თამარ ბექაური „მასტერშეფის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ეს არის შედეგი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, თუმცა საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა და დაამტკიცა, რომ მას ბევრი რამ შეუძლია.
თამარ ბექაური: ამ გამარჯვების გამო ერთდროულად უამრავი ემოცია მაქვს. პროექტში მოსვლით საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე, გამარჯვებით – მით უმეტეს. საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული და ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემმატა. ვამაყობ საკუთარი თავით. აღმოვაჩინე, რომ ძლიერი ადამიანი ვარ მტკიცე ხასიათით. გახდე მეშვიდე სეზონის „მასტერშეფის“ გამარჯვებული, ძალიან ბევრს ნიშნავს.
– როგორც კულინარს, საკუთარ თავში გეპარებოდა ეჭვი თუ ბრძოლისუნარიანობაში არ იყავი დარწმუნებული?
– ორივეში. როგორც კულინარი, ვფიქრობდი, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი და სასწავლი მაქვს. არც საკუთარ ბრძოლისუნარიანობაში ვიყავი დარწმუნებული, რადგან ეს არის შოუ, რომელსაც ამდენი ათასი ადამიანი უყურებს და ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შემიშლიდა საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაში. კამერები, შეზღუდული დრო, კრიტიკა, ყურადღების ცენტრში ყოფნა – ეს ძალიან რთულია და რადგან გავუმკლავდი, მივხვდი, რომ მებრძოლი ვყოფილვარ. მე ყველაფერი გავაკეთე „მასტერშეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად, სტრესულ სიტუაციებშიც ყველაფერს გავართვი თავი და მივხვდი, რომ ძლიერი ვარ და არასტანდარტულად ვაზროვნებ. იმასაც მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და საკუთარ თავს შესაძლებლობების მაქსიმუმი არასდროს უნდა დაუწესო.
– გულშემატკივარი ყველას გყავდათ. შენი გამარჯვების შემდეგ ბევრს მიაჩნდა, რომ ამ ტიტულს მარიამი იმსახურებდა. როგორ ფიქრობ, რამდენად ღირსეულად მოიპოვე გამარჯვება?
– ჩემი აზრით, გამარჯვებას სამივე ფინალისტი ვიმსახურებდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე გავიმარჯვე. ხალხი ვერ ხედავს ყველაფერს, რაც იქ ხდება. საათ-ნახევარში ორი დღის მასალას აჩვენებენ და ეს ბუნებრივია. შეფები სულ მაკრიტიკებდნენ. მეუბნებოდნენ, შენ სულ ცდილობ, წინ გაიქცეო, ტექნიკურ მხარეს მიწუნებდნენ – ბევრს იყენებ. ჩვენ გვინდა, უბრალოდ, გაიარო ყველა ეტაპი. გული და ემოცია ჩადო მათში. დაგვანახვო, რომ სახლური კერძების მომზადებაც შეგიძლიაო. ამან გამოიწვია ჩემი ცვლილება. ვცადე, მაქსიმალურად შემემცირებინა ტექნიკური მხარე და ისეთ კერძებზე მემუშავა, რაც ყველას ეგემრიელება და თან, ლამაზიც უნდა ყოფილიყო.
– ანუ, უფრო კონკურსანტი ყოფილიყავი და არა პროფესიონალი?
– კი, სწორედ ეს მოითხოვეს ჩემგან ჟიურის წევრებმა. ამიტომ პროფესიონალიზმი და ტექნიკური მხარე გვერდზე გადავდე და ყველა ეტაპი სხვებთან ერთად გავიარე. ნაჭყებიას სიტყვებია: შენ გარბიხარ, ჩვენ გვინდა, ყველაფერი სხვებთან ერთად გაიაროო და ამის დამსახურება იყო ჩემი ცვლილება. თუმცა, ჟიურის მხრიდან გარკვეულ შენიშვნებს არ ვეთანხმები, მაგალითად, პონჩიკის კრემის აჭრასთან დაკავშირებით. საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და ვიცი, რომ აჭრილი არ ყოფილა.
– მაყურებლის კრიტიკა შენმა თავდაჯერებულობამაც გამოიწვია. ბევრი წერდა, თითქოს, თამარს ყველაფერი თავიდანვე გარანტირებული ჰქონდაო და უსამართლობად აღიქვეს.
– ჩვენ ძალიან მეგობრულები ვიყავით – ვეხმარებოდით, რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს. მაგრამ არსებობს კიდევ შოუს ნაწილი – ყველა პერსონაჟს თავისი სახე უნდა ჰქონდეს. მე ასეთი სახე შემრჩა. თუმცა, ჩემი თავდაჯერებულობა იმან გამოიწვია, რომ აქ ძალიან არათავდაჯერებული მოვედი. საკუთარ თავს ასეთი იმიჯი შევუქმენი, რომ ეს სხვებისთვის არ მეჩვენებინა. რადგან აქ მოვედი, ვერ დავიწყებდი, მე ეს არ შემიძლია, მე ამას ვერ გავაკეთებ და ასე შემდეგ. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა და თუ სხვებმა შენში თავდაჯერებულობა ვერ დაინახეს, უბრალოდ, დაიკარგები. შეფებიც შეამჩნევენ ამას და კრიტიკაც მეტი იქნება. ამიტომ, მინდოდა, ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ მჯეროდა საკუთარი თავის და რომ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებ ამას, მით უფრო თავდაჯერებული გახდები და ასეც მოხდა. იმის მიუხედავად, რომ ამას დიდი კრიტიკა მოჰყვა, ჩემთვის ხელი არ შეუშლია. იმისთვის, რომ ის უფრო საინტერესო გამხდარიყო, ერთმანეთს კომენტარებს ვუკეთებთ გაზვიადებულად. ვიცოდი, რომ ეს შოუს ნაწილი იყო, რადგან ხალხს არ აინტერესებს წყნარი და მშვიდი მზადების პროცესის ყურება.
– ვიღაც ბედნიერია შენი გამარჯვებით, ვიღაც ძალიან აპროტესტებს, რადგან უკმაყოფილია…
– კი, ბევრი ცუდი კომენტარი იწერება, მაგრამ ბევრი კარგიცაა. ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მე არცერთი კერძი არ ჩამვარდნია, ერთადერთი მონაწილე ვარ, რომელიც ერთხელ არ მდგარა აუტსაიდერებში და ყველა საიმუნიტეტოზე წინ ვიდექი, რასაც სხვა ვერცერთ კონკურსანტზე ვერ ვიტყოდი. წინა სეზონებსაც რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ყველგან იყო ერთი კონკურსანტი მაინც, უფრო მეტად თავდაჯერებული, რაც ხალხში ნეგატივს იწვევდა. პროექტში ცუდ კომენტარებს ყველა აკეთებდა, ყველას უნდოდა იმუნიტეტი, ყველას უნდოდა გამარჯვება, მაგრამ რატომღაც ჩემგან აღიქმებოდა ნეგატიურად. ასე არ იყო, აქ ყველა პირველობისთვის მოვედით. ვერ ვხვდები, ამბიციები ცუდი რატომ არის?!
– არაჩვეულებრივი პრიზები მიიღე, მომიყევი მათ შესახებაც.
– ნამდვილად (იცინის). ერთ-ერთი მთავარი პრიზია ბინა ბათუმში და მშვენიერია 25 წლის ასაკში საკუთარი ბინა. ასევე ყველის მასტერკლასზე საგზური იტალიაში ორ პერსონაზე, ტექნიკის სრული კომპლექტი, რის შესაძენადად აქამდე თანხა არ მყოფნიდა, არადა ეს მზარეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ავეჯის ათიათასლარიანი ვაუჩერი, რითაც ჩემს ბინას მოვაწყობ (იცინის). ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის ათიათასლარიანი ვაუჩერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და რაც მთავარია – მყარი და მტკიცე ხასიათი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე ამ შოუში მივიღე. ხალხის კრიტიკის შესახებაც ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რა გზა გამოვიარე და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული გამარჯვებული ვარ.
– როგორ გახდი კულინარი?
– კულინარია ყოველთვის მაინტერესებდა. ბავშვობაში მშობლები ბევრს მუშაობდნენ და მე და ჩემი და-ძმა თვითონ ვიმზადებდით კერძებს. დღეს სამივეს კარგად გამოგვდის ეს საქმე, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ მე გავყევი – კულინარიულმა შოუებმა მომანდომა შემესწავლა.
– ბოლო წლებში, მზარეულობისადმი დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა, მაგრამ მშობლების თაობა, ალბათ, მაინც სხვა პროფესიებს ანიჭებს უპირატესობას. იყო მათგან წინააღმდეგობა?
– თავისთავად და აქედან გამომდინარე, მაშინვე კულინარიის აკადემიაში არ ჩამიბარებია. მშობლებმა მითხრეს, ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრე და მერე რაც გინდა, ის ჰქენი, ეგ შენი არჩევანი იქნებაო. უნივერსიტეტში ფარმაციაზე ჩავაბარე და თითქმის სამი წელი ვსწავლობდი. მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, უბედური ვიყავი, თავს ვაიძულებდი, მესწავლა. მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა და მსიამოვნებდა. ჩემი და-ძმა ძალიან მიჭერდა მხარს, მათ მომცეს გამბედაობა, რომ მშობლების წინააღმდეგ წავსულიყავი და კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. ჩემები ამას ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ და ცოტა რთული გზა გავიარე, არასასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ ცოტა ხანში, რომ დაინახეს, რამხელა ლტოლვა მქონდა ამ საქმისადმი და რამდენს ვშრომობდი, მათგან დაფასება ვიგრძენი, გვერდით დამიდგნენ და დღეს ძალიან ამაყობენ.
– თავდაჯერებულობა, პრიზები და გამარჯვებულის სტატუსი მიიღე. ახლა რა გეგმები გაქვს?
– ამ შოუმ სახელი მომცა. ცუდი თუ კარგი, ორივე სახელია. ცუდი პიარიც პიარია და კარგი პიარიცო, ხომ ამბობენ (იცინის). სამომავლოდ, ჩემი ბიზნესის გაკეთებას თუ დავაპირებ, ეს ძალიან გამომადგება – ყველას, მათ შორის, ვინც ცუდ კომენტარებს წერდა, ალბათ, ენდომება, რომ გასინჯოს, რას ამზადებს თამარი, რისი დამსახურებით გაიმარჯვა (იცინის). თუმცა, ჯერ მინდა, ცოდნა გავიღრმავო, განსაკუთრებით – საკონდიტრო მიმართულებით. ძალიან კრიტიკული ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის, შემდეგ კი სხვების მიმართ და ვიტყვი, რომ საქართველოში ბევრი კარგი რესტორანი გვაქვს, მაგრამ კომფორტული, სასიამოვნო გარემო და კერძები ერთად იშვიათია. თავიდან კარგად იწყებენ, მაგრამ მერე რაღაც იცვლება. ამიტომ, მინდა, ისეთი ადგილი გავაკეთო, სადაც ყოველთვის მაღალ დონეს შევინარჩუნებ. ამის მალე გაკეთება ჩემგან დაუფიქრებელი ნაბიჯი იქნება. კიდევ ათასჯერ უნდა დავფიქრდე, ის ნაბიჯი გადავდგა, რაც ჯერჯერობით ამართლებს და ამიტომ, სანამ ამ გეგმას განვახორციელებ, კიდევ უნდა გავიარო გარკვეული ეტაპები.
– ამდენი კითხვის ნიშნის ფონზე, როგორ გადაწყვიტე „მასტერშეფში“ მონაწილეობა?
– ხუთვარსკვლავიან სასტუმროში საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა. განსხვავებული არაფერი ხდებოდა, ჩემი ყოველდღიურობა სამსახური-სახლი იყო და მივხვდი, რომ სამსახურში ძველებური სიხარულით აღარ დავდიოდი. სხვებსაც სულ ვეუბნები, როცა ამ მომენტს იგრძნობ, მერე იმავე ადგილას მუშაობის გაგრძელება დეპრესიას იწვევს და პირველ რიგში, გარემოს შეცვლაზე უნდა იზრუნო-მეთქი და ჩემს თავსაც ეს შევახსენე. რაც არ მახასიათებს, ის გავაკეთე, დაუფიქრებლად წამოვედი სამსახურიდან. მერე სხვა რესტორანში შემომთავაზეს მუშაობა. ახალმა გარემომ, ახლობლების რჩევებმა და ახალი ემოციების შეგრძნების სურვილმა, გამოიწვია „მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აქამდე, როდესაც „მასტერშეფს“ ვუყურებდი, მაქსიმალურად ვიყავი ჩართული პროცესში, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მე მასში მონაწილეობას ვერასდროს შევძლებდი, ამისთვის გამბედაობა არ მეყოფოდა. თუმცა, წარმომედგინა რამდენად მაგარ შეგრძნებებს მომიტანდა ის. ახლა კი დადგა დრო, როცა ჩემი თავის წინააღმდეგ წავედი. საკუთარი თავი გამოვიწვიე – გადავწყვიტე, ბევრი აღარ მეფიქრა, უბრალოდ, ნაბიჯი გადამედგა და პროცესს მივყოლოდი.