ფულის პრაგმატულად გამოყენება საკმაოდ რთული საქმეა, მისი თავისუფლად ხარჯვა კი დიდი სიამოვნებაა, რაზეც უარის თქმა მარტივი ნამდვილად არ არის. ვნახოთ, გამოსდის თუ არა ეს მომღერალ ქეთი გომართელს.
ქეთი გომართელი: ჩემთვის ფული არსებობისთვის საჭირო ატრიბუტია, რომელიც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სიამოვნებას მანიჭებს მისი საშუალებით ჩემი თუ ჩემი საყვარელი ადამიანების სურვილების დაკმაყოფილება და გახარება. ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ მჭირდება და გამოვიმუშავებ.
– მფლანგველი ხარ?
– კი, მფლანგველი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ჩემში ეს თვისება, ვერაფერს ვუხერხებ (იცინის). ზოგადად, ვცდილობ, პრიორიტეტები განვსაზღვრო და ჩემ მიერ გამომუშავებული თანხა ამის მიხედვით დავხარჯო, მაგრამ როდესაც რაღაც მომეწონება, ან დღესასწაული ახლოვდება და მინდა, მეგობარს ან ოჯახის წევრს რაღაც სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთო, ან რამე ისეთ ნივთს წავაწყდები, რაც ძალიან მჭირდება, მაგრამ მისთვის არ მაქვს გათვლილი ბიუჯეტი, ასეთ დროს ვხვდები, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, რისთვის მჭირდებოდა ეს ფული, მაშინვე ახალ დანიშნულებას ვანიჭებ (იცინის). არ შემიძლია ფულის დაზოგვა და თვიდან თვემდე გადანაწილება. სხვათა შორის, ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ტყუილად ვითვალე და ვიანგარიშე, მაგრამ ერთი კარგი გადაწყვეტილება მაინც მივიღე. ის რესურსი და დრო, რომელიც ამის თვლას და ანგარიშს სჭრიდება, შემიძლია, ჩემი უნარების გამოყენებით, მეტი თანხის გამოსამუშავებლად გამოვიყენო, იმისთვის, რომ თუ ზედმეტი გავფლანგე, მერე დანაკლისი შევავსო (იცინის).
– გოგონებისთვის ფულის დაზოგვა ყველაზე რთული ტანსაცმელსა და კოსმეტიკურ თუ თავის მოვლის საშუალებებშია, ასეა შენს შემთხვევაშიც?
– ტანსაცმელთან მიმართებით – კი. როდესაც რაღაც მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არც მჭირდებოდეს და უფრო მეტი, არც მიხდებოდეს, იმ მომენტში თუ მომეწონება, მაინც შევიძენ და მერე წლები მედება. არ მომწონს ეს ჩვევა ჩემში. მაგალითად, ჩემი და პირდაპირ არაფერს ყიდულობს. ჯერ კარგად გააანალიზებს და თუ დარწმუნდება, რომ სჭირდება, მერე იყიდის. მე ჯერ ვყიდულობ, „იყოს მაინც“ პრინციპით და მერე ვწყვეტ, გამოვიყენებ თუ არა მას პრაქტიკაში. ეს არ არის კარგი (იცინის). თავის მოვლის საშუალებებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ მათ ჩემი ფინანსებით არ ვიძენ, დედა მამარაგებს. ორივე ერთი კოსმეტიკური ხაზის მომხმარებელი ვართ და ის ყიდულობს ხოლმე ჩემთვისაც. ამ მხრივ, განებივრებული ვარ. იგივე შემიძლია ვთქვა სუნამოებთან დაკავშირებითაც, თუმცა, სუნამოებს გოგონებს სხვებიც გვჩუქნიან და ყიდვა არ მჭირდება ხოლმე. ძალიან იშვიათად შეიძლება, რამე დამიმთავრდეს უცებ და მომიწიოს ყიდვა.
– გინანია რამეში დიდი თანხის გადახდა?
– არასოდეს. იმიტომ რომ თუ რამე ძალიან მომწონს და მისი შეძენა ჩემი მიზანი ხდება, როცა ამას გავაკეთებ, მერე ფულის დახარჯვის გამო აღარ განვიცდი. სხვა მომენტია იმის გაცნობიერება, რომ დიდი ხარჯი გავიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვეში მეტი უნდა ვიმუშაო, მეტი პროექტი უნდა ავიღო, მეტი კონცერტი მქონდეს და მეტი ღონისძიება წავიყვანო, რომ ჩემი ფინანსური დანაკლისი შევავსო სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც რამეს ყიდულობს და მერე ფულის დახარჯვის გამო ნერვიულობს. მე არ შემიძლია საკუთარი თავისთვის უარის თქმა, როცა რაღაც ძალიან მომწონს და არც თვითგვემა მახასიათებს. ასე რომ, ან საკუთარი თავისთვის უარის თქმა უნდა ვისწავლო, ან მეტი გამოვიმუშაო, ნამდვილად მეორე მირჩევნია და როგორც უკვე ვთქვი, ასეც ვიქცევი (იცინის).
– ფული ადამიანებს ცვლის?
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანი არ იცვლება, უბრალოდ, გარკვეულ მოცემულობაში რეალურ თვისებებს ავლენს. შეიძლება, უფრო თამამი ხდება და ამიტომ. თუ ამის წინაპირობა ფული იქნება, ძალიან ცუდი. შეიძლება ადამიანმა დიდი ფული იშოვოს და ბევრი სიკეთე გააკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, აქამდე ამდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა. თუ პირიქით მოხდა, ესე იგი, ადამიანი გულით არასდროს ფიქრობდა სხვის დახმარებაზე.
– ბავშვობაში მომთხოვნი იყავი?
– როგორც მიყვებიან, პატარა რომ ვიყავი, თურმე, ოჯახის წევრები სახლში რომ მოდიოდნენ, პირველი, რასაც ვეკითხებოდი იყო – რა მიყიდე? არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, სტუმრებსაც იმავე კითხვით მივმართავდი (იცინის). ცოტა უხერხულია, ბავშვი რომ ამას გეკითხება. მერე ცოტა რომ წამოვიზარდე, სკოლის ასაკში, ჩემი ბიზნესი გავაკეთე, სახატავ რვეულებს და გასაფერადებლებს ვყიდდი. სხვაგან თუ 80 თეთრი ღირდა, მე 50 თეთრად ვყიდდი. საქმე ის იყო, რომ ჩემს დას ბევრი თაბახის ფურცელი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მათზე ხელი უფასოდ მიმიწვდებოდა, ჩემი და კი ვერ ხვდებოდა, სად ქრებოდა ამდენი ფურცელი (იცინის). ამ თაბახის ფურცლებისგან ვაკეთებდი გასაფერადებლებს და სახატავ რვეულებს. მახსოვს, რომ ვეღარ ვასწრებდი შეკვეთების შესრულებას, 3-3-ს და 4-4-ს მიკვეთავდნენ ხოლმე და პატარა საქმე ხომ არ იყო?! (იცინის) მაშინ მეორე კლასში ვიქნებოდი. ეს ბიზნესი იმიტომ წამოვიწყე, რომ პროტესტი მქონდა, მინდოდა, ახალ წელს ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები ჩემ მიერ გამომუშავებული ფულით მეყიდა და არა მშობლების მოცემულით.
– გახსოვს, რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველი ანაზღაურება აიღე?
– პირველად მუშაობა რადიოში დავიწყე, მაგრამ პირველი ანაზღაურება მანამდე მქონდა, 15 წლიდან ვიღებდი ჰონორარს სიმღერაში. მახსოვს, რომ ერთ სიმღერაში 100 დოლარს გვიხდიდნენ. ეს იმ დროს კარგი ფული იყო და ჩემს მეგობრებთან ერთად, დღევანდელი გადმოსახედიდან, ათასგვარ სისულელეს ვყიდულობდი. როგორც მახსოვს, პირველად კახეთში ვიყავით ტურნეზე: მე, „სეიშენის“ ბიჭები, აგნესა, ქეთა თოფურია და ბუკა მანაგაძე. კახეთის მასშტაბით გვქონდა კონცერტები და ბოლოს სოლიდური ანაზღაურება ავიღე.
– ხელგაშლილი ადამიანი ხარ?
– კი, ძალიან ხელგაშლილი ვარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უნდა ვიყო. ჩემ გარშემო ამას ყველა აღნიშნავს. არც საკუთარი თავისთვის მენანება და არც ახლობლებისთვის. ფული იმისთვის არსებობს, რომ დახარჯო. იმისთვის, რომ შენც გაიხარო და საყვარელი ადამიანებიც გაახარო. ეს ის ფურცლებია, რომლითაც დადებით ემოციებს ქმნი და კალენდარში ბევრ ლამაზ დღეს ინიშნავ, მეტი არაფერი.