიდებლობა მიყვარს და სხვაზე რატომ ვიყო დამოკიდებული?! მხოლოდ იმაში ვიდანაშაულებ თავს, რომ ძალიან ვიღლები. ახლა კიდევ ახალ სამსახურში ამიყვანეს, ასეა საჭირო, ცოტა მეტი შემოსავალი მექნება. შემიძლია, ოფისშიც ვიშოვო სამსახური, მაგრამ ოფისიდან არავინ გამიშვებს ქასთინგზე ყოველ წუთას. ამიტომ ვეუბნები ჩემს თავს, ბოლომდე ალოკე, ბოლომდე დალიე ეს ნაგავი. როცა ასე ცდილობ, შენ აძლევ მიმართულებას საკუთარ ცხოვრებას. როცა ასე აწვები, არ არსებობს, ცხოვრებამ არ გითხრას „ჯანდაბას შენი თავიო“ და სასურველი კარი არ გაგიღოს. მე მარტივად ცხოვრება არ შემიძლია, არ მომწონს და რა ვქნა?! არც ის მომწონს, ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ადამიანთან ხელჩაკიდებული, ამერიკული ღიმილით წავიდე რესტორანში, ჭიქა ღვინო დავლიოთ, ვივახშმოთ, სექსი გვქონდეს და დილით სამსახურში გავიქცეთ. მიცხოვრია ასე, მაგრამ არ მომწონს. ახლა დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და ეს მარტივი არ არის, ზოგი ამბობს დებილი ხარ, როცა შეგიძლია, ბებოსთან იჯდე და მეტი იშოვო, ან მდიდარი საყვარელი ნახოო, მაგრამ რომ არ მინდა?! მე მინდა, ჩემი კინოროლი, ჩემი „ოსკარი“, მინდა, დედას ხელი მოვკიდო, წითელ ხალიჩაზე გავატარო და ვუთხრა, ხომ არ გინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ მე ეს შევძელი. მინდა, რომ დედა და მამა მყავდეს ჯანმრთელად.
მათთვის როგორია, ჩემთან დაკავშირებით ამდენი შეურაცხყოფის მოთმენა?! მე თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ვყვები, როგორაა. როგორ ავუხსნა ადამიანს, რომელსაც თავის ქმრის ან სამსახურის გარდა, სადაც ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებს, არაფერი უნახავს, რომ ორმოც წელს გადაცილებულ ქალს, რომელსაც შვილი და ქმარი არ ჰყავს, მაგრამ პრეტენზიები აქვს და „ოსკარი“ უნდა?! „ხომ არ გაუბერია, ნახე რას ჰგავს, ბებერია, მახინჯია“ – ჩემ შესახებ ასეთი შეფასებები ძალიან საყვარელი ადამიანისგან გამიგია თბილისში და ამან კი არ დამაკნინა, მოტივაცია მომცა. ქალს, რომელსაც ძროხის გარდა არაფერი უნახავს, ჩემზე ახალგაზრდაა და კითხულობს ჩემს ინტერვიუს, ასე ესმის. ხშირად წერენ, ცხვარი გაქვს ფეხზე მობმულიო, მე ხომ იმ მიზნისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომელიც მინდა და ეს არის მთავარი. თუმცა, თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს და არც ვაპირებ. მეგობრები, ვისაც შვილები და ქმრები ჰყავთ, ხშირად მეუბნებიან, ნეტა იცოდე, რა ბედნიერი ხარო. მე არ მყავს ქმარი და შვილები, მაგრამ არასდროს იცი, ვინ უფრო ბედნიერია. თუმცა, ძალიან მინდა, რომ შვილი მყავდეს, არ შემხვდა შესაბამისი ადამიანი. მერე რა, რომ 45 წლის ვარ და ექიმებმა არაერთხელ მითხრეს, რომ ამ ასაკში რთულია და შესაძლოა, არასდროს გამიჩნდეს. ბოლო პერიოდში ისეთი ადამიანებიც შემხვდნენ, ვისთანაც შეიძლებოდა შვილი გამეჩინა, მაგრამ არ ვორსულდები და რა ვქნა?! ზოგჯერ ისეთ კომენტარებს მიწერენ, კი არ მეცინება, მეტირება. მეც მინდა ბავშვი მყავდეს, მაგრამ რომ არ გამომდის რა ვქნა?! შეიძლება, მეყოლოს კიდეც, ძალიან მინდა და მჯერა, რომ ამას დიდი ძალა აქვს. ისე არ არის, როგორც ბევრს ჰგონია – „არ გააჩინა იმისთვის, რომ ეგულავა“. არ მინდა, მაგრამ ჯანდაბას, ქმარიც მეყოლებოდა (იცინის). თუმცა, არ შემხვდა ადამიანი, რომელთანაც ასპროცენტიანი თანხვედრა მექნებოდა. „ოღონდ ქმარი მყავდეს“ – ამ პრინციპით არ ვხელმძღვანელობ. ან ყველაფერი მინდა, ან არაფერი. მოკლედ, ასეთი თუ ისეთი, მაგრამ ყველას თავის სამყარო აქვს და ჩემს სამყაროში ყველა ვარსკვლავი ჩემ ირგვლივ ტრიალებს.