როგორ გათავისუფლდა მარკუს მეტრეველი სასიყვარულო ჯადოსგან და როდის ხედავს ის გარდაცვლილთა სულებს

ამ ინტერვიუთი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძალიან საინტერესო მხარეს გაიცნობთ. ნახავთ, რა გზები გაუხსნა მას სირთულეების გადალახვამ და საკუთარი თავისა თუ სამყაროს შეცნობის პროცესმა.

მარკუს მეტრეველი: ეზოტერიკა ფართო და ძალიან საინტერესო ცნებაა. ის გეხმარება, აღმოაჩინო შენი თავი, შინაგანი მდგომარეობა და მოაწესრიგო ის. გქონდეს დისციპლინა საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. ის გასწავლის სწორად ცხოვრებას, იმასაც, თუ როგორი ადამიანები გჭირდება გარშემო და როგორები უნდა განდევნო შენგან, როგორი უნდა შეიყვარო და როგორი – უარყო. მე ეზოტერიკა ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების დაბალანსებაში. ეს იდუმალი სამყარო მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მაინტერესებდა. ეზოტერიკა ბერძნული სიტყვაა და შინაგანი სულიერი მდგომარეობის შესწავლასა და გაჯანსაღებას ნიშნავს. მე ავიღე შესაბამისი ლიტერატურა და თინეიჯერობის ასაკიდანვე დავიწყე ამ საკითხში განვითარება. ეზოტერიკის განშტოებებმა კიდევ უფრო ღრმად ჩამახედა ღმერთის სამყაროში. სიღრმეებში რომ შევედი, ბევრი დაფარული რამ აღმოვაჩინე. მაგალითად ის, რომ რიტუალი ასკეზა არის ფანტასტიკური საშუალება ღმერთთან თანამშრომლობისთვის.

– რას მოიაზრებს ეს რიტუალი?

– ასკეზა ძალიან მაგიურია. ეს არის 21-დღიანი რიტუალი, რომლის დროსაც, შენ ღმერთთან თანამშრომლობ. სულიერად სთხოვ იმას, რაც გინდა მომავალში მიიღო. მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა დათმო შენი ხასიათის მავნე ჩვევა – ყველაფერი ცუდი, რაც გაწუხებს, გინდა გადააგდო, მაგრამ ვერ აგდებ. შენ თუ ამას შეძლებ, მაგალითად, იქნება ეს სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარება, თუ მასზე უარს იტყვი და არ დაარღვევ აღთქმულ პირობას, აუცილებლად მოგეცემა უფლისგან ის, რაზედაც ოცნებობ. ყველაფერი, რაც ასკეზას დახმარებით ღმერთისთვის მითხოვია, მომცემია. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ამ პროცესში, იმას თმობ, რაც შენ გვნებს. ასკეზა შენ სულიერ სამყაროს წვრთნის, იმისთვის, რომ უკეთესი შენი თავი გამოგავლენინოს. ამ პროცესში ახლიდან იბადები, იბადება შენი საუკეთესო ვერსია, სულიერად ჯანსაღი. უკვე იცი, რა გინდა სამყაროსგან, რა უნდა გასცე და რა უნდა მიიღო.

– როგორი ადამიანები გაუშვი საკუთარი ცხოვრებიდან?

– საკმაოდ ბოჰემურად ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არც თუ ისე საინტერესო იყო, გამოცდილებას ვიღებდი. კარგად მივხვდი, რომ ეს არის სიყალბე, ერთი დიდი პოზა, ერთმანეთისთვის ქონებისა და ბრენდების დატოლება და ამით ადამიანური სიჯანსაღის განსაზღვრა. „ძალიან მაგარი ტიპი ვარ თუ „ლუი ვიტონი“ ან „ლაბუტინი“ მაცვია“ – ეს აზროვნება განსაზღვრავს ჩვენს სოციუმს და მივხვდი, რომ ამ სოციუმში ჩემი ადგილი აღარ იყო, რომ სხვა რამ მჭირდებოდა. შოუბიზნესური წვეულებები აუცილებელია არტისტისთვის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც გამოვჩნდე, ახლა აღარსად დავდივარ. გადაცემებშიც ვარ, იქ სადაც მინდა და არა იქ, სადაც შოუსთვის ვარ საჭირო. გადაწყვეტილებას ვიღებ იმის მიხედვით თუ რა სჭირდება ჩემს სულიერ მდგომარეობას და არა ხორციელს. ახალგაზრდებისთვის ეს არასტანდარტული საუბარია, ვიღაცას შეიძლება, გაეცინოს, რაებს ლაპარაკობს ეს გიჟიო, მაგრამ ასეთია რეალობა. უნდა გავცდეთ კლიშეებს და მხოლოდ ვიზუალური აღქმით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მე ჩემგან გავუშვი ადამიანები, რომელთან ურთიერთობაც არაფერს მაძლევდა, გარდა დროის კარგვისა. მათგან 24 საათი ვისმენდი სხვის ლანძღვას, იმას, თუ რა ხდებოდა სხვის ლოგინში და მერე, ვისაც ლანძღავდნენ, იმას, სუფრასთან რომ ხვდებოდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ – ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. მირჩევნია, ხანდახან ჩემთვის მარტო, მდუმარებაში ვიყო, ბუნებას ვუსმენო, მუსიკას ვუსმინო, ვიდრე ამ ფლიდ და არაფრისომცემ საზოგადოებასთან მქონდეს შეხება.

– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, სასიყვარულო ჯადო გქონდა გაკეთებული, მისგან გათავისუფლება როგორ მოახერხე?

– როდესაც გავიგე, რომ ჩემში ეს საშინელი ენერგიაა, მაშინვე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ძალა და როგორ უნდა მომესპო ის. მე საბერძნეთში ბუზუკებში ვმუშაობდი და სხვადასხვა ქალაქში მიწევდა ყოფნა. ერთ-ერთი ქალაქი მეტეორასთან იყო ახლოს. მოგეხსენებათ, მეტეორა არის დიდი სამონასტრო კომპლექსთაგანი, რომელიც მთის სვეტებზეა განლაგებული. ულამაზესი სანახაობაა. ყოველთვის მინდოდა მეტეორაზე ასვლა. ზუსტად იქიდან დაიწყო ჩემი სულიერი მდგომარეობის განვითარება. ავედი თუ არა კლდეზე და იქ შევედი, მამაომ დამინახა და მითხრა, რომ მე მაქვს ძალიან დაბინძურებული აურა და ჩემში სხვა, ბოროტი ენერგიაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვაშორო ჩემი სხეულიდან და სულიდან. ამაზე გამეცინა, მაშინ არ მჯეროდა. მერე ამ ადამიანთან ყოველდღიური შეხება მქონდა. სამი თვე ვიყავი ამ ქალაქში, სამი თვე დავრჩი მეტეორაზე და მამაოებმა ძალიან ბევრი იმუშავეს ჩემს სულიერ წვრთნაზე. ვხვდებოდი, როგორ გადიოდა ჩემი ორგანიზმიდან ეს ბოროტი ენერგია. დამჭირდა ძალიან ბევრი ლოცვა, მეტანიები, კვეთებულები და ათასი რამ, რასაც ახლა ვერ მოვყვები. გრძნობ, რომ ეტაპობრივად ამისგან თავისუფლდები. ბოროტს ებრძვის კეთილი ძალა, ეს ძალიან, საშინლად და აუტანლად რთული მდგომარეობა იყო. მხოლოდ დედაჩემმა იცის, რამდენად რთული. სამწუხაროდ, მისთვის იყო ეს ხილული, ის გვერდით მედგა და საკუთარი თვალით ხედავდა, თუ რა მემართებოდა, როცა ეს ყველაფერი ჩემგან გადიოდა. ძალიან ვმძიმდები ამაზე საუბრით და მეტ დეტალებში ნუღარ შევალთ.

– სერიოზული ზიანი მოგაყენა?

– ეს ძალიან გვნებს, ჯანმრთელობას გინადგურებს. სულიერად თუ ფიზიკურად საშინლად გრძნობ თავს. ღებინება გაქვს, თავი გტკივა, ძვლები გტკივა, სხეულის ყველა ნაწილი… დაზომბებული ხარ, რობოტივით მოქმედებ და აზროვნებ, არაფერი გაინტერესებს, გარდა იმ ერთი ადამიანისა. სულ სხვა ადამიანი ხდები. მაგრამ ეს ისე ხდება, რომ თვითონ ვერ აცნობიერებ. გგონია, რომ ისევ ისეთი ადამიანი ხარ, როგორიც აქამდე იყავი, უბრალოდ, გვერდში მდგომი ადამიანები გეუბნებიან, რომ შეიცვალე. სულ სხვა ადამიანი ხარ, სხვა თვალებით, შუშის გამოხედვით და ამ ყველაფერს ბუნებრივად აღიქვამ. არადა, ამ დროს, ყველაზე არაბუნებრივი და სხვა პლანეტიდან მოსული მხეცი ხარ.

– ძლიერი წინათგრძნობა გაქვს?

– კი, ასეა. შემიძლია, ამაზე თავი დავდო. ვინც ჩემ გარშემოა – მეგობრები, მშობლები, მეუღლე – იციან, რამეს რომ ვიტყვი, ის აუცილებლად ახდება, დღეს თუ არა, ერთ წელიწადში მაინც. ხანდახან მეუბნებიან: მარკო, გაჩერდი, არაფერი არ თქვა, გვეშინიაო.

– თუ შეგიძლია, ეს რაიმეს შესაცვლელად გამოიყენო?

– ამას ვერ შეცვლი. ბებიაჩემი ძალიან ცუდად იყო, სიკვდილის პირას. მე რამდენიმე თვით ადრე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ძალიან მიყვარდა, დღეს თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის ცოცხალია და ჩვენ გარშემოა. სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა, გარდაცვალება – კი ბატონო. ერთ საღამოს, სახლიდან რომ მივდიოდი, ვიცოდი, რომ დაბრუნებულს ბებო ცოცხალი აღარ დამხვდებოდა. ტელეფონს ვუყურებდი, ახლა დამირეკავენ და მეტყვიან, რომ გარდაიცვალა-მეთქი და ასეც მოხდა. ეს შეგრძნებები ძალიან მამძიმებს. ამიტომ სხვებიც რომ არ დავამძიმო, ხანდახან მინდა, სრულიად მარტო ვიყო, ერთი კვირა, ათი დღე და ერთი თვეც კი. როცა ვგრძნობ, რომ რაღაც კარგი ან ცუდი მიახლოვდება, ამ ყველაფრის გასააზრებლად უნდა განვმარტოვდე. ეს ემოციურად მაგდებს, მაგრამ ფეხზე წამოდგომის უნარიც მაქვს. ამას კარგი მხარეც აქვს, სულიერად მწვრთნის და ჯარისკაცად მაქცევს.

– ბებოსთან დაკავშირებით თქვი, მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ გვერდითააო. გარდაცვლილ ადამიანთან განსაკუთრებული კავშირი გიგრძნია?

– ჩემთვის არ არსებობს ადამიანის სიკვდილი. ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს დავდივარ პანაშვიდებზე. იმიტომ, რომ იქ ვხედავ ცოცხალ ენერგიებს და ეს ქაოსში მაგდებს. გარდაცვალება ჩემთვის მხოლოდ ფიზიკური დანაკლისია. მის შემდეგ სრულიად სხვა სამყარო არსებობს, რომელსაც მე ვხედავ. ბებიასთან ყოველდღიური შეხება მაქვს, სულ გვერდით მიდგას. მისი გარდაცვალებით ჩვენი კონტაქტი არ გაწყვეტილა, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მე ის ძალიან მიყვარდა, ჩემი ცხოვრებიდან წასული ადამიანების ენერგიებს მე ბავშვობიდან ვხედავ. ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელშიც ჩანს, საიდან დაიწყო ჩემი განვითარება ამ მხრივ. დაახლოებით, 9-10 წლის ასაკში ძალიან ეკლესიური ვიყავი. ამის გამო დამცინოდნენ, ვის აინტერესებდა კომუნისტების დროს ეკლესია და რწმენა. მე საბერძნეთში, კუნძულ ლემნოსზე ცხოვრებისას დავიწყე ეკლესიასთან აქტიური ურთიერთობა და მღვდელს ხშირად ვეკითხებოდი – გარდაცვალებისას ჩვენი სხეული კვდება და ასე მთავრდება ჩვენი არსებობა-მეთქი?! საბერძნეთში ასეთი რიტუალია – ადამიანის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მის ძვლებს საფლავიდან იღებენ, ასუფთავებენ, ყუთში ათავსებენ და საცავში ათავსებენ და საუკუნეების განმავლობაში ინახავენ. იმ ადგილას კი სხვა ადამიანს კრძალავენ. ერთხელაც, მამაომ სასაფლაოზე ზუსტად იმ დროს მიმიყვანა, როდესაც საფლავს ძვლების ამოსასვენებლად თხრიდნენ. მე გარშემო დავინახე სულები, რომლებიც ამ პროცესს უყურებდნენ. მაშინ ვკითხე მღვდელს, ეს ამდენი ადამიანი ჩვენ გარშემო ვინ არიან და მათ რატომ ვერ ვეხები-მეთქი? მე მათ ძალიან ცხადად ვგრძნობდი, ამ ადამიანებში შევედი, მაგრამ ისინი მე ვერ მეხებოდნენ. ვეხებოდი ადამიანებს, რომლებიც საფლავიდან ძვლებს იღებდნენ და ვერ ვეხებოდი დანარჩენებს. მამაომ მითხრა, ეს ადამიანები, რომლებსაც შენ ხედავ და ჩვენ ვერა, არიან სულები და შენს კითხვებზე, დროთა განმავლობაში შენ აუცილებლად მიიღებ პასუხებსო. იქიდან მოყოლებული, დავიწყე კვლევა-ძიება, სწავლა და ასე მოვედი დღემდე. ზოგს ეცინებოდა, ზოგს, გიჟი ვეგონე, ზოგს, უბრალოდ არ ჰქონდა პასუხი ჩემს კითხვებზე, მაგრამ შევძელი პასუხები მეპოვა.