ვახტანგ ტატიშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თემურ წიკლაურთან ცნობილ დუეტს იხსენებს…
ყველა როლს შეუდარებელი იუმორით და იმპროვიზაციით ასრულებდით და თქვენი დუეტი სცენაზე განუმეორებელი იყო…
ესტრადას ეს უპირატესობაც აქვს: აქ ისე მკაცრად არ არის შეზღუდული ტექსტი ან სცენარი, როგორც თეატრში. სცენაზე შეიძლება რაღაც ახლებურად თქვა, მაყურებელი გაახალისო და გააცინო. თემურ წიკლაური ამ მხრივაც უნიჭიერესი იყო: მას კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ სიმღერებს ასრულებდა, სცენაზე საოცარი სიმსუბუქის ატმოსფეროს ქმნიდა. ხალხს ჩვენი დუეტი ამიტომაც მოსწონდა. სულ ვხუმრობდი: თემური სცენაზე ხან მეფეა და ხან – არწივი, მე კი – ხან ჭრიჭინა, ხან – რწყილი, მაგრამ თანამშრომლობას მაინც ვახერხებთ-მეთქი. რაც შეეხება იმპროვიზაციას: დაგეგმილი ხუმრობა არ მიყვარს. სულ მიკვირს, კვირაში ერთხელ იუმორისტული გადაცემები რომ არის, იქნებ იმ დღეს წამყვანი ცუდ ხასიათზეა და არ ეხუმრება? მე იმპროვიზაცია და მოულოდნელი ხუმრობები მიყვარს, რადგან ასეთი ხუმრობა უფრო მოსწრებული და სხარტია.