პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს შენობას წითელი საღებავი შეასხეს. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, წითელი საღებავი არის კორონავირუსით გარდაცვლილთა სისხლის სიმბოლო.
დემონსტრაციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
„წლების განმავლობაში მედიკოსები გვაფრთხილებდნენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი, კერძოდ პერსონალი, საწოლები, აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემდა ღირსეულად ეზრუნათ პაციენტებზე“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
როგორც „როიტერი“ წერს, პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სამედიცინო სექტორში დასაქმებულთათვის ბონუსის სახით 1500 ევროს გადახდის თაობაზე.
რამდენიმე დღის წინ პარიზში ჯანდაცვის მედიკოსების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპრებაში გადაიზარდა.