„უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა” –Covid-19-ით გარდაცვლილი 14 -ე პაციენტის შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი იყო, სიცხიანი დადიოდა 1 კვირა სამსახურში და როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმედ იყო.
“ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულის ამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს… ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!! ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა!!! უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ირგანიზმა მიიღო უჟანგბადობის შოკი! რატიანი რასაც ამბობს ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე! და კი ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და ესეთი სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ადამიანებიც ეწირებიან მას!! ნუ იქნებით დაუნახავები და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს! გამოიჩინეთ სიფრთხილე. მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან”- წერს გარდაცვლილის შვილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი ეროვნულ ბანკში მუშაობდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
„პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.