ვის გამო უნდა წარსულში დაბრუნება სოფო ბედიას და როგორ გახდა ის 25 ბავშვის დედობილი

ზაფხული მომღერალ სოფო ბედიასთვის ბედნიერებასთან და ყველაფერ კარგთან ასოცირდება. თუმცა, დასვენებას ნაკლებად ახერხებს და ურჩევნია, ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურაად გაატაროს წელიწადის საყვარელი დრო. წელს საკმაოდ დატვირთული ცხელი სეზონი აქვს, თუმცა, აგვისტოს ბოლოს ქმართან ერთად პირველად აპირებს ევროპაში რომანტიკული საღამოების მოწყობასა და დასვენებას. ხოლო, რის გამო ნატრობს ხშირად ის ბავშვობაში დაბრუნებას, რატომ უწევს ზაფხულობით დიეტაზე ყოფნა და რის გამო გახდა 25 ბავშვის დედობილი ერთი კვირით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

სოფო ბედია: ეს წელი შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. სამი სიმღერა ჩავწერე, მეოთხის ჩაწერა ახლახან დავასრულე, გადავიღე კლიპი „ბედიო-სტუდიოს“ პატარა, საყვარელ და ნიჭიერ მონაწილესთან, ლილე მიქელაძესთან ერთად. სიმღერა ეკუთვნის ჩემს კაკი ბოლქვაძეს, ტექსტიც მისია, არანჟირება – ცირა ბზიშვილის. ჩაიწერა მასთან სტუდიაში, ხოლო კლიპი ბესო კვარაცხელიამ გადაიღო. კლიპი უკვე გამოვიდა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ძალიან მოეწონა საზოგადოებას. მიხარია, რომ ჩემი სტუდია ასე აქტიურად და კარგად მუშაობს. ახლაც ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად მივდივარ ზღვაზე – ქობულეთსა და ბათუმში. გვაქვს კონცერტები და იმავდროულად, იგეგმება საზაფხულო, ლამაზი და ენერგიული კლიპის გადაღებაც. ეს სიმღერაც კაკის ეკუთვნის. ამ კლიპში ჩემი სტუდიის ყველა ბავშვთან ერთად, მეც ვიმღერებ. ვხუმრობ: ყველანაირი ხელმძღვანელი ხომ ვიყავი და ახლა ბანაკის ხელმძღვანელიც გავხდი-მეთქი (იცინის). ერთი კვირით მივდივართ. დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე და გამოდის, ამ ხნის განმავლობაში 25 ბავშვის დედობილი გავხდები (იცინის). მეც და კაკიც ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს გავუზიაროთ. ზუსტად ვიცი მომავალში მათგან კარგი მომღერლები დადგებიან და ამისთვის სულს და გულს არ ვიშურებთ.

– თქვი, ეს წელი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო და გრძელდებაო – სტუდია, ოჯახი, ბავშვები, სიმღერის ჩაწერები და კლიპის გადაღებები გასაგებია, მაგრამ ზაფხული ხომ დასვენების სეზონია?

– ზაფხულს ველოდები სექტემბრიდან – როგორც კი ეს სეზონი სრულდება. ძალიან მიყვარს. ზაფხული ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან, ხალისთან, ტაშ-ფანდურთან, შემოქმედებით წვასთან და ყველაფერ კარგთან. ყველაზე საყვარელი სეზონია წელიწადის დროებს შორის. თუმცა, დასვენება ჩემთვის მხოლოდ წიგნის კითხვა და ჰამაკში წოლა არ არის. უფრო მეტად ვისვენებ, როცა მეტ ენერგიას ვხარჯავ. საზაფხულო ტურნეები, ოჯახთან ერთად ყოფნა და შემოქმედებითი მუშაობა – ეს ჩემი დასვენების განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, ახალ კლიპს ვიღებ, კაკი ბოლქვაძის სიმღერაზე – „დამაგვიანდა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადაღებები სულ მალე დასრულდება. კლიპი შავ-თეთრი კადრებითაა, რეტრო სტილში და ძალიან კარგი გამოდის. მიხარია, რომ არ ვჩერდები და სულ ახალ-ახალს ვაკეთებ. ზოგადად, რომ ჩაწერ ერთ სიმღერას, არ უნდა გაჩერდე, უნდა მიაყოლო შემდეგი, სულ მუშაობის პროცესში უნდა იყო. ასე რომ, მიყვარს მზე, ზღვა, თბილი გარემო და ჩემთვის დასვენება აქტიურ მუშაობასთან ასოცირდება.

– ზღვაზე გირჩევნია ზაფხულის ცხელი დღეების გატარება თუ მთაში?

– ორივე მიყვარს – მთაც და ზღვაც. თან, ბავშვებისთვის კარგია და ვცდილობ, რაღაც პერიოდი ზღვაზე დავისვენოთ ერთად და რაღაც პერიოდი – მთაში. წელსაც, ზღვის მერე, ჩემს საყვარელ სამეგრელოში, მარტვილში მივდივართ. ხოლო აგვისტოს ბოლოს კი, მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო და ევროპაში ვაპირებთ მოგზაურობას. სხვათა შორის, სიურპრიზად ჰქონდა და მაინც გავიგე (იცინის). პანდემიის დროს ძალიან ჩავიკეტეთ, ვერსად გავედით და ახლა ათი დღით გვინდა ევროპაში ერთად დავისვენოთ. სხვათა შორის, მიშასთან ერთად მარტო არ ვყოფილვარ და ახლა რომანტიკული დასვენება გამოგვივა.

– გახსენდება ზაფხული, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?

– როგორ არა. ბევრი ზაფხულია ასეთი. თუნდაც ის პერიოდი, როცა მამა ცოცხალი იყო და ზაფხულის არდადეგებს კარგად ვატარებდით მის გვერდით. ცხოვრებაში ყველა წუთს და წამს ვაფასებ. თუმცა, ხანდახან მინდა, იქ, უკან დავბრუნდე, ბავშვობაში. ძალიან მალე გადის წლები. უნდა მოვასწროთ და რაც შეიძლება, ბევრი სიკეთე ვაკეთოთ, გულში ბევრი სასიამოვნო მოგონება დავიტოვოთ.

– სოფო, უკან დაბრუნება რატომ გინდა?

– თუნდაც იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ცოცხლები არ არიან, ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებდნენ, მაშინ ცოცხლები იყვნენ და ჩემ გვერდით იდგნენ. ხშირად ზუსტად მათ გამო მინატრია ბავშვობაში დაბრუნება.

– ძალიან დაკავებული ხარ და როგორ ახერხებ სულ ფორმაში ყოფნას?

– ჩემში ბევრი საქმიანი სოფო მაქვს ჩართული და ყველაფერს ვახერხებ და ვასწრებ (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დამრჩეს და დრო ისე გადავანაწილო, რომ არც ოჯახს მოვაკლო რამე, არც კარიერას და არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას.

– მაკიაჟის გაკეთება გიყვარს. ზაფხულში რაიმე აკრძალვას ხომ არ უწესებ საკუთარ თავს, ამ მხრივ?

– ზაფხულში გარუჯული სხეული მიყვარს და ამიტომ ვცდილობ, „ლაითი“ მაკიაჟი გავიკეთო. თუმცა, თუ გასვლა მაქვს ან კონცერტი, აუცილებლად ვიკეთებ პროფესიონალურ მაკიაჟს. ადრე, რომ მინდოდა, ერთ დღეში გავმხდარიყავი შოკოლადისფერი, ბევრჯერ დავმწვარვარ. თუმცა, ახლა მოზომილად ვიღებ მზის აბაზანებს. ჯერ არ მაქვს რუჯი, ავტორუჯებით ვიფერები და ზღვაზე რომ წავალ, აუცილებლად შევიფერები გემრიელად და ბუნებრივად. ძალიან მიყვარს რუჯი და ვამბობ ხოლმე, ნეტავ სულ ზაფხული და რუჯის მიღების სეზონი იყოს-მეთქი. სოლარიუმში არ დავდივარ, ბუნებრივი რუჯი მირჩევნია.

– წონის კონტროლს როგორ ახერხებ?

– სხვათა შორის, დიეტაზე დადგომა მომიწია და ახლაც დიეტაზე ვარ. ზამთარში, დაახლოებით, 3-4 კილოს ვიმატებ და ახლა გახდომის პროცესში ვარ.

– რომელ დიეტას იცავ?

– მე ჩემი დიეტა მაქვს. ძირითადად, მოხარშული საკვებით, ბოსტნეულით, ცილითა და ხილით ვიკვებები. ამოვიღე ცომეული, ტკბილი და თუ თავბრუ დამეხვა, ერთი ფილა შავი შოკოლადით ვინებივრებ თავს. ზოგადად, ტკბილზე არ ვგიჟდები და არ ვიღებ შაქარს. თუ კარგ სუფრასთან მოვხვდი, დიეტას ნამდვილად დავარღვევ, თუმცა, მეორე დღეს აუცილებლად გავაგრძელებ. ზაფხულს წონა არ უხდება, ამიტომ ვცდილობ, კვებით ვარეგულირო კილოგრამები.

– ვარჯიში?

– ვარჯიში ჩემი სტიქია არ არის. თუ იწყებ ვარჯიშს, სულ უნდა ივარჯიშო, რომ ტონუსში იყო. მე ამის არც დრო მაქვს, თან, ზარმაციც ვარ და მძინარე მზეთუნახავიც (იცინის). ისედაც, ყოველდღიურად, ვარჯიშის გარეშეც ბევრ ენერგიას ვხარჯავ.