ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენ ეს ჯოჯოხეთი 14 წლის წინ გავიარეთ, მაგრამ იმ ტკივილის გარეშე ერთი წუთიც არ გვიცხოვრია. ახლა ისევე მტკივა უკრაინა, როგორც ჩვენი საქართველო მტკიოდა მაშინ და მტკივა ახლაც, რადგან მტერს ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს.
არავის აქვს უფლება გამოგონილი მიზეზებით დაიწყოს ომი დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ, გაანადგუროს ადამიანთა სიცოცხლე, მოკლას ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც დაამტკიცოს.
არცერთი მიზეზი არ ამართლებს თავდასხმას, სროლას და დაბომბვას, დაუსრულებელ აფეთქებებს, განგაშს… ომს…
ამ უბედურებას კონკრეტული სახელი აქვს – პუტინის ბოროტი რეჟიმი, რომელიც არაფრით ჩერდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
ახლა ესპანეთში ვარ და პრემიერისთვის ვემზადები, თუმცა ჩემი ფიქრები იქ არის, ალში გახვეული უკრაინის ქალაქებში, მართლა გული მეგლიჯება ყველა ინფორმაციაზე, ყველა დაბომბვაზე, ყველა მსხვერპლზე და ვერ ვისვენებ, ვერ ვხვდები სიკეთეს და სიყვარულს რატომ ამჯობინებენ სისასტიკესა და ბოროტებას… ვიცი, უკრაინა გაუძლებს, გაიმარჯვებს და უფრო ძლიერი გახდება! გაუძელი ჩემო უკრაინა, გაუძელი, სიმართლე შენია, შენ მხარესაა და შენი დამარცხება შეუძლებელია!“