,,ქალი რომ გათხოვდება, 3-4 კერძის მომზადება მაინც უნდა იცოდეს. ამიტომ დედებმა ქალიშვილებს საჭმელების კეთება უნდა ასწავლონ. ოჯახში რძალი რომ შემოვა და გეტყვის, ერბოკვერცხის გაკეთება არ ვიციო, მისი კი არა, დედის ბრალია”, – ამბობს “სარკესთან” მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” დედამთილის როლით გაიცნო. სერიალშიც მუდმივად გაზქურასთან ტრიალებდა და რეალურ ცხოვრებაშიც არაჩვეულებრივი კულინარია. “სარკეს” პატივი ერგო, მისი მოხარშული მანდარინის და სტაფილოს მურაბები გაესინჯა. მსახიობმა მათი მომზადების წესები სიამოვნებით გაგვიმხილა:
– 3 კილო მანდარინზე დაგვჭირდება ორ-ორი ფორთოხალი და ლიმონი. ეს ყველაფერი სამი დღის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა იყოს. მესამე დღეს ამოვიღებთ მანდარინებს, თავს და ბოლოს მოვაჭრით და მრგვალად დავჭრით. ასევე დავჭრით ფორთოხალს და ლიმონს. შაქარს ჩვენი გემოვნებით დავაყრით და გავაჩერებთ.
მანდარინი თუ შემოსვლის პერიოდში გავაკეთე, წყალი არ უნდა, რადგან თვითონ უშვებს. თუ იანვარში გავაკეთე, მაშინ ერთ კილოზე 2 ჩაის ჭიქა წყალს ვუშვრები. ავადუღებთ და ცოტას გავაციებთ. მერე ერთხელ კიდევ წამოვადუღებთ და მორჩა, ქილებში ჩავასხამთ.
რაც შეეხება სტაფილოს მურაბას. აუცილებლად ერევნის სტაფილო უნდა იყოს, რადგან ქართული ცოტა მწარეა. დავჭრი და თან სიროფს მოვადუღებ. სტაფილოს ამ სიროფში ვხარშავ. ძალიან ადვილი მოსამზადებელია.აგრეთვე კარგად ვამზადებ უხორცო ტოლმას, რომელსაც ფრახს ეძახიან.
– ალბათ არც მისი რეცეპტის გარეშე გაგვიშვებთ.
– კომბოსტოს ფურცლებს სამკუთხედებად დავჭრით. ცალკე გვექნება წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კამა. მოვხარშავთ ბრინჯს და ცხელ-ცხელში ავურევთ მწვანილს, 120 გრამ კარაქს. ხახვს კარაქში მოვშუშავთ და იმასაც შევურევთ. ამ მასას კომბოსტოს ფურცლებში გადავახვევთ და მხოლოდ ერთ პირს შევუკრავთ, მეორეს ღიას ვუტოვებთ. ჩავალაგებთ ქვაბში და პომიდვრიან წყალს ან მარილწყალს დავასხამთ. წყალი იმდენი უნდა, რომ დუღილისას მთლიანად დაშრეს. როგორც მზესუმზირა, ისე იჭმება.
– რაიმე თქვენეული, საფირმო კერძი თუ გაქვთ?
– კი. ცომს მარილწყალში ვზელ, ღორის ხორცის კარგ ნაჭრებს აჯიკაში ამოვავლებ და ცომში გავახვევ. ჰაერღუმელში შევდგამ და შევწვავ. რომ გამოვიღებ, გვერდით მოხარშულ კარტოფილებს შემოვუწყობ. ერთმანეთს უხდება.
– ახალბედა დიასახლისებისთვის რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ?
– ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნიგოზი ქსოვილის ნაჭერში უნდა ინახებოდეს. მჭადის ფქვილის შენახვა პოლიეთილენის პარკში არ შეიძლება. კარგი დიასახლისი ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ზამთრისთვის. მე ყოველთვის შენახული მაქვს მაცივარში გაყინული ბულგარული წიწაკა, ასევე მაცივარში ცოცხლად ვინახავ ჟოლოს და მაყვალს.
– სასმელებიდან რა გიყვართ?
– ალკოჰოლი არ მიყვარს. ვაკეთებ ყავის, მოხარშული რძის, ალუბლის ლიქიორებს. ვერ ვსვამ კახურ ღვინოს. ერთადერთხელ დავლიე ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ლიტრანახევრიანი ყანწით ღვინო. ეგ იყო და ეგ.
– როგორ აღმოჩნდით ქალბატონი ნონას ქორწილში ან ლიტრანახევარი ღვინის დალევა როგორ შეძელით, გვიამბეთ ეს ისტორია.
– მაშინ სტუდენტი ვიყავი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებულ სახალხო თეატრში ვთამაშობდი. თუ კარგად მახსოვს, ნონა გაფრინდაშვილს ქორწილი მთავრობამ გადაუხადა. ახალგაზრდა მსახიობებს დაგვავალეს, ხალხს მოვმსახურებოდით. ქორწილში ჩემმა ლექტორმა, ვანო სარიშვილმა, სადღეგრძელო შესვა და უცებ თქვა, ალავერდს მედეა ლორთქიფანიძესთან გადავდივარო. ყანწი გადმომაწოდა. იძულებული გავხდი, დამელია. არ მახსოვს, რისი ან ვისი სადღეგრძელო შევსვი. ალბათ ძალიან დავთვერი, არც ეს მახსოვს.