მსახიობი ნუცა კუხიანიძე დაუვიწყარ ლევან აბაშიძეს იხსენებს და საზოგადოებას უზიარებს იმ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, განცდებს, რომელიც ლევანთან ურთიერთობის დროს ჰქონდა. ნუცას თქმით, როდესაც აბაშიძე გაიცნო, ცხრა წლის იყო და კინოს სამყაროში ნუცას პირველი ნაბიჯები, კინომსახიობობის მიმართ დაინტერესება, ლევანს უკავშირდება.
ამ თემაზე ნუცა კუხიანიძემ დათო გორგილაძის გადაცემაში, “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” ისაუბრა. ნუცას დებიუტი კინოში რეჟისორ გიორგი მგელაძის ფილმში – “არა მეგობარო” შედგა. ამ ფილმში შესრულებული როლი კი ლევან აბაშიძისთვის უკანასკნელი იყო. ლევანი ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო.
ნუცა კუხიანიძე:
“ბავშვი რომ ხარ და თამაშობ, ეს ერთია, მაგრამ როდესაც მოითხოვეს, რომ ეს (მსახიობობა) ეზოს და სახლის იქეთ გასულიყო, რა თქმა უნდა, ალბათ უხერხულობის მომენტი მქონდა. არ ვიცოდი, რა სიტუაციაში ვიქნებოდი, დიდად არ მინდოდა, ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა და საერთოდ რას მოითხოვდნენ ჩემგან.
გიომ (ფილმის რეჟისორი) მითხრა, წამოდიო ერთი, ლევანს გაგაცნობო, წამომყევიო, არ გინდა, ფილმზე ნუ ფიქრობო, უბრალოდ, ლევანი მინდა გაგაცნოო.
იქ იყო ადამიანი, რომელიც გავიცანი დავუმეგობრდი ჩემი გადმოსახედიდან, ახალი აღმოჩენა იყო ჩემთვის და უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი ფილმში რა იქნებოდა და როგორ. ეს პროცესიც (ფილმის გადაღება) იმდენად ხანმოკლე იყო, იმდენად პატარა ვიყავი, სულ მაგათთან ერთად ვერ ვიქნებოდი, მაგრამ ეს მომენტები, როცა უნდა წავსულიყავი, გადამეღო, ლევანთან მეურთიერთა, ყველაზე ძალიან ამას ველოდებოდი.
სხვათაშორის, ამ სახლში ვიყავი ბოლოს რომ ვნახე, აქ ამოვიდა, სუფრა იყო თუ რა, არ მახსოვს, ამოვიდა, სულ თეთრებში იყო. მე რაღაცაზე გავბრაზდი, ყურადღება არ მომაქცია, სავარაუდოდ და ავვარდი ზემოთ, პროტესტის ნიშნად აღარ ჩამოვდიოდი. ლევანი მეძახდა, მივდივარ, მივდივარ, ჩამოდი, ჩამოდი, მე იქედან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი სიტუაციას და მახსოვს, ზუსტად აქ იყო და ხელი დამიქნია, მოვალო, მოვალო კიდევ, ასე მითხრა და წავიდა.
მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ, ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვვარდები და მერე უკვე რეალობა რა არის, რა არ არის ვეღარ ვასხვავებ ხოლმე.ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე თვითონ ვიგონებ ამ ყველაფერს. ასეთი ადამიანისთვის, რომ პირველი დიდი შეხვედრა ლევან აბაშიძესთან შეხვედრაა, გარდამტეხი მომენტი იქნებოდა და ეგრეც მოხდა”, – იხსენებს მსახიობი.
ნუცა კუხიანიძემ ლევან აბაშიძის შინაგან მშვენიერებაზეც ისაუბრა.
“დიდი ენერგეტიკა ალბათ, სხვანაირად რჩება. მე პატარა ვიყავი, როცა მასთან მომიწია ურთიერთობა და როგორც მახსოვს, იქ არ იყო არანაირი ბარიერი. პირველად იყო ალბათ მაშინ, როდესაც მე ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი. ეს იყო მეგობრული დამოკიდებულება, მარტივი რაღაც, ულამაზეს ადამიანთან ურთიერთობა. ეტყობა ძალიან იმოქმედა ჩემზე იმან, რომ თურმე შესაძლებელია არ არსებობდეს რაღაც დროის შეგრძნება არანაირი. ამას ახლა ვფიქრობ, მაშინ რა თქმა უნდა, არც ვიცოდი, არც ვფიქრობ ამაზე, მაშინ საერთოდ სიკვდილი რა იყო, ეგ არ ვიცოდი”, – ამბობს ნუცა კუხიანიძე.