რატომ აპირებს პაატა თედიაშვილი თავისუფლების მოედანზე გაშიშვლებას და როდის იკეტება ის საკუთარ თავში

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილეებს შორის მომღერალ პაატა თედიაშვილის გამოჩენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინც ამ ინფორმაციის კომენტარებს ჩაუჯდა, ალბათ, ბევრი იხალისა. „იმდენი იძახა უნდა შევიდეო, მაინც შევიდა“, „შესრიალდა მუსიკალური გველივით“, „იქნება, აბა, ბევრი ძინ-ძინი“, „აგი შევა ამაღამ საცხა და რაფერ გამეიყვანთ ვნახავ ერთი“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

პაატა თედიაშვილი: ეს პროექტი ძალიან სკანდალური და ყველაზე ყურებადია მთელს ქართულ ტელესივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს, მგონია, რომ ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცნობიერის ჩამოყალიბებაში. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და გვასწავლიდნენ, რომ საკუთარ თავზე საუბარი დამაკნინებელია. სჯობს დუმილში იცხოვრო და დუმილშივე გადაიტანო შენი პირადი ტრაგედიებიო. არადა, ეს ძალიან რთულია. ამ შოუში ადამიანები – გოგონები თუ ვაჟები, ღიად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე. მხარს უჭერენ და ამხნევებენ ძალადობის, სიყვარულისა და თუნდაც, მეგობრობის მსხვერპლ პიროვნებებს თუ დიდ ტრაგედიაგამოვლილ ადამიანებს. ანუ, ეს არის არსებულ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრისა და მისი მოგვარების მცდელობის მაგალითი.

– რა იქნება პაატას მთავარი დატვირთვა ამ შოუში?

– მე ჩემი პროვოკაციული სიმღერების შემდეგ ვიკეტები და ყველაფერს მარტო ვინელებ, გარე სამყაროსთან შეხება არ მაქვს. ყველგან ნეგატიური ტონი არ იგრძნობა ჩემ მიმართ, პირიქით, გარკვეული თაობა უფრო თავისუფალი, პროვოკაციული და საინტერესო სათქმელის მოსმენის მომხრეა, მაგრამ სკეპტიკურად განწყობილი კონსერვატიული საზოგადოებაც არსებობს და მათგან ნეგატიური შეფასებები მომდის. ისინი ფიქრობენ, რომ როგორიცაა შემოქმედება, ისეთია ადამიანიც. მე შეიძლება, თეატრის მსახიობი ვიყო და ნებისმიერი როლი მოვირგო, ის, რომელსაც რეჟისორი მომცემს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალურადაც ისეთი ვარ, როგორიც როლში. მომღერალიც არტისტია. სკანდალები და პროვოკაციები ის ტყავია, რომელშიც შევძვერი და კარგად მოვირგე იმისთვის, რომ გარკვეული მესიჯები გავუგზავნო საზოგადოებას. თუნდაც „სიყვარულის არმია“ ავიღოთ, ან „მუსიკალური გველი“. თითოეულის ტექსტს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო მესიჯებს ამოიკითხავთ. „ძინ-ძინის“ თემაც ძალიან საინტერესოა, ის, რაც ტკბილია, ხშირად აკრძალულია, ამის მაჩვენებელია ეს სიმღერა. ჩემს შემოქმედებაში არის ირონია, იუმორი, პროვოკაცია და ამიტომაც ვრცელდება ვირუსულად. რეალურად როგორია პაატა თედიაშვილი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას ხალხი ვერ ხედავს. ინტერვიუებში უამრავ თემაზე საუბრობ, მაგრამ ეს ფორმატი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად წარმოაჩინო თავი. მე ვფიქრობ, ეს შოუ ხალხს მისცემს საშუალებას, რეალურად დაინახონ, როგორი ვარ მე.

– მე მგონია, რომ საკმაოდ სკანდალური იქნები აქაც და არც თამამ პერფორმანსებს მოგვაკლებ.

– თუ გადაცემის პროდიუსერები საჭიროდ ჩათვლიან, ასეც იქნება. შოუში ყველა მონაწილეს თავისი დანიშნულება აქვს. მე მაქვს პროვოკაციული ჩანაფიქრები სიმღერის თვალსაზრისით და თუ საშუალება მომეცა, მას განვახორციელებ. ამ სიმღერას „მონოგამი“ ჰქვია და ისიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემას უკავშირდება. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანს ხშირად ავალდებულებენ ერთგულებას, მაგრამ ეს ერთგულება მისი მეორე ნახევრისთვის ძალიან იაფია. ხშირად მონოგამიაში მცხოვრები ადამიანი მსხვერპლია. მას აჯერებენ, რომ ის უნდა იყოს ერთგული. ამ სიმღერაში ჩანს ადამიანი, რომელიც დაიღალა ამ ერთგულებით და ერთ მშვენიერ დღეს პროტესტს გამოთქვამს.

– როცა გაიგეს, რომ ამ სეზონის მონაწილე შენ იქნებოდი, ბევრი წერდა, „პრაიმ ჰაუსი“ ახლა იწყებაო, თუმცა მონაწილეები ამბობენ ხოლმე, რომ იქ ყოფნა საკმაოდ რთულია.

– კი, არის ეს მოლოდინი და ნამდვილად იქნება პროვოკაციული მომენტები. სულ ფიქრობენ, ამან კიდევ რა შეიძლება, გააკეთოსო, მაგრამ მერე სულ ხდება რაღაც ისეთი, რასაც დიდი ამბები მოჰყვება ხოლმე (იცინის).ხალათის თემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არადა, ეს იყო გადაცემაში, რომელიც თავის მოვლას ეძღვნებოდა. სპასალონებში არა მგონია ჩოხა-ახალუხით დადიოდეს ვინმე. ეს რომ ამხელა განხილვის საგანი გახდა, ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პრობლემაა. კომპლექსები გვაქვს, ჩაკეტილები ვართ. რატომ უნდა გვიკვირდეს მამაკაცი ხალათით? რატომ უნდა გვიკვირდეს, თუ მამაკაცი თავს უვლის? დიასახლისები სერიალებს რომ უყურებენ და მისი გმირების აღნაგობა და მოვლილობა მოსწონთ, ეს თავისით ხომ არ მოდის? ეს არის იმ სტილისტების, ვიზაჟისტებისა და სპორტდარბაზების დამსახურება. თითოეული დიასახლისი ოცნებობს თავიანთი საყვარელი სერიალის გმირებზე. მუცელში ჩაისხა ღვინო და ზედ ერთი ცხვარი დააყოლო, ეს ნაკლებად მოსაწონია, თუმცა საქმე ისაა, რომ ჩემგან ვერ შეეგუვნენ ასეთ ნაბიჯებს. იმიტომ ვერ შეეგუვნენ, რომ ჩემი ძველი რეპერტუარი ძალიან განსხვავდება ახლანდელისგან. თუმცა, მე რომ ისევ ისეთი რეპერტუარი მქონდეს, როგორიც ადრე მქონდა, ვერ მოვხვდებოდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ვერ მოვხვდებოდი ამ შოუში, იმ გადაცემებში, სადაც ჩემი სიმღერების პრეზენტაცია გავაკეთე. მაშინ, იმ რეპერტუარით მე ვერ დამინახა საზოგადოებამ. არ აღმოვჩნდი ადამიანი, ვისაც შეეძლო, საზოგადოებისთვის რამე შეეთავაზებინა იმის გარდა, რასაც ტრადიციულ ჩარჩოებში, ხელახლა ამღერებს იმას, რაც არაერთხელ უმღერიათ. ზუსტად ჩემმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ინტერესი ჩემდამი და უჭირთ ამ ცვლილების მიღება. თუმცა, მე იმხელა ცხოვრებისეული და შემოქმედებით გამოცდილება მაქვს, არ ვიცი რამ შეიძლება გამაოცოს და წყობიდან გამომიყვანოს. რა იქნება ისეთი, რაც ჯერ არ დაწერილა და ჯერ არ თქმულა ჩემზე. უამრავი უჭორავიათ, დაუცინიათ, უქირქილიათ ჩემზე და ამიტომ მგონია, რომ ყველასთან სტაბილური ურთიერთობა მექნება, სუბორდინაციის დაცვით. ყველა კარგადაა დატრენინგებული ფსიქოლოგებისა და იურისტების მიერ და არა მგონია, რამე ზედმეტი მოხდეს.

– თვითონ გამოთქვი მონაწილეობის სურვილი თუ პროექტიდან დაგიკავშირდნენ?

– სურვილი მქონდა, მაგრამ მარტივად ვერ გადავწყვეტდი. პროექტი სამი თვის განმავლობაში გრძელდება, მე მყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვცხოვრობ დედასთან ერთად, რომლის მეურვეობაც ჩემს თავზე მაქვს აღებული, მაქვს ღონისძიებები, კონცერტები და სამი თვის განმავლობაში ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა. ამიტომაც იყო რთულად გადასაწყვეტი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, დედაც კი, რომელიც კონსერვატორული შეხედულებების ქალბატონია, დადებითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ერთი რამ მთხოვა, ნუ იჩხუბებ და ხალხს შენი რეალური სახე დაანახვეო.

– „პრაიმ ჰაუსამდეც“ ისეთი სიახლე დააანონსე, რომ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვიე. ქუჩაში საჯაროდ გაშიშვლებას ვაპირებო, თქვი.

– ეს პროვოკაცია ძალიან დიდი ხანია, დაგეგმილია და ის თავისუფლების მოედანს უკავშირდება. საინტერესოა, როცა ქვეყანაში თავისუფლების მოედანი გაქვს, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი. ქვეყანა ოკუპირებულია, ადამიანები არ არიან თავისუფლები, ცნობიერება არის გასაზრდელი და ამ პირობებში ჩვენ გვაქვს მოედანი, რომელსაც საბჭოურ პერიოდში ასეთი სახელი მიანიჭეს, ეს დიდი ირონიაა. ამიტომ ჩემი პროვოკაცია, სიშიშვლის სახით, ძალიან საინტერესო იქნება. მართლა შიშველი კი არ დავიწყებ ქუჩაში ტანტალს, ყველას დასანახად, ეს სიშიშვლე ესთეტიკურად შეიფუთება, შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც.

– ცოტა სახიფათო არ არის?

– ნამდვილად სახიფათოა. სიშიშვლის უფლება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გარკვეულ ნებართვებს ითვალისწინებს. საჭიროა იურისტთან გასაუბრება და ჩამოყალიბება. თუმცა, ისეთს არაფერს ჩავიდენ, რაც სხვას დააზარალებს.

– თუმცა, საზოგადოებისთვის ეს დიდი გამოწვევაა.

– კი, დიდი გამოწვევაა, ნამდვილად, მაგრამ თუ ადრე გაუკვირდათ მამაკაცზე კილტი, ახლა აღარ გაუკვირდებათ. თუ მამაკაცზე ხალათს დაინახავენ, აღარც ეს გაუკვირდებათ. ასე იქნება სიშიშვლეზეც. ამას შეეჩვევიან, მაგრამ ეს შეჩვევა არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ცუდს ეჩვევა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ საუბარს. იმის ძახება, რომ ეს დაბალი დონის პროდუქციაა და ერი გამოშტერდა, არაფერს მოგვცემს.