“მიღებული უსამართლობის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა”

გულახდილი საუბარი ვარლამ წიკლაურთან 👇

ვინ არის ვარლამ წიკლაური?

ვარლამ წიკლაური: საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, უზომოდ შეყვარებული თავის პროფესიაზე და ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– მგონი, ისეთი, როგორიც ახლა მაქვს (იცინის). ჩემი ოცნება იყო, გავმხდარიყავი ჟურნალისტი და მემუშავა ქვეყნის ცენტრალურ არხზე. ეს ოცნება ამისრულდა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

– ბოლოს როდის იტირე და რატომ?

– საერთოდ ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. განვიცდი კარგსაც და ცუდსაც, მაგრამ ტირილით ხშირად არ ვტირი. ბოლოს ცრემლი მაშინ მომადგა, როცა ბავშვს ვნათლავდით. ჩემი თავის გამიკვირდა კიდეც, მაგრამ ძალიან ემოციური მომენტი იყო. საერთოდ, არ შემიძლია რამე „გავატარო“. შეიძლება, იმაზე, რასაც სხვა ერთ წუთში დაივიწყებს, მე სამი დღე ან ერთი კვირა ვიფიქრო და ვინერვიულო. თუ ვინმეს ვაწყენინე ან შეცდომა დავუშვი ადამიანთან ურთიერთობაში, ეს ჩემთვის დიდი ტანჯვა და სასჯელია. თუ არ დაველაპარაკე იმ ადამიანს და ჩემი შეცდომა არ გამოვასწორე, ღამე არ მეძინება.

– რას გააკეთებდი, ლატარიაში რომ მილიონი მოიგო?

– მიოცნებია ამაზე, არ დავმალავ (იცინის). ბევრ რამეს გავაკეთებდი. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დავეხმარებოდი ადამიანებს, ვისაც ვიცი, რომ შესაძლებლობა არ აქვს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ამ თანხას სხვადასხვა ადგილების მონახულებაშიც სიამოვნებით გავფლანგავდი (იცინის). ფულის გადადება, დაგროვება და ოქრო-სახლების შეძენა ჩემთვის მეორე- და მესამეხარისხოვანია.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია?

– რამდენჯერმე პირდაპირ ეთერში მქონდა უხერხული შემთხვევა, რაც ძალიან ვინანე და განვიცადე. მაგალითად, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც თურმე, რაგბის გუნდი საერთოდ არ ჰყავს, გამოვაცხადე, რომ „ბორჯღალოსნებთან“ დამარცხდა. როგორია – ქვეყანას საერთოდ არ ჰყავს გუნდი და მე მათთან „ბორჯღალოსნებს“ გავამარჯვებინე. მაშინ ვერ მივხვდი, რომ ეს შეცდომა დავუშვი. ეთერიდან გამოვედი და სპორტის ბიჭები გაოცებულები მეუბნებიან, სად ჰყავს მაგ ქვეყანას გუნდიო და რომ გავიაზრე, რაც მოხდა, საშინელი გრძნობა მქონდა. საერთოდ, სპორტთან მიმართებაში არაფერი არ ვიცი. ვიცი, ხვიჩა კვარაცხელია, მას ვგულშემატკივრობ ბოლომდე და მის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება და პლუს ამას, პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს სპორტის სიახლეების წაკითხვა და ცოტა რაღაცებში გავერკვიე (იცინის).

– ოდესმე რამე მოგიპარავს?

– ბავშვობაში ჩემი ცეკვის ჯგუფელს მოვპარე შავი ყუთი. სამწუხაროდ, ახლა ის ბიჭი გარდაცვლილია. ჯადოსნური შავი ყუთი ჰქონდა. ასანთის კოლოფის ზომის იყო, შიგნით ათთეთრიანს ჩადებდი, გასწევდი-გამოსწევდი და ეს ათთეთრიანი ქრებოდა. ისე მომეწონა, ავდექი, ჯიბეში ჩავიდე და წამოვიღე. ოღონდ ისე მოვიქეცი, თითქოს შემთხვევით „წამომეღო“ (იცინის). იმდენად შემეშინდა ჩემი საქციელის, დავმალე ეს ყუთი და აღარც არასდროს გამომიჩენია. ისეთი შიში მქონდა, მარტო სხვას კი არ დავუმალე, თვითონაც კი ვეღარ ვპოულობდი (იცინის). მინდოდა, გამექრო ჩემი მეხსიერებიდან და ფიზიკურადაც გავაქრე (იცინის). ბავშვობაში რომ მეზობლის ბალი და სიმინდი მომიპარავს, მაგათ არ ვთვლი, მძიმედ მხოლოდ ეს ამბავი მახსდენდება (იცინის). თორემ ისე სხვის ეზოშიც შევპარულვარ, მაგრამ მე რადგან წონით დიდი ვიყავი, ხეზე ვერ ავდიოდი და ხის ქვეშ მაყენებდნენ. თუ პატრონი გამოჩნდებოდა, უნდა დამეყვირა, მოდის-მეთქი. თუ ბალს არ ჩამომიყრიდნენ, მაშინ ვემუქრებოდი, პატრონს მე თვითონ დავუძახებ-მეთქი (იცინის).

– ბოლოს როდის მოიტყუე და რა?

– საერთოდ, ტყუილს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურში დამჭირდა რეპორტაჟის მომზადების დროს. ტყუილი რომ არ მეთქვა, იმ ადგილას ვერ შევიდოდი, სადაც უნდა შევსულიყავი. არადა, უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და ეს უნდა გამეკეთებინა. სურამის ფსიქიატრიულის ხელმძღვანელი მოვატყუე. ვუთხარი, რომ მასთან მივდიოდი, რათა რეალურად მენახა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა მის დაწესებულებაში. მაშინ ის კაცი შენობაში არავის უშვებდა და ეს ტყუილი რომ არ მეთქვა, იქ ვერაფრით მოვხვდებოდი. არადა, იქიდან გამოვიტანე ამბავი არსებული რეალობის შესახებ და ჩემი რეპორტაჟის შემდეგ სურამის ფსიქიატრიული და მისი ბენეფიციარების ყოველდღიურობა მთლიანად შეიცვალა. კი ეს იყო ტყუილი, მაგრამ ამ ტყუილით ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესი გახდა.

ზოგადად, ოღონდ ნუ მომატყუებ და რა რთულიც არ უნდა იყოს, სიმართლე მითხარი. მეც არავის ვატყუებ. სიმართლე რომ ვთქვა, ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია მატყუარა ადამიანი. ჩემი ერთადერთი ტყუილი ეგ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენია?

– მის მეტი რა იყო ბავშვობაში (იცინის). ჩემი თანაკლასელი მიყვარდა. ჰკითხეს, როგორი ბიჭები მოგწონსო, ამან უპასუხა, ფეხბურთს რომ თამაშობენ, ეგეთებიო. მე ფეხბურთს არ ვთამაშობდი, მსუქანი და ბაჯბაჯა ბავშვი ვიყავი, ფეხბურთისგან ძალიან შორს. თანაკლასელები მხოლოდ კარში მაყენებდნენ მეკარედ, მაგრამ გადავწყვიტე, ძლიერი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, რომ მისთვის თავი მომეწონებინა (იცინის). არ გამოვიდა, მივხვდი, რომ არ იყო ჩემი ეს ფეხბურთი და თავი დავანებე. მერე სხვა გზებით ვაჩვენებდი ჩემს ძლიერებას, პაემანზეც და სხვაგანაც, მაგრამ არც ეს გამომივიდა (იცინის). ერთხელ, პაემანზე მიტანილი საჩუქარი უკან გამომატანეს (იცინის). წამოვიღე და დღემდე სახლში მაქვს, აშკარად არ ვუყვარდი იმ გოგოს (იცინის). პირველად რომ უარი მითხრეს საჩუქარზე, გაბრაზებლმა ის მის თვალწინ დავამტვრიე – შენ თუ არ გინდა, არც მე არ მინდა-მეთქი, მაგრამ მერე სხვა გოგომ რომ უკან გამომატანა, ვიფიქრე, რატომ უნდა გავტეხო, მე დავიტოვებ-მეთქი და დღემდე მაქვს სახლში პაემნიდან წამოღებული ძაღლის ფორმის ყულაბა (იცინის).

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– თუ ადამიანმა თავში არ ჩამარტყა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მდგომარეობიდან არ გამოვალ. ძალიან წყნარი და მშვიდი ვარ, მაგრამ თუ რაღაცაზე გავბრაზდი, მაშინ გიჟი მთიული ხვდები და მე თვითონაც კი არ მინდა ჩემი თავის დანახვა. ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი, მაგრამ იმდენად იშვიათად, რომ ვერც გავიხსენებ, როდის გავბრაზდი ბოლოს. ამ დროს მიმიკები და ხმა ისე მეცვლება, ვერც წარმოიდგენთ, ხელის დარტყმამდე საქმე არასდროს მისულა, მაგრამ იმხელა ხმა შეიძლება გამოვუშვა, რომ მერე ძალიან ვნანობ ხოლმე, არ მომწონს ჩემი თავი ეგეთ მდგომარეობაში. სულ ვფიქრობ, არ არის ჩემი ეს გაბრაზება და დამანებონ თავი, რომ არ გავბრაზდე (იცინის). ძალიან უკონფლიქტო ვარ, კონფლიქტური სიტუაციიდან შეიძლება, პირველი მე გავიქცე და როცა ასეთი ხარ, გაბრაზების მიზეზიც ნაკლებია, ამიტომაც ხდება ეს ძალიან იშვიათად.

– ბოლოს რა მოისმინე საკუთარ თავზე კარგი, რაც გესიამოვნა და ცუდი, რამაც გული გატკინა?

– ცუდი, რაც გულს მტკენს, ის არის, რომ წონაში მოვიმატე. ეს ძალიან მოქმედებს ჩემზე და ცუდზე პირველად ეს მახსენდება. მთელი ცხოვრებაა, კილოგრამებს ვაკონტროლებ და თუ ყურადღება მოვადუნე, არ ვიცი სად წავა ჩემი წონა, შეიძლება, სასწორი გავტეხო. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის: „ისე, რაც ცოლი მოიყვანე, წონაში ცოტა მოიმატე“. ამაზე კიდევ უფრო ვბრაზდები, მოვიმატე, მოვიმატე, ცოლი რა შუაშია?! (იცინის) კარგს რაც შეეხება, ხშირად ქუჩაში, განსაკუთრებით რეგიონებში გადაღებებზე, ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ, ასევე ჩემი სამსახურისა და პროფესიის მიმართ. ბოლო დროს კიდევ უფრო ბევრი შემთხვევა მაქვს ასეთი და ეს ძალიან სასიამოვნოა.

– ყველაზე მეტად რისი გაკეთება გიყვარს და არ გიყვარს ყოფითი საქმეებიდან?

– მიყვარს საჭმლის გაკეთება თუ დრო მაქვს და ხატია მეუბნება, რომ კარგი გამომდის, მეც სიამოვნებით ვამზადებ და მეგობრებსაც ვეპატიჟები ხოლმე. რა არ მიყვარს და სპორტულ დარბაზში სიარული. ოღონდ ეგ არ მითხრა და ყველაფერს ვიზამ. 12-ჯერ მაინც დავიწყე ვარჯიში და 12-ჯერვე დავანებე თავი. ალბათ, ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევძლებ, რადგან საშინელ დისკომფორტს მიქმნის.

– ყველაზე დიდი უსამართლობა რომელსაც შეჯახებიხარ?

– თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი. 17 წლის ვიყავი, ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მოვხვდი. 120 ადამიანიდან 13 უნდა მიეღოთ. გავასაჩივრე და მითხრეს, ხომ იცი, რა სიტუაციაცაა, ძალიან რთულია ასეთი კონკურენციის პირობებში მიღება და მოდი, მომავალ წელს სცადეო. ეს ძალიან დიდ უსამართლობად მეჩვენა და განვიცადე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ასე ჯობდა. იმ გამოცდაზე მიღებული უსამართლობის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაშინ დაიმსხვრა ჩემი ბავშვობის წარმოდგენები, მივხვდი, რომ ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში შეიძლება, ბევრი ყოფილიყო. მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.