“შვილმკვდარი დედა მწერს, შენი სიმღერით გადამაქვს დარდებიო”

Ocean Side – ბარბარა სამხარაძის ახალი სიმღერაა, რომელმაც მას საოცარი წარმატება მოუტანა. სოციალურ ქსელებში სიმღერას საოცარი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მოკლე დროში უამრავმა ადამიანმა შეიყვარა.

ბარბარა სამხარაძე: ეს სიმღერა 2020 წელს პანდემიის პირობებში შეიქმნა. მუსიკის ავტორი მე არ ვარ, ინტერნეტში ვიპოვე, ის ერთ-ერთი უცხოური ბენდისაა და მე ამ მუსიკაზე დავწერე სიმღერა. ჩემი ნამუშევარი მაშინვე ძალიან მომეწონა, ყურსასმენების ვერსია ჩავწერე და „იუთუბზე“ დავდე. მაშინაც საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი რესურსის გამოყენების გარეშე მქონდა ჩაწერილი. ორი თვის წინ, ტიკ-ტოკზე ვიდეო დავდე, სადაც ამ სიმღერის ისტორია მოვყევი და გამომწერებს მივმართე, თუ მოგწონთ ეს სიმღერა, ვიდეო მოიწონეთ-მეთქი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა მიწერდა, აუცილებლად ჩაწერე ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია კარგი ხარისხით და ისეთი ჟღერადობა აქვს, ისე ახლოს მიდის ადამიანის გულთან, რომ ის აუცილებლად ჰიტი გახდებაო. ბევრი მეკითხებოდა, სრული ვერსია სად ვნახოო და დავკომპლექსდი, რადგან სრული ვერსია მხოლოდ ყურსასმენებისთვის მქონდა ჩაწერილი და ისიც ტექნიკურად ისეთი გაუმართავი იყო, შხრიალი გაუდიოდა (იცინის). მალე ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ხმის ჩამწერი აქვს, რამე სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა. მე კი ზუსტად ეს სიმღერა შევთავაზე. არც ამჯერად ჩამიწერია სტუდიაში, ყველაფერი ჩემთან, სახლში გავაკეთეთ. ეს სიმღერა ჩემს მისაღებ ოთახში ჩაიწერა და ფაქტობრივად, ყველაფერი ერთ დღეში გავაკეთეთ. ამხელა შედეგს არ ველოდი, რადგან მე არ მყავს პროდიუსერი. არ მყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ელოდება ჩემს თითოეულ ნაბიჯს, რომ მერე ტაში დამიკრან, სხვებსაც დააკვრევინონ, კარგად შეფუთონ ჩემი ნამუშევარი და იმაზე იზრუნონ, რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს მის შესახებ. ბოლომდე ჩემი თავის იმედად ვიყავი. თუ ჩემი სიმღერა ნახვებს დააგროვებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავაზიარებდი სოცქსელში. თუმცა, იმის გამო, რომ ამ სიმღერის ჩაწერა მეგობარმა აიღო საკუთარ თავზე, ანუ, ფინანსები არ მჭირდებოდა, სულ რომ არ გამომექვეყნებინა, მე მაინც დამრჩებოდა ნორმალური ხარისხის სიმღერა და ღირდა. როცა ამ სიმღერის შესახებ დავაანონსე, დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაგრამ როდესაც უკვე ანონსი გამოვაქვეყნე, იქიდან დაიწყო ყველაფერი.

– მოვყვეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

– გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ სიმღერას 700 000-ზე მეტი ნახვა აქვს, რაც პირველი ნაბიჯისთვის ძალიან ბევრია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი მისი პიარი ამ სიმღერის სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე გამოქვეყნებაა (იცინის). მერე და მერე, როდესაც ნახვები სწრაფი ტემპებით იმატებდა, ჩემს გამომწერებს ჩემი სიხარულის ემოციებსაც ვუზიარებდი.

– დღეს „ტიკ-ტოკზე“ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ვიდეოს მაინც, მუსიკალურ ფონად ეს სიმღერა ადევს…

– კი, დღეს უკვე ძალიან ბევრი გამოყენება აქვს ამ სიმღერას. მსმენელისგან ყოველდღიურად საოცარი შეტყობინებები მომდის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ თითოეული ადამიანი თავის ისტორიას მიყვება და იმ განცდებს მიზიარებს, რაც მათში ჩემმა სიმღერამ გამოიწვია. ბევრი მწერს, რომ ეს სიმღერა ამშვიდებს. მწერენ მშობლები, ვისაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ, რომლებსაც მეტყველება უჭირთ, მაგრამ ჩემს სიმღერას ჰყვებიან. შვილმკვდარი დედა მწერს, შენი სიმღერით გადამაქვს დარდები, მისი მოსმენა მამშვიდებსო. უნდა გქონდეს მენტალური მზაობა იმისთვის, რომ დაჯდე და ეს შეტყობინებები იკითხო ისე, რომ ბედნიერებასთან ერთად, ძალიან არ დაითრგუნო.

– ეს სიმღერა რომ გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი კომენტარი შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები აქამდე არ აფასებდნენ შენს ნიჭს და რომ ამ ნაბიჯით ყველას დაუმტკიცე, რამდენად ნიჭიერი ხარ. რეალურად, გიგირძნია, რომ სათანადოდ ვერ გაფასებენ?

– მჯობნის მჯობი ვინ დალია, მაგრამ მიგრძნია მაშინ, როცა დამინახავს, რომ ადამიანი ჩემზე ცუდად მღერის, მაგრამ მას მეტ ყურადღებას უთმობენ, ყურადღებასთან ერთად, უთმობენ სცენას, ეკრანს და ასე შემდეგ, მაინც რთულია. ასეთ მომენტებში უფრო ვგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად, მაგრამ დღეს ძალიან ამაყი ვარ. მე რაც გავაკეთე, ჩემით გავაკეთე. დამოუკიდებლად მოვედი აქამდე. არავინ დამხმარებია. არავის უთქვამს, მოდი, ბარბარა, ისეთი სიმღერა ჩავწეროთ, რომელიც ორ კვირაში ამდენ ნახვებს დააგროვებსო. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემგან არც ელოდა ასეთ რამეს.

– თვითონ თუ გჯეროდა, რომ ერთ დღესაც ყველას ყველაფერს დაანახვებდი.

– მე ძალიან რეალისტი ვარ და ვიცოდი, რომ ერთ დღეს ყველას ყველაფერს დავანახვებდი, მაგრამ ეს დღე თუ ასე მალე მოვიდოდა, ნამდვილად არ მეგონა (იცინის). ყველამ ვიცით, რომ ჩვენ მეტის ღირსები ვართ, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამას პირველივე სიმღერით შევძლებდი. აი, წარმოიდგინეთ, დააპირო სახლის მშენებლობა და ერთი აგურის დადების შემდეგ, უკვე მასში საცხოვრებლად შეხვიდე – მე ზუსტად ასე მომივიდა. ერთი აგური დავდე და შედეგად უკვე მზა შენობა მივიღე.

–შეიძლება, შოუბიზნესში არის წინ გაშვებისა და ნაკლებად ნიჭიერისთვის მეტი ყურადღების დათმობის პრობლემა, მაგრამ მგონია, რომ მსმენელი ყველაფერს სწორად იგებს და გამოჩენის დღიდან გაფასებენ, როგორც ძალიან ნიჭიერ გოგონას.

– ყველა წარმატებული ადამიანი საზოგადოებამ შექმნა. მათ თუ შეგიზიზღეს, ვინც არ უნდა გაპიაროს, ხვალ აღარავინ იქნები და თუ ნორმალურს არ ქმნი, როცა შენი მუსიკა სადმე გაჟღერდება, უბრალოდ, სხვაგან გადართავენ. მე თამამად ვიტყვი, რომ ჩემი წარმატების გზაზე არც ტელევიზია მჭირდება და აღარც რადიო. რადიო პირდაპირ კავშირშია მუსიკასთან, კარგი იქნება თუ იქ იტრიალებს სიმღერა, მაგრამ დღეს, მოგეხსენებათ, ტელევიზიაც და რადიოც, სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლეს. ყველაზე მეტი ადამიანი ამ სივრცეში აზიარებს ინფორმაციას და რეიტინგიც ამის მიხედვით იწერება. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩემი სიმღერა წარმატებული გახდეს, არც რადიოს მივმართავ და არც ტელევიზიას. ჩემი მისვლა, პირიქით, მათ დაეხმარება რეიტინგის დაწერაში.