ყოფილი წყალბურთელი და ბოდიბილდერი მაკა ხიზანიშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სულიერად არ დაეცეს, წინაღობების გადალახვისას კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს მუდამ ფორმაში, დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ბევრი იშრომოს. მის ცხოვრებაში, მიუხედავად ბევრი რთული პერიოდისა, არაერთი წარმატება იყო.
– მაკა, სანამ ვარჯიშს დაიწყებდი, წყალბურთელი იყავი. იმ დროს, გოგონასთვის წყალბურთელობა, ცოტა არ იყოს, მიუღებელი სპორტის სახეობა იყო და საზოგადოების უმეტესი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ბიჭების საქმეა და არა გოგონების. როგორ მოხვდი სპორტის ამ სახეობაზე, სადაც შემდეგ გუნდის კაპიტანიც იყავი და მოკლე ხანში საკმაო წარმატებებსაც მიაღწიე?
– ფიზიკურად სუსტი ბავშვი ვიყავი, ჯირკვლებისა და ყელის პრობლემა მქონდა. გლანდები მისივდებოდა, სულ სიცხე მქონდა, თითქმის – კვირაში ხუთი დღე. მოკლედ, სულ ავად ვხდებოდი და ამიტომ, მშობლებს ურჩიეს, ბავშვი ცურვაზე ატარეთ, შედარებით ჯანმრთელი იქნება, გაკაჟდებაო. ზოგადად, წყალი და ცურვა ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. ზამთარშიც ზაფხულშიც აუზიდან სველი თმით მიწევდა გამოსვლა და საერთოდ არ გავმხდარვარ ავად. გაამართლა ცურვაზე შეყვანამ და მას მერე, ცხოვრების ნახევარი წყალში მაქვს გატარებული (იცინის). 16 წლის უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. კედლიდან კედლამდე ცურვა უინტერესო იყო ჩემთვის, გუნდური თამაში და სტრატეგიები უფრო მომწონდა. ამიტომ, წყალბურთზე გადავედი და ისე დავიწყე ვარჯიში, მშობლებმა არ იცოდნენ. ნიჭი აღმომაჩნდა და ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი, ერთ წელში კი გუნდის კაპიტანიც გავხდი. მშობლებს ეგონათ, ისევ ცურვაზე დავდიოდი და ერთხელაც სპორტული გაზეთის, „ლელოს“ ფურცლებზე რომ დაიბეჭდა ჩემი ფოტო თანაგუნდელებთან ერთად, მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე, მათი შვილი წყალბურთელია და თანაც, საკმაოდ წარმატებული (იცინის). საირმის აუზზე ტარდებოდა ჩემპიონატი და თამაში რომ მოვიგეთ, გამოგვჭიმეს გაზეთში ფოტოებითა და გვარ-სახელებით. ჩემს მშობლებს აღარაფერი უთქვამთ. პირიქით, გაუხარდათ, რომ მოვიგეთ თამაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მიზნად დავისახე, აბსოლუტურად ყველაფერს მივაღწიე. რომ გავიგე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვერ მოვხვდი, შემდეგი თამაში ისე ვითამაშე, ეგრევე ამიყვანეს საბჭოთა ნაკრებში. ლომი ვარ ჰოროსკოპით და ალბათ, ამიტომ ვარ ასეთი მიზანდასახული (იცინის).
– ოქროს უბანში დავამთავრე მეასე სკოლა და ჩემი ქმარი, პარალელური კლასელი იყო, ფეხბურთელების კლასში სწავლობდა. დინამოს გუნდი ჩვენს სკოლაში სწავლობდა და იქ გავიცანი ყველა, მათ შორის ჩემი მომავალი მეუღლეც. სკოლა რომ დავამთავრეთ, ინსტიტუტში შემთხვევით შევხვდით და იქ დაიწყო ჩვენი რომანიც. 20 წლის ასაკში გავთხოვდი და 20 წლისა გავხდი წყალბურთის ჩემპიონიც. რაც შეეხება ხელის შეშლას, ჩემი მეუღლეც სპორტსმენი იყო და გვესმოდა ერთმანეთის. ჯერ არ მინდოდა შვილის გაჩენა, რადგან საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიყავი, შეკრებებზე მიწვევდნენ, მაგრამ გათხოვებიდან ორ თვეში დავრჩი ორსულად. კი ვიფიქრე, სანამ მუცელი დამეტყობა არ ვიტყვი და დავმალავ-მეთქი, ორი თვე ვმალავდი კიდეც, პირველ შეკრებაზეც ვიყავი. ვიფიქრე, ოთხ თვემდე მივალ ისე, რომ თამაშს თავს არ დავანებებ-მეთქი, მაგრამ საშინელი ტოქსიკური ორსულობა დამეწყო, ყველამ გაიგო და თან, შეუძლებელი გახდა ვარჯიში. ბავშვი რომ გაჩნდა, სამი კვირის იყო, ისევ აქტიურ სპორტს დავუბრუნდი. მიმყავდა ვარჯიშებზე, ვტოვებდი ექიმის კაბინეტში და მე სავარჯიშოდ გავრბოდი.
– მაკა, შენს ცხოვრებაში არაერთი ტრაგიკული მომენტი იყო. საკმაოდ მძიმე პერიოდები გამოიარე. როგორ გამონახე საკუთარ თავში ძალა, ცხოვრება თავიდან დაგეწყო?
– მართალია, არაერთი რთული დღე იდგა ჩემს ცხოვრებაში. დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, მამის ავადმყოფობა და ტრაგიკული დაღუპვა, ბიზნესის დაკარგვა, რამდენი ერთი ჩამოვთვალო… მამის ნევროლოგიურ პრობლემებს, დედის მძიმე დიაგნოზი დაემატა, დიდი ტანჯვის გადატანა მომიწია. მძიმე გასახსენებელია ახლა ის დრო, ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ოცდაათი წლის ვიყავი, როცა მამა ავარიაში მოჰყვა, მანქანა დაეჯახა, დაუზიანდა ხერხემალი და ტვინი. ერთი თვე რეანიმაციაში იწვა. მართალია გადარჩა, მაგრამ პრობლემები დაუტოვა. აგრესიული გახდა, რასაც ადრე არ აკეთებდა, იმის კეთება დაიწყო – არ ეწეოდა და მერე დღეში ორი კოლოფი სჭირდებოდა, ყავას არ სვამდა და ისიც დაიწყო, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული გახდა, მოკლედ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ორმოცდაერთი წლის რომ ვიყავი, დედის დაავადების შესახებ საკმაოდ ცუდი დიაგნოზი გავიგე. საირმეში იყო დასასვენებლად, ბებია გარდაიცვალა, დავურეკე, ჩამოდი-მეთქი. მითხრა, ძალიან სუსტად ვარ, რომ დავდივარ მალე ვიღლებიო. ვუპასუხე: ნუ გეშინია, რომ ჩამოხვალ გაგივლის, რაც მეტს იმოძრავებ, უკეთესია-მეთქი. რომ ჩამოვიდა, ექიმს გაესინჯა და მან უთხრა, ალერგიული ხველააო და დაუნიშნა წამლები. ამის მერე სისუსტემ იმატა, გადადგამდა რამდენიმე ნაბიჯს და ისე იღლებოდა, უნდა დამჯდარიყო. დაქალი გაჰყვა ექიმთან, ფილტვებზეა პრობლემა და გადავამოწმოთო. ვიფიქრე, ალბათ, გაცივდა და ფილტვების ანთება აქვს-მეთქი. დედამ მითხრა, ექიმთან შემდეგ ვიზიტზე უნდა გამომყვეო. იქ კი გავიგე, რომ დედას სიმსივნე აქვს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი მომენტი. დედას ბოლომდე არ გაუგია, ვუმალავდი. ამის შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა, ხელებში ჩამაკვდა და ისეთი დეპრესია დამემართა, ისეთი ნევროზი ავიკიდე, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მამასთან გადავედი საცხოვრებლად და მას ვუვლიდი. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა სამ წელიწადში გარდაიცვალა. დაულევია, დედის გარდაცვალებას განიცდიდა და ვერ გამოხატავდა. არ ვიყავი სახლში, ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო, უმძიმესი პერიოდი. გამიჭირდა მშობლების გარდაცვალების გადატანა. მშობლების გარდაცვალება და ფინანსური კრიზისი, ის ორი მიზეზი იყო, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ვიღებდი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე გარე სამყაროსთან. ცამეტი წელი ბიზნესი მქონდა – ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მაღაზიათა ქსელი. გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სიტუაცია რომ დაიძაბა, გავკოტრდი და დავრჩი სრულიად ნულზე. ანუ, ერთ დილასაც დავრჩი ყველაფრის გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩემი პრობლემა არავისთვის მომიხვევია თავზე, ბავშვობიდან ჩემს პრობლემებს თავად ვუმკლავდებოდი. მიმტანად დავიწყე მუშაობა. ბიზნესის გაკოტრების მერე ფარ-ხმალი არ დამიყრია და ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დილით ვვარჯიშობდი და მერე კუს ტბაზე ვმუშაობდი დილიდან საღამომდე. ექვსი წელი ვიმუშავე მიმტანად. სხვათა შორის, იმ პერიოდში, კაფეში შემოდიოდა ერთი მამაკაცი. საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდა და დამაინტერესა, ვინ არის-მეთქი. აღმოჩნდა არაბი შეიხი. მოკლედ, მოვეწონე და ერთ დღესაც, ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი შემომთავაზა. გამეცინა და უარი ვუთხარი (იცინის). ბევრი ვერ დაიჯერებს ამ ამბავს, მაგრამ უნდა გენახათ, უარი როგორ გაუკვირდა.
– ვარჯიშის დაწყება ვინ გირჩია?
– ღრმა დეპრესიაში რომ ჩავვარდი და წამლების დალევა დავიწყე, ჩემმა დაქალმა მირჩია, წამოდი, ვარჯიში დავიწყოთ ლაგუნაზეო. შემოვუძახე ჩემს თავს, მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა და აუცილებელი იყო რამე გამეკეთებინა. დაქალმა ძალით წამიყვანა, ჩემმა ხელბურთის ყოფილმა მწვრთნელმა კი, უფასო აბონემენტი გამიკეთა და დავიწყე სიარული. ამან ძალიან მიშველა. იქ გავიცანი ჩემი მწვრთნელი, რომელიც დღემდე მავარჯიშებს. კარენამ შემაყვარა ფიტნესი და სცენაზე რომ ვდგავარ, ესეც მისი დამსახურებაა. დღეს, ფიტნეს-ინსტრუქტორი ვარ და უამრავი ადამიანი დადის ჩემთან სავარჯიშოდ.
– ბოდიბილდერობა როდის გადაწყვიტე?
– 2017 წელს მეუღლეს დავშორდი, მაისში შეჯიბრება იყო, ჩემმა მწვრთნელმა მითხრა: ბარემ ფორმაში ხარ და გადი სცენაზეო. 47 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონატზე პირველად გავედი სცენაზე. სცენის გამოცდილება არ მქონდა, ბოლო ადგილზე გავედი. მაშინ დავპირდი მწვრთნელსაც და საკუთარ თავსაც, რომ აუცილებლად ვიშრომებდი და მომავალში პირველ ადგილსაც ავიღებდი, ოქროსაც და ნომერ პირველი მწვრთნელიც გავხდებოდი. შვიდი წლის მერე ყველაფერს მივაღწიე. ამერიკელები ატარებდნენ შეჯიბრებას საქართველოში და 50 წლის ასაკში პირველი ოქროს მედალი ავიღე. სულ ახლახან ავიღე ოქრო და ივლისში მსაჯადაც მიმიწვიეს.
– ვინც არ გიცნობს, არ იცის, რომ სინამდვილეში, ამ კუნთების მიღმა, ძალიან ნაზი და ემოციური ქალი იმალება – მზრუნველი დედა და ბებია, კარგი მეოჯახე და ერთგული მეგობარი. ქუჩაში თუ გცნობენ და რას გეუბნებიან?
– 32 წლის ბიჭი მყავს – ბექა, რომელსაც არაჩვეულებრივი მეუღლე და ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ვფიქრობ, კარგი ბებია ვარ, თუმცა მკაცრი დედა ვიყავი. ბექა ჩემი სცენაზე გამოჩენის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს და ამისთვის ბევრს ვშრომობ. სხვათა შორის, ახლა ქუჩაში მცნობენ, ადრე კი იძახდნენ: ვა, რა კუნთიანია, რომ დაგარტყას, რას გიზამს, ქალია თუ კაციაო… მივეჩვიე და რეაქცია აღარ მქონდა (იცინის).