მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო არა მხოლოდ შესანიშნავი სიმღერით და გამოკვეთილად მამაკაცური მომხიბვლელობით, არამედ საჭირბოროტო საკითხებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებით. მისი გამონათქვამები ხშირად ხისტია და ზოგჯერ უცენზუროც, მაგრამ გულწრფელი. პანდემიამ ბევრი რამ სხვანაირად დაანახა, ბევრი ცუდი ზედაპირზე ამოატივტივა და ამის შესახებაც ხშირად საუბრობს. ამჯერად თავის დაგროვილ სათქმელს ,,სარკის” მკითხველებს უზიარებს:
– კოვიდის გავრცელების შემდეგ ყველაზე მოწყვლადი ჩვენი სფერო აღმოჩნდა. ფაქტობრივად პროფესიები გაქრა და არც კი ვიცი, როდის აღდგება. ფინანსური შემოსავლის დაკარგვამ უკიდურესად მძიმე დღეში ჩაგვაგდო.
არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება, ხელოვანები ასე უპატრონოდ მიგდებულები არსად არიან.მეც და უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი უმძიმეს სიტუაციაში ვართ. ვიცი უნიჭიერესი მომღერლები, რომლებსაც 50 ლარი სანატრელი აქვთ.
საქართველოში მაშინ უყვართ მომღერალი, როცა მხოლოდ მღერის, მაგრამ, როცა ის ხდება საზოგადოების ნაწილი და თავის აზრს აფიქსირებს, რაიმე პრობლემაზე საუბრობს,ლანძღავენ..
ადამიანებს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა აღარ გაგვაჩნია. მივატოვეთ ადამიანობა და, როგორც არსებას, ისე შეგვრჩა ეს წოდება.
სოციალური ქსელში პოლიგონია ლანძღვის. მოიგონეს გამართლება, რომ ამას ტროლები და ბოტები აკეთებენ. არა, ბატონო, ამის უკან ავტომატი კი არ დგას, რეალური ადამიანია.
უბედურება ის არის, რომ მოძალადე და აგრესიულ ადამიანებს უდევთ ოჯახის, ბავშვების სურათები. ესე იგი, მათ ჰყავთ შვილები. არ ვიცი, ასეთებმა შვილებს რა უნდა ასწავლონ.
– როგორ არის დედა, რომლის ავადმყოფობასაც ძალიან განიცდიდით?
– უკეთესადაა. ოპერაციები კარგად გადაიტანა და იმედი მაქვს, დიდხანს მეყოლება გვერდით.