რა როლს თამაშობს იღბალი გიორგი გილიგაშვილის ცხოვრებაში, როგორ ხვდება ის განსაცდელებს და რა დაეხმარა ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლაში განსაკუთრებულად, ამაზე თავად მოგვიყვება.
გიორგი გილიგაშვილი: იღბლის სინონიმად შეგვიძლია, სიტყვა ბედისწერა გამოვიყენოთ. ბედ-იღბადი ერთადაც მოიაზრება. ჩემი უსაყვარლესი მოძღვრის სიტყვებით ვიტყვი: „ყოვლისშემძლეა ბედისწერა ვისაც ჰქონია, ბედი კი არა, იმ საბრალოს ჭკვა არ ჰქონია, ყველა თვითონ არის საკუთარი ბედის მჭედელი, ბედს არ უჩივის სულიერი თვალით მხედველი“. ვფიქრობ, მამა იოსებმა ამ ლექსში ჩემი და იმ ადამიანების სათქმელი თქვა, ვისაც ბედისწერა არ ჰგონია მეუფე, ვისთვისაც მეუფე უფალია. თუ უფალი საკუთარ ხატებას აძლევს ადამიანს, ასევე, აძლევს საკუთარი ბედისწერის განკარგვის უფლებასაც. ამიტომ წინასწარ განსაზღვრული ბედისწერა და იღბალი არ არსებობს. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, იღბალს ჰქვია წყალობა უფლისა – როდესაც ადამიანს ესა თუ ის სიკეთე მოგემადლება და აღმოჩნდები საჭირო დროს საჭირო ადგილას. როგორც ყველა ადამიანზე არის დაშვებული წყალობა და მადლი, ისეა ჩემზეც, როგორც ღვთის შვილზე და მე მას ყოველივეს სიყვარულით ვიღებ.
– ამასთან ერთად არის რთული პერიოდებიც. ყველაზე რთულად რა გახსენდებათ და როგორ გაუმკლავდით მას?
– ადამიანი შეიძლება, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადამლახავი იყოს, მაგრამ პატარა გუბეში დაიხრჩოს. პაპა ამბობდა ხოლმე, ადამიანი შეიძლება, ძალიან პატარა განსაცდელმა დაღუპოსო. არ გავიხსენებ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებს, მაგრამ უფლის წყალობა იყო ის დიდი განსაცდელები, რომელიც უფალმა დამაძლევინა და ის პატარა განსაცდელებიც, რომელიც შეიძლებოდა, დიდი გამხდარიყო და ფატალურად დასრულებულიყო – ასეთებიც მრავლად იყო. მორჩილებით ვიღებ უფლის დაშვებას საკუთარ თავზე, თუმცა დიდსა და პატარა განსაცდელებს არ გამოვყოფ ერთმანეთისგან, იმის გამო, რომ შეიძლება, დიდს გაუმკლავდე, მაგრამ ძალიან პატარამ დაგაბრკოლოს. ვიღაცას შეიძლება, მილიონმა ვერ დააკარგვინოს სახე, სხვისთვის კი 30 ვერცხლი აღმოჩნდეს საკმარისი სახის დასაკარგად.
– ბოლო პერიოდის მთავარი სირთულე, ალბათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია. ეს უკვე განვლილი გზაა თუ კიდევ არის გასავლელი გარკვეული ეტაპები?
– კი, არის გასავლელი ეტაპები. 10 რიცხვში მივდივარ მეორედ რადიაქტიური იოდით დასასხივებლად. ჩემი ფიქრები ასეთია, რაც არ უნდა განვიკურნო ამ სნეულებისგან, ადამის მოდგმის ყველა ცოცხალ ადამიანს სნეულებად სჭირს სიკვდილი – ჩვენ ყველა სიკვდილის მატარებლები ვართ. ადამიანი განუკურნებელია მანამ, სანამ არ იხილავს უფალს და სანამ ის მარადიულობას არ მიანიჭებს. როდესაც უფალი საუკუნო სასუფეველს მოგმადლის, მაშინ აღარ გჭირს არაფერი. ამ ცხოვრებაში უკვდავებას ვერ შეიძენ და ყოველთვის სიკვდილის მატარებელი იქნები, სნეულებით თუ სნეულების გარეშე. ამ ცოდვილ დედამიწაზე ასეა.
– თუმცა, ვფიქრობ, რომ სიცოცხლე ძალიან გიყვართ და მისი გაფრთხილება, ალბათ, არის მიზანი.
– ერთმა ულამაზესმა და უმშვენიერესმა გოგონამ – ქეთევანმა, ჩემი სულის მეგობარმა ასე ბრძანა: „სიცოცხლე ისე მიყვარს, მზად ვარ, რომ მისთვის მოვკვდე“. მან ჩემი სათქმელი თქვა ძალიან ლამაზად. თუმცა, ჩვენ ადამიანები ვართ და სამწუხაროდ, სიცოცხლისადმი ეს ძალიან დიდი სიყვარული არ შეგვიძლია ხოლმე გამოვხატოთ. ხშირად არც კი ვუერთგულებთ მას. ასე პოეტურად და ძალიან ლამაზად შეგვიძლია მასზე საუბარი, არადა რეალურად ბევრჯერ აბუჩადაც ვექცევით ჩვენთვის ნაბოძებ სიცოცხლეს.
– გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ არ მახსოვს. ღვთის მადლით, გარემო დიდი სიყვარულით განიმსჭვალა სნეული ადამიანის მიმართ, მე ვიქნებოდი თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი ლოცვის, სიყვარულის, მოწყალების წყალობით, ყველაფერმა მშვიდად გაიარა. აბსოლუტურად აღარ მახსოვს ეს დარდიანი წუთები და წამები, რომელმაც იმ დროს შეიძლება, გაგვაწამა. რაც ნეგატიურია და არაფერს არ მომცემს, ვცდილობ, არ დავიმახსოვრო და ღვთის წყალობით, გამომდის. თან ისე გამიმარტივეს ჩემმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამოქალაქეებმა, რომ ეს გზა სიყვარულის ფარდაგით მოფენილი გამატარეს და ახლაც ასე მატარებენ.
– მეორე დასხივებით სრულდება მკურნალობა?
– ჯერ ვერ ამბობენ ექიმები. დასხივების შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით იმსჯელებენ.
– რამდენიმე დღის წინ ლიზი ჩიჩუას დაბადების დღე იყო და განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ვიდეომ, რომელშიც დასთან ერთად ცეკვავთ. როგორც ვხვდები, მკურნალობის პროცესი რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ხალისს გიკარგავთ, რაც, ვფიქრობ, დიდი სტიმულია სხვებისთვის…
– ჩემი ულამაზესი დაიკო, ნუცა ყველანაირად მილამაზებს ცხოვრებას, მასთან ერთად – მთელი ჩემი ოჯახი. როდესაც საუბარია განსაცდელზე, შენ თუ ქრისტიანად მიგაჩნია თავი, უნდა დაინახო უფლის ხელი ამ განსაცდელში. ესე იგი, მას შენი უფრო მეტად გაძლიერება სურს. კვლავ მორჩილებითა და უდიდესი სიყვარულით უნდა შეხვდე ამ ყველაფერს. ლიზიკოსა და მაქაცას სიყვარულის შემხედვარე, როგორ შეიძლება, მე ბედნიერი არ ვიყო, მათი სიყვარულის ჯვრის მტვირთელი, როგორც მეჯვარე. როგორ შეიძლება, ჩემი ლამაზი ოჯახის, ჩემი მეგობრების, რომლებიც არაფერს იშურებენ წვეროსანი ძმისთვის, უცნობი ადამიანების, რომლებიც ამხელა სითბოს მიზიარებენ, როგორ შეიძლება, მადლიერი და ბედნიერი არ ვიყო?! ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ასეთ პატივში რომ ვყავარ ჩემს ქვეყანას. ამ დაუმსახურებელ სიყვარულს ისეთი ხასიათი აქვს, რომ არ მაძლევს მოდუნების უფლებას და იმის საშუალებას, ვიყო ისეთი, როგორიც არ მშვენის, რომ ვიყო. ამიტომ ვარ ყოველთვის ღიმილით პირზე და მხრებში გაშლილი – „თუ დაიბადე ქართველად, ცაში ღმერთი გყავს მფარველად“. თუ სიკვდილი გებრძვის, შენ სიცოცხლით უნდა ებრძოლო, ღვთის წინაშე ვალი უნდა მოიხადო, როგორც ქრისტეს მხედარმა, როგორც ქრისტეს შვილმა. არაფრის უნდა გვეშინოდეს.
– დასაწყისში, ახსენეთ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენა – რამდენად ხშირად მომხდარა ასე თქვენს ცხოვრებაში?
– მარად ვგრძნობ, მშვენიერო, ამ ყველაფერს. თითქოს ვერ ვხვდები, რატომ ვდგამ თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ ცოტა დრო გადის და მერე ვრწმუნდები, რომ ზუსტად ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. თუ სიყვარულში ხარ, უფალი ისე გეხმარება ყველაფერში, ვერ აგიხსნით. უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს. სადაც არ ვიყავი, იქ არ უნდა ვყოფილიყავი, სადაც არ მინდოდა წასვლა, მაგრამ წავედი, თურმე, ზუსტად იქ იყო ჩემი ადგილი. ჩემს თავს სულ სასწაულები ხდება. უფლის ნების გარეშე ციდან წვიმის წვეთი არ ვარდებაო, ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის.