ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემას მეუღლესთან, თამუნა ყურაშვილთან ერთად ესტუმრა და წყვილმა საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა. წყილი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინდა და საერთო შვილს სანი სანაიას ზრდიან. ვახო სანაიას პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძესთან ორი გოგონა ჰყავს, მეორე მეუღლესთან, ჟურნალისტს ნათია გაბუნიასთან ერთი ქალიშვილი. ჟურნალისტის მესამე მეუღლე ცნობილი სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილია, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს…
თამუნა:
– ერთმანეთი წლების წინ, რეალურ ცხოვრებაში გავიცანით, კაფეში, აბაშიძეზე. ჩემს მეგობართან, რუსო აბაშიძესთან მივედი, რომელიც იქ მელოდებოდა. რომ შევედი, იქ იჯდა და ტელეფონში იყურებოდა, ეს იყო 2012 წელს. პოლიტიკაზე ვსაუბრობდით, ეს თავჩარგული იყო ტელეფონში, არ გვაქცევდა ყურადღებას და რაღაცაზე ვკითხე, შენ ამაზე რა აზრის ხართ-თქო, ვიცოდი, რომ ჟურნალისტი იყო.
ვახო:
– რუსო ვაშაკიძემ შემჭამა, გამომყევი, ეკა კვესიტაძე უნდა ვნახოო. მივედით კაფეში, ტელეფონი ახალი ნაყიდი მქონდა და რაღაცებს ვარკვევდი. ესენი საუბრობენ, მორჩნენ თავის საქმეზე საუბარს და რუსოს ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. მოიცადე, თამუნა ყურაშვილი უნდა მოვიდესო. არ ვიცოდი ვინ იყო თამუნა, რატომ უნდა ველოდო ვიღაც თამუნა ყურაშვილს. ვიღაც შემოვიდა და დაჯდა, გააბეს პოლიტიკაზე საუბარი და უცებ რაღაც მკითხა და თავი ავწიე, დღემდე აწეული თავით ვარ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა, ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, თამუნას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ეს მომენტი დარჩა ჩემს ცხოვრებაში სამუდადმოდ და მას შემდეგ, 7 წელი გავიდა და ჩვენი გზები შემდეგ 2019 წელს გადაიკვეთა.
ერთი ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და თამუნას მეგობარიც ყოფილა. მისი გარდაცვალების დროს ფეისბუქზე დავწერე მისი სახელი და მოწყენის ნიშანი. ამ დროს მომწერა თამუნამ და მკითხა, რა მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც შვიდი წლის განმავლობაში თამუნამ რაღაც მომწერა. ამის შემდეგაც გავიდა დრო, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყო. მე აღარ ვიყავი ურთიერთობაში, არც თამუნა და შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა.