„შენ მამაოზე რაები დაწერე, ბიჭო! დაგჭრი და მესამე სროკზე წავალ!“

სამოქალაქო აქტივისტს მარიამ დოლიძესა და მის მეუღლეს კობა კოსტავას ბერი ნიკოლოზის ერთ-ერთი მრევლი დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარიამი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

„დღეს, სადღაც 17:15-ზე, სახლში დაბრუნებულებს, ნარიმანის მრევლიდან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დანით დაგვესხა თავს. Koba Kostava-ს უფრო კონკრეტულად.

დაახლოებით 2 თვეა შიდა ეზოში არ გაგვიჩერებია მანქანა, ადგილი არაა არასოდეს მათ გამო. დღეს იყო და შევედით. მანქანიდანვე დავინახე რომ მოგვშტერებოდა, გადასვლისასაც მიყურებდა და პარკები რომ ავიღე, მაშინაც. ოდნავ მოშორებით დავდექი და დაველოდე კობას, რომელსაც საბარგულიდან დედაჩემის ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი უნდა გადმოეტანა.

გავხედე ისევ ამ ბიჭს და ვხედავ როგორ მოწყდა ადგილს და დაიძრა ჩვენი მიმართულებით. ნუ, ჯერ, მეთქი, მიდის კაცი თავის გზაზე. არა, ჩემსკენ მოდის. ალბათ, გვიცნო, ერთ-ორ სიტყვას მოგვალანძღავს და წავა-მეთქი… ისევ, არა! მე გვერდი ამიარა და კობას მივარდა. ხელის მოძრაობაზე მივხვდი რომ რაღაც ეჭირა და ეგრევე დანა ვიფიქრე, რატომღაც.

,,შენ მამაოზე რაები დაწერე, ბიჭო!”

,,დაგჭრი და მესამე სროკზე წავალ!”

,,აგჩეხავ, შე ნაციონალო!”

სულ სადღაც 2 წთ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ამ დროის განმავლობაში, კობამ რამდენი ნაბიჯი გადადგა მისკენ, რა დავწერეო, იმდენი უკან იხევდა ეს ბიჭი. გაჩერდებოდა კობა, ჩერდებოდა თითონაც. ბოლოს დავუყვირე, პოლიციაში ვრეკავ-მეთქი და გაიქცა კიდეც.

დიდ ღვთის სიყვარულში გადავარდნილი მრევლიდან ერთი… ერთი ადამიანი არ განძრეულა ჩვენს დასაცავად!

არ ვიცი ნამდვილად მრევლის წევრი იყო ეს ბიჭი თუ არა, მაგრამ ჩვენი დაშინება რომ უნდოდა, ფაქტია.

პ.ს. შოკმა რო გადამიარა, მეცინებოდა, კობა დანიან ტიპს ლეონის მატილდასავით ზურგჩანთით და ქოთნის ყვავილით რო დახვდა საბარგულთან“, – წერს მარიამ დოლიძე.