მარიკა ბაკურაძის 22-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობა ბევრ შთამბეჭდავ სიუჟეტსა და სათავგადასავლო ისტორიას მოიცავს, რომელიც კადრშიც და კადრს მიღმაც განსაკუთრებით საინტერესოა.
მარიკა ბაკურაძე: იაპონიაში გადაღება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება იყო ჩემს პრაქტიკაში. ყველა ჟურნალისტს აქვს საამაყო რეპორტაჟები და იაპონია ჩემთვის ნომერ პირველია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ფუკუშიმას მიწისძვრის, ცუნამისა და ბირთვული ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლიდან ერთი წლის თავზე ქართველი ჟურნალისტებიდან მხოლოდ მე ჩავედი ადგილზე. ვნახე ყველა ის ტერიტორია, რომელიც მანამდე კადრებში გვქონდა ნანახი, ადგილი, სადაც ცუნამს მოჰქონდა სახლები, ავტომობილები, სრული საგიჟეთი სადაც ხდებოდა. გაპარტახებული რეგიონი საკუთარი თვალით დავათვალიერე. ვნახე გემი, უზარმაზარი ტანკერი, რომელიც ცუნამის ტალღის შემოტანილი იყო ნაპირიდან ძალიან შორს. მეტეხთან, მტკვრის სანაპიროდან, რუსთაველზე რომ გამოირიყოს რამე, მხოლოდ სწორ ადგილას, დაახლოებით; ამხელა მანძილზე იყო ეს გემი გამოტანილი და იქვე დატოვეს კიდეც ამ მოვლენების სიმბოლოდ. ვნახე ის სივრცეც, სადაც ატომური რეაქტორი დგას, მისი თანამშრომლებიც, მოკლედ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი. რადიაციის საზომი მქონდა წაღებული. იმიტომ წავედი, რომ ეს ყველაფერი გადამეღო და თან, რომ ამბობდნენ, რადიაციული ფონი ისევ მაღალიაო, მინდოდა, ადგილზე თვითონ გამეზომა. ტოკიოში ნორმაში იყო რადიაციის დონე, მაგრამ იქ უკვე – საკმაოდ მაღალი. თან, გადაღების დროს წვიმა დაიწყო. რაც უფრო ამწვავებს მდგომარეობას. მოკლედ, წვიმაშიც მოვყევი, რაც სახარბიელო ნამდვილად არ იყო, მაგრამ დღესაც რომ მითხრან, იგივეს გავაკეთებ. არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა ამ ტერიტორიაზე შესვლას. იაპონია ძალიან რთული ქვეყანაა და ნებართვების მისაღებად საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ამიტომ, სპეციალური კომბინეზონით ვერ ვივლიდი, ასე უფრო მივიქცევდი ყურადღებას და შესაბამისად, მეც და ჩემი ოპერატორიც, ჩვეულებრივი, სამოქალაქო ტანსაცმლით წავედით, რაც, თავისთავად, სარისკო იყო. ჩვენთან არ არსებობს ანალიზი, რომელიც გაგცემს პასუხს კითხვაზე – იმოქმედა თუ არა ამ მოგზაურობამ შენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, ამ ამბიდან, დაახლოებით ერთ წელიწადში დამეწყო უცნაური სიმპტომები. თავის ტკივილი, თმის ცვენა, სისუსტე – ეს ყველაფერი საკმაოდ მკვეთრად მქონდა გამოხატული. გამოვიკვლიე და სისხლში რკინის შემადგენლობის მკვეთრი ვარდნა დამიდგინდა. დიაგნოზი – რკინადეფიციტური ანემია. უკვე წლებია, მე ამით ვცხოვრობ. იმდენად მწვავედ მაქვს გამოხატული, რომ კვებით ან წამლით მისი შევსება წარმოუდგენელია. ვერავინ ამოხსნა, რატომ კარგავს ჩემი ორგანიზმი რკინას ამ დოზით. ყველაფერი გამოვიკვლიე,
– ასე სხვა დროსაც გაგირისკავს?
– რამდენიმე წლის წინ ერევანში სამხედრო აჯანყება მოეწყო და ჩართვაზე გამიშვეს. საღამოს გადაცემაში ჩავერთვებოდი და გვიან საღამოს უკან უნდა დავბრუნებულიყავი. მოკლედ, ერთი დღის ამბავი უნდა ყოფილიყო. ივლისი იყო და ერთი დღისთვის, განსაკუთრებული აღჭურვილებით არ წავსულვარ, წითელი კაბა ჩავიცვი. რომ მახსენდება, ახლა ძალიან მეცინება ჩემს წითელ კაბაზე. აღმოჩნდა, რომ იქ მოხვედრა, სადაც ინფორმაცია უნდა გამეგო, რაღაც მომენტის შემდეგ, შეუძლებელი გახდა. უსაფრთხოების სამსახურმა ჩაკეტა და ხალხს აღარ უშვებდნენ. მე უკვე იქ ვიყავი, ჩემი საქმე დავასრულე და უკან უნდა დავბრუნდე, მაგრამ მჭამს იმაზე ფიქრი, რომ, თუ იქიდან გამოვალ, შეიძლება ჩემი კოლეგა, რომელმაც ჩემს შემდეგ უნდა გააგრძელოს ამბის თხრობა, აღარ შეუშვან. ვხვდები, რომ გამოსვლა არ ღირს. პროდიუსერსაც რომ ვუთხარი, ატყდა ამბავი, ამ ამბის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებაო და მოკლედ, ამ ჩემი წითელი კაბით დავრჩი იქ ხუთი დღე (იცინის). იქიდან ვერც სასტუმროში დასაძინებლად გამოხვიდოდი, რადგან მერე უკან ვეღარ შებრუნდებოდი და მოკლედ, ყველა ჟურნალისტს, ვინც იქ ვმუშაობდით, ერთი სუპერმარკეტი გვქონდა, რომელიც ბოლომდე დავცალეთ, ბოლოს ჟელიბონებს ვჭამდით და ძილით მანქანებში ან ხეზე მიყურებულებს, გვეძინა. კიდევ კარგი ზაფხული იყო (იცინის). ჩემი შვილები მაშინ პატარები იყვნენ. ყოველდღე საინფორმაციოში ჩემს ჩართვებს რომ უსმენდნენ, ესმოდათ ჩემი სიტყვები, რომელსაც უსაფრთხოების გამო ვამბობდი: თუ მდგომარეობა დაიძაბა, ადგილზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა-მეთქი. ბავშვები ვერაფრით ხვდებოდნენ, რას ვამბობდი და ყოველ დარეკვაზე მეკითხებოდნენ, დედა, რა არის ჯავშანტექნიკა, მოგკლავენ თუ არ მოგკლავენო? (იცინის) ამის შემდეგ ვისწავლე ჭკუა და ახლა ვიცი, რომ ერევანში, სამხედრო აჯანყების დროს, გადაღებაზე წითელი კაბით არ უნდა წახვიდე და საერთოდ, რამდენად მარტივიც არ უნდა ჩანდეს საქმე, ჯობია, მაქსიმალურად მომზადებული იყო, რადგან ამ პროფესიაში, არასდროს იცი, რა მოხდება. ახლახან კანის კინოფესტივალიდან მოვდიოდი და რკინიგზა გაიფიცა. იტალიის უკაცრიელ, პატარა ქალაქში მარტო დავრჩი. ერევნის გამოცდილება ხომ უკვე მქონდა და გამომადგა კიდეც. ამჯერად, შარვალიც მქონდა თან, ზედაც და ქურთუკიც (იცინის). ღამის 12-იდან დილის 5 საათამდე ვართ უკაცრიელ ქალაქში, მხოლოდ მე და უსახლკარო ადამიანები, რომლებიც ძირითადად, სადგურის ტერიტორიაზე არიან დაბანაკებულები და მათ გვერდით ღამის გათევა არც ისე უსაფრთხოა. ადგილობრივმა პოლიციელმა გამაფრთხილა, გამომწვევად არ უნდა გეცვასო და მეც ჩავიცვი ჩემი საკმაოდ დიდი შარვალი, ზედა და ქურთუკი. შიგნიდან მუცელზე ჩამოვიკიდე ჩანთა, კამერა და შევიკარი ჩემი ქურთუკი. შორიდან რომ შემომხედავდი, ორსული ქალი გეგონებოდი. იმას კი არ ვამბობ, რომ ორსულს არავინ არაფერს დამიშავებდა, მაგრამ შანსები ცოტათი მაინც ხომ შევამცირე?! ადამიანი ნელ-ნელა სწავლობ, როდის რა არის საჭირო.
– საკუთარ თავს თუ გაუოცებიხარ?
– ვინც არ მიცნობს, ვეტყვი, რომ ვარ 43 კილოგრამი და 163 სანტიმეტრი. სულ დაბალი წნევა მაქვს და ისეთი მისუსტებული ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ავდგებოდი საწოლიდან. ცურვა არ ვიცი, წყლის მეშინია და ძალიან არ მსიამოვნებს ეს სათავგადასავლო ისტორიები. მაგრამ… ისეთი სათავგადასავლო რეპორტაჟები მაქვს გადაღებული, რომ იქ მართლა გავუოცებივარ საკუთარ თავს. მგონია, რომ გადაღებაზე ყველაფრის გაკეთება შემიძლია, გადაღების გარეთ – არა. ყველა ჩემი ისტორია პროფესიას უკავშირდება. ჩემს საქმეში ჩავდე მთელი ენერგია, დიდი შრომა და საბედნიეროდ, ამდენი წლის განმავლობაში ეს საქმე მოლოდინს ყოველთვის მიმართლებს. ცურვა არ ვიცი, ზღვაზე რომ ვისვენებ, წყალში საერთოდ არ შევდივარ, მაგრამ მარტვილის კანიონში ჩავყვინთე გადასაღებად, ზღვაშიც ჩავყვინთე და შავი ზღვის ფსკერი დავათვალიერე. ოკაცეს კანიონზე, 22-მეტრიან კლდეზე დავეკიდე და თოკით დავეშვი ჩანჩქერზე. ბოლოს წალკის კანიონი რომ გახსნეს, ველოსიპედით გავიარე. თუ რამე სათავგადასავლოა, არაფერს ვტოვებ, მაგრამ ეს ყველაფერი გადაღების გამო უნდა ხდებოდეს, რომ ამბის მოსაყოლად სტიმული და საჭირო ენერგია მომეცეს. ისე, ხანდახან მგონია, ჩემი ნება რომ იყოს, მართლა ფეხს არ გავადგამდი ოთახიდან, მაგრამ მუშაობის პროცესი ყველანაირი შიშის გადალახვაში მეხმარება. ერთხელ მატარებლიდანაც გადმოვხტი. თუმცა, ეს არ იყო გადაღების პროცესი. დედაჩემს ბათუმში ვაცილებდი. კუპეში დავაბინავე და ჩამოვჯექი. ამ დროს დაიძრა მატარებელი და გამცილებელი გაგიჟდა, დამაჯარიმებენ ამის გამო, არაფრით არ შეიძლება მსგავსი რამო. მატარებლის მუხრუჭს ვერ ჩამოვწევდი და ამხელა მატარებელს ვერ გავაჩერებდი. რაც არის, ეგ არის, სანამ ახალი დაძრულია-მეთქი – გავიქეცი და გადმოვხტი (იცინის). როცა ასეთი რამ ხდება, შიშს ერევი, მაგრამ ჩემთვის შიშზე გამარჯვების საუკეთესო გზა ჩართული კამერის წინ მუშაობაა. ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ჩვენ გვახასიათებს რისკზე შუბლით წასვლა. ეს პროფესია მართლა ძალიან მიყვარს თავის ყველა კომპონენტით.
– ასე რომ, წელიწადში რამდენჯერმე რკინის დეფიციტის შესავსებად გადასხმები, ალბათ, ადვილი არ არის, მაგრამ ღირს.
– ძალიან რთულია, ბნელ ოთახში რომ წევხარ გადასხმაზე, სიცივეში ან სიგრილეში, პრეპარატს კი ისეთი სუნი აქვს, რომ თავი მკვდარი მგონია. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ გადის ეს ათი დღე და მერე ისევ ფეხზე დგები. ათ გადასხმას ვიკეთებ ხოლმე. ხანდახან ვენები ვერ უძლებს ამდენს და კათეტერს ვიდგამ. მერე დავდივარ ჩემი კათეტერით, საჭესთანაც ვზივარ, ვმუშაობ და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხარეს დევს 22-წლიანი ბედნიერი მუშაობის პერიოდი და არ ვნანობ, იმ მსხვერპლს, რაც შედეგის მისაღწევად მჭირდება.