12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 15 ოქტომბერს ცნობილი შოუმენი და იომორისტი მაქსიმ გალკინი საქართველოში ჩამოვა. კონცერტი უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში შედგება და გალკინი, საქართველოსთან ერთად, კიდევ 12 ქვეყანას ეწვევა.
სპორტის სასახლეში დაანონსებული კონცერტი თავიდან ჩვენში ხუმრობა ეგონათ, ვიდრე კონცერტის ანონსი ოფიციალურად არ გამოქვეყნდა.
დღეს, ორი საათიდან ონლაინ ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფასი 50 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 550 ლარია. თავად არტისტმა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ იურმალაშია და თან საქართველოში დაანონსებულ კონცერტზე ლაპარაკობს… შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პუგაჩოვა-გალკინის წყვილმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი დატოვა, რამდენიმე თვე ისრაელში ცხოვრობდნენ. უკვე ერთი თვეა, რაც ოჯახი იურმალაში გადავიდა…
“სხვათა შორის, აქ იურმალაშიც გვაქვს ბოსტანი, ყველაფერს ჩვენსას ვჭამთ… კიტრი, გადასარევი პომიდორი და ყაბაყი მომყავს… რაღაცნაირად მომინდა და ამისგან გემრიელი ქართული კერძი ხომ არ გავაკეთო?!” – ამბობს გალკინი ვიდეომიმართვაში რუსულად, შემდეგ კი უკვე ქართულად აგრძელებს: “15 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება ჩემი კონცერტი, იმედი მაქვს, კარგ დროს გავატარებთ. შეხვედრამდე, ჩემო მეგობრებო…”