“მაპატიე ელი, შენი თაობა იმსახურებს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას…“ – ამ წარწერით და აქციაზე გადაღებული ფოტოთი “სთორი”, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ცოლმა ქეთევან ბუბუტეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ყველამ ჩათვალა, რომ ფოტოზე გოგონა თალაკვაძის ქალიშვილი იყო.
მალე ბუბუტეიშვილმა “სთორი“ წაშალა და სოციალურ ქსელში განმარტება გამოაქვეყნა.
“მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით! შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი.
ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი – მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!
მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ!” – წერს ქეთევან ბუბუტეიშვილი.
არჩილ თალაკვაძე წლებია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი, ელე და ანა ბეატრის თალაკვაძეები. ქეთევან ბუბუტეიშვილი წლებია, რაც პიარისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტია.