მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2019 წელს მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაშორდა. წყვილმა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იქორწინა. როგორც კურტანიძეს, ისე მიქაცაძეს – პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავდათ შვილები.
2015 წელს კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა, როდესაც სპორტსმენები მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას ითხოვდნენ…
“მაშინ ორსულად ვიყავი და ფედერაციის ამბების დროს იმდენად შეშინებული, შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ მუცელი მომეშალა… მაშინ ლუკას უსამართლოდ მოექცნენ. ლუკას მიმართ გაჩენილი აგრესიის მსხვერპლი გავხდი მეც და ჩვენი შვილიც. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა შვილის გაჩენა. ეს ძალიან ძლიერი ტრავმა იყო ჩემთვის…“ – იხსენებდა მოგვიანებით მიქაცაძე.
მათი დაშორება განსაკუთრებულად მტკივნეული ლუკასთვის აღმოჩნდა. ხათუნა ამ თემაზე ღიად არ ლაპარაკობს. კურტანიძემ კი გადაცემა “სიცრუის დეტექტორში“ ტკივილიან სამ წელზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
ლუკა კურტანიძე:
“პირველი ოჯახი დამენგრა და რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი ადამიანს, ჩემს მეუღლეს ხათუნა მიქაცაძეს, რომელმაც ამ წაქცეულ და ბრძოლაგამოვლილ ადამიანს ჩამკიდა ხელი. ის იყო ჩემი სამშობლო უცხოეთში და მასში ვეძებდი ძალას. მისი რჩევები იყო ძალა ჩემთვის მაშინ, როდესაც ადამიანები იმას კადრულობენ, რაც არ უნდა ეკადრათ, მაგრამ არ ვითვალისწინებდი. არ ვითვალიწინებდი მის გაფრთხილებებს და ამით ბევრი რამ წავაგე. ბევრი ტკივილი მივაყენე, პირადადაც დავაშავე მასთან, მაგრამ დღეს ცალკ-ცალკე ვცხოვრობთ. ის ჩემი მეუღლეა, ჯვარი გვაქვს დაწერილი, ღვთის წინაშე ფიცი გვაქვს დადებული და ერის წინაშე ხელი მოწერილი.
ყოველი წამი ვფიქრობ და ვოცნებობ, ჩემი ქმედებებით ეს ბედნიერება ისევ დავიბრუნო. დაშორებიდან მალე სამი წელი შესრულდება. ჩვენი კუთხის მამაკაცები მაქსიმალურად ვიკავებთ ხოლმე თავს ვთქვათ, ის რაც არის, მაგრამ იმდენი ფასეულობა გააჩნია ჩემს მეუღლეს, ქალბატონ ხათუნას, რომ ეს მხოლოდ მეუღლეობით არ შემოიფარგლება.
მან ვერ გაუძლო ამ ტვირთს… შემდეგ იყო პასუხისმგებლობა შვილების მიმართ, რაც მას, როგორც სამაგალითო დედას აქვს. ბევრი შეცდომებიც დავუშვი ამ ხნის განმავლობაში… არაამქვეყნიური სიყვარული მაკავშირებს მასთან, ყოველი წუთი და წამი გაუნელებელია. ყოველი წუთი მახსენებს იმ დღეებს, რომელიც ერთად გამოვიარეთ და ახლა ათასჯერ მეტად ვიცი მისი ფასი, ვიდრე ეს იყო ორი წლისა და შვიდი თვის წინ.
თვეების განმავლობაში იმ საწოლში არ ვიძინებდი, სადაც ერთად ვიწექით, იატაკზე ვიწექი… დღემდე ასე ვარ… მე ამას საჯაროდ იმიტომ ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ იმას, რაც ძვირფასია. როდესაც რამდენიმე წუთით დავშორდებოდით, იმ განცდის მოლოდინით ვცხოვრობდი, როდესაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო და მენახა. როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ ადამიანი, ეს უნდა თქვა, იმიტომ, რომ გაუზიარო ყველას და გამოსავალი იპოვო. მინდა, ყველას მივმართო, გაუფრთხილდით იმ ბედნიერებას, რომელიც გაცოცხლებთ და ძალას გაძლევთ.
ჩემი მეუღლე ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ბოლო სიყვარულია. ის იყო და არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი იმედი და ძალაა. ის არამარტო კარგი მეგობარი და მეუღლეა, ულამაზესი, კარგი ქალია, ის არის დედა, რომელმაც თავის ბედნიერებაზე მაღლა შვილების ბედნიერება და მათზე მზრუნველობა აირჩა. ამით უფრო ვაფასებ მის დამოკიდებულებას.
ვეტყოდი, რომ ის არის მთელი ჩემი სამყარო. ის არის ძალა და ბედნიერება. მე ბედნიერი ვარ, რადგან ღვთისა და ერის წინაშე მისი ჯვარდაწერილი მეუღლე ვარ. ჯვრისწერის საიდუმლოთი ვერავინ დამაშორებს მასთან. ფიზიკურად ერთად ვიქნებით თუ არა, ჩემი ვალდებულებაა ის მიყვარდეს, ისე უსასრულოდ, როგორც ეს სამყარო. მინდა იცოდეს, მთელი ქვეყნის წინაშე, რომ ის ჩემი უსასრულობაა და ის ადამიანია, რომლისთვისაც სიცოცხლეზე ერთი წამით არ დავფიქრდებოდი და მას მივცემდი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლაში მყოფ ადამიანს, შემიძლია იმაზე საუბარი, რომ ყველაზე დიდი ძალაა სიყვარული და ეს ისაა, რაც მე გამაჩნია ამ ქვეყანაზე… მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე ის ადამიანია, რომელსაც მინდა, რომ ჩემი მთელი სიცოცხლე მივუძღვნა”.