ნატალია ყიფშიძის ცხოვრებაში ახლა მნიშვნელოვანი მომენტია – მალე ის უნივერსიტეტს ამთავრებს და ცხოვრების ახალი ეტაპზე გადადის.
– ამ ეტაპის დასრულების გამო გული არ გწყდება?
– რა თქმა უნდა, მწყდება. ძალიან მიყვარს უნივერსიტეტი. „ჯიპაში“ ვსწავლობ. ძალიან მეგობრული კურსია, მომწონს ამ გარემოში ყოფნა, სტუდენტობა. თან, ჩვენი სტუდენტობა უცნაური აღმოჩნდა. მხოლოდ პირველი სემესტრი ვიარეთ უნივერსიტეტში, შემდეგ პანდემია დაიწყო და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. ამიტომ, კიდევ მინდა სტუდენტური ცხოვრების გაგრძელება და შეიძლება, ეს გამოცდილება უცხოეთშიც მივიღო.
– პიროვნულად როგორ გაიზარდე ამ პერიოდში?
– ბევრი რამ გამოვცადე. პრობლემებიც შემხვდა და სასიამოვნო სიახლეებიც. ორივე ერთად დამეხმარა იმაში, რომ გავმხდარიყავი პიროვნება, რომელიც ყველა ეტაპზე რაღაცისკენ ისწრაფვის და განვითარებას არ ასრულებს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი პიროვნულ განვითარებას არასდროს ამთავრებს, ეს ყველა ასაკის თანამდევი პროცესია და ყოველ წელს, როდესაც ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, ვგრძნობ, რომ ძალიან შეცვლილი ვარ. ვცდილობ, დაშვებული შეცდომები მეორედ აღარ გავიმეორო და თუ რამე კარგს მივაღწიე, ვცდილობ, გავაუმჯობესო. თუმცა, მომავლის გათვლა არასწორი მგონია, სპონტანურობა მომწონს. ახლა მსურს, ყველანაირად დამოუკიდებელი ვიყო და უცხოური განათლება მივიღო. მინდა, გამოვცადო, როგორი ვარ უცხო გარემოში, უცნობი ადამიანების გარემოცვაში.
– რა არის ის, რაც საკუთარ თავში არ მოგწონდა და მუშაობის შედეგად შეცვალე?
– ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს, რომ ადამიანები ძალიან ხშირად ამბობდნენ – „შენი თავი შეიყვარე“, ან მე მეუბნებოდნენ ან სხვას. ამ სიტყვებს პირდაპირ ვიგებდი. ანუ, სარკეში ჩაიხედე და მოიწონე, შეიყვარე შენი ცხვირი, ტუჩი, ლოყა და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ არასწორი ვიყავი. მხოლოდ საკუთარი თავის ლამაზად აღქმა და ვიზუალი თავის შეყვარებას არ ნიშნავს. შენი შინაგანი მდგომარეობა უნდა გიყვარდეს, დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში და მერე გარეგნულადაც ღვთაებრივ სინათლესა და სილამაზეს ასხივებ. მე ამ გზაზე ვარ, ვცდილობ, ამ სინათლეს მივაღწიო.
– დღემდე მაქვს დღეები, როდესაც არ ვარ თავდაჯერებული, მაგრამ ძალიან მარტივ დასკვნამდე მივედი, პრობლემა ორნაირი არსებობს: ერთი – მოგვარებადი და მეორე – მოუგვარებელი. რომელიც მოგვარებადია, უნდა მოაგვარო და თუ მოუგვარებელია, უბრალოდ, უნდა „გაატარო“. ცხოვრებაში ყველაფერს ამ მიდგომით დავუწყე ცქერა. იყო პერიოდი, როცა ჩემს თავში რაღაცები არ მომწონდა, მაგალითად, თმის დგომა, მაგრამ ვისწავლე მისი სწორად მოვლა. ვისწავლე, რა უნდა ჩავიცვა, რომ რაც მომწონს, ის სწორად წარმოვაჩინო. ვისწავლე, რომ ყველას ერთი და იგივე რამ არ უხდება და მილიონი ექსპერიმენტით მივაგენი საკუთარ თავს. თავდაჯერებულობა საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის, როგორიც არ უნდა იყოს ის. ადამიანები ძალიან დიდ დროს უთმობენ ვიზუალური სრულყოფილების მიღწევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სანამ შინაგანად არ იქნები თავდაჯერებული, გარეგნული მცდელობები სასურველ შედეგს ვერ მოგცემს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის სიყვარული და გვერდით საყვარელი ადამიანი?
– ამ მომენტში მარტო ვარ. უკვე დიდი ხანია, ეს ნაბიჯი გადავდგი – გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ ურთიერთობებს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ურთიერთობებში შესვლა, მანამ, სანამ ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდი. მივხვდი, რომ ყველა ურთიერთობაში ვირეკლავდი იმ ადამიანის რაღაც ნაწილს. რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ ჯერ ჩემი თავი უნდა ჩამომეყალიბებინა, საკუთარი თავი უნდა მეპოვა, რომ ახლა ჩემს თავთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა ბიჭთან ერთად. მაქვს დღეები, როდესაც მეგობრებსაც არ ვნახულობ და დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვუთმობ. ვეკითხები: რა გინდა დღეს – რას შეჭამ, რას მოუსმენ, რას გააკეთებ? ნელ-ნელა ვყალიბდები და როდესაც ბოლომდე ჩამოვყალიბდები, მერე, როცა ჩემ გვერდით იქნება, ასევე, ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს და ასე უფრო საინტერესო იქნება. მგონია, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა ურთიერთობები, მაგრამ საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს არ ვნანობ. თუნდაც ისეთს, რაც ადამიანებმა შეიძლება, შეცდომად ჩათვალონ. ყველაფრისგან დიდ გამოცდილებას ვიღებ და დროს არ ვუთმობ იმაზე დარდს, რა იქნებოდა სხვანაირად რომ გამეკეთებინა. ის ურთიერთობებიც რომ არ გამომეცადა, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი.
– მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა თუ ახდენს გავლენას შენს ჩამოყალიბებაზე?
– რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახის გამო ეგ ყურადღება მუდამ არსებობდა, მაგრამ ძალიან პატარა ასაკში მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ბევრჯერ ზიზღის შემცველ ტექსტებს ვკითხულობდი, რაც ძალიან მადარდებდა. მერე გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, არ მიცნობენ და არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. მერე, როცა გავიზარდე, საერთოდ აღარ მადარდებდა მსგავსი რამეები. ერთადერთი, რაც დღემდე მადარდებს ისაა, რომ მიცნობს ხალხი და ეს მე არ დამიმსახურებია. არაფერი გამიკეთებია ამისთვის, უბრალოდ, გავჩნდი. არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ არსებობის გამო ადამიანებს ვუყვარვარ ან იციან ჩემი არსებობის შესახებ. თუმცა, ეს კარგიცაა, მოტივაციას მაძლევს, დავიმსახურო ის, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მივიღე. უფრო მეტად მაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დამსახურებული გავხადო. თუმცა ჩემი გზით და არა ჩემი ოჯახის გზის გაყოლით. მივხვდი, რომ არ მინდა კამერის წინ დგომა, კამერის უკან მირჩევნია. მინდა, ჩემი ფილმების წარმოება და თუ ადამიანებს ამით შევუყვარდები, ძალიან სასიხარულო იქნება ჩემთვის. თუ არადა, ეგეც არ იქნება პრობლემა.
– ბაბუას ვარსკვლავის გახსნაზე მიდის საუბარი. რას ნიშნავს ეს შენთვის?
– არ ვიცოდი, ბაბუს ამაზე არ მოუყოლია. ძალიან სასიხარულო ამბავია. ზურა იმსახურებს ამას, მე ასე ვფიქრობ. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთია. ზურამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო. მასწავლა, რომ რამდენი ლეგენდარული რამეც არ უნდა გააკეთო, როგორი კარგიც არ უნდა იყო ცხოვრებაში, რამდენსაც არ უნდა უყვარდე და რამდენიც არ უნდა გიცნობდეს, შენი ყველაზე დიდი მიღწევა თავმდაბლობაა. ამგვარ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია. ზურაში განსაკუთრებულად მიყვარს ის, რომ ზურა ყოველთვის ზურაა – სახლშიც, ქუჩაშიც და გადაცემაშიც. ერთადერთი, სადაც სულ სხვა ადამიანი ხდება, ეს სცენაა – ამის გამო ძალიან ვაფასებ ბაბუს. მიხარია, რომ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს.
– ტრადიციული ბაბუ არის?
– არა, სულ სხვანაირი ბაბუა. ყოველთვის პირდაპირია, ძალიან ახლოს არის ოჯახთან, არ არის ტიპური ბაბუ. დედაჩემის მამასთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ორივე ჩემი ძმაკაცები არიან. არც ვიცი სხვა შვილიშვილები როგორ არიან თავიანთ ბაბუებთან, თუმცა, მგონია, რომ არცერთი არ არის სტანდარტული ბაბუ. ზოგადად, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ არის ტრადიციული ტიპაჟი, არც დედის და არც მამის მხრიდან, დედ-მამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მათი დამსახურებით, ბავშვობიდან ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვიყავი. ნებისმიერ ასაკში მქონდა ჩემი აზრის თავისუფლად გამოხატვისა და დაცვის უფლება. ჩემს სიტყვას ყველაფერში ჰქონდა წონა. არასდროს მიგრძნია, რომ ბავშვი ვიყავი და ოჯახურ დისკუსიებში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. პირიქით, ვგრძნობდი, რომ ჩემი ხმა ყოველთვის ისმოდა.