“იმდენად კეთილი და მშვიდია, ხანდახან ცრემლები მომდის ხოლმე”

მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრება რამდენიმე თვის წინ, როგორც თავად ამბობს, 360 გრადუსით შეიცვალა. ამის მიზეზი მისი შვილი და შესაბამისად, მამის ამპლუაა.

დათუნა მგელაძე: რაც არ უნდა ვთქვა, როგორ ლამაზადაც არ უნდა ვეცადო იმის გადმოცემას, რამდენად მაგარი გრძნობაა მამობა, ვერ შევძლებ იმ განცდების აღწერას, რაც ამან ჩემში გამოიწვია. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ აქამდე არასდროს მიგრძნია. თუნდაც ერთი წლის წინ ამაზე ვერაფერს ვიტყოდი და ვერც სხვისას გავიგებდი, რამდენად ლამაზადაც არ უნდა ეთქვა. ეს მართლა აუხსნელი გრძნობაა, ყველაზე დიდი ბედნიერება და ნამდვილი საოცრებაა. თითქოს, ცხრა თქვე გაქვს ამაზე საფიქრალად, წარმოსადგენად და ასე შემდეგ, მაგრამ ეს დრო არაფერია, ცხრა თვე მხოლოდ ნერვიულობ, მაგრამ როცა პატარა იბადება და რაც დრო გადის, ყოველ წუთს და წამს მისდამი სიყვარული შეუჩერებლად იზრდება, მართლა არ აქვს საზღვარი. ყოველ დილით, თვალებში რომ ჩავხედავ, ჩამეხუტება და ჩავეხუტები, არ ვიცი, როგორ ავხსნა, რა გრძნობა მეუფლება.

– ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან გგავს და ალბათ, ესეც ძალიან სასიამოვნოა.

– ეს ბონუსია (იცინის). სასიამოვნოა, ვერ უარვყოფ, მიხარია, რომ მგავს. დედასაც ჰგავს, ნინოსასაც ბევრს ვიჭერ მასში. უცებ რომ შეხედავ, გამორიცხულია, დედას ვერ მიამსგავსო, მაგრამ აშკარაა, რომ უფრო მეტად მე მგავს. ვინც ნახულობს, პირველი ამას ამბობს (იცინის). თუმცა, ყოველ წუთას იცვლება, ყოველ დილით სხვადასხვანაირი გვხვდება და ასეც უნდა იყოს, მთავარია, ჯანმრთელი იყოს.

– როგორი ხასიათის ბიჭია?

– იმდენად კეთილი და მშვიდია, ხანდახან ცრემლები მომდის ხოლმე (იცინის). მხოლოდ ჭამა რომ უნდა, მაშინ ტირის, ისიც იმიტომ, რომ გაგაგებინოს, რა უნდა. ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია და რა ქნას (იცინის). თავიდანვე ძალიან მშვიდი იყო. თუ რამე არ აწუხებს, არ ტირის. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც ბედნიერი ვიყავი თუ რამე მაწუხებდა, სულ ვტიროდი და ყველას ნერვებს ვუშლიდი. ძალიან რთულად აღსაზრდელი ვყოფილვარ (იცინის). ამით მე არ მგავს და კარგია (იცინის).

– ღამეების გათენებას თუ მიგაჩვია?

– ზოგჯერ ვათენებთ, უფრო მეტად ნინო, მაგრამ როცა ნინო საჭმელს აკეთებს, ბავშვს მე ვიტოვებ. ჯერჯერობით ძიძა არ გვყავს. ყველაფერს მე და ნინო ვუმკლავდებით. არ ვიცი, სადამდე შევძლებთ, მაგრამ ჯერ გამოგვდის. ძალიან გვიწყობენ ხელს ნინოს მშობლებიც და ჩემებიც. ისინი რომ არა, მართლა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჯერ ნინოც შვებულებაშია, სექტემბრიდან, ალბათ, ძიძას ავიყვანთ.

– ახლა საქმისთვის გარეთ გასვლა არ გიჭირს?

– ძირითადად, მაინც სულ გარეთ ვარ. მართლა მიჭირს, ძალიან მენატრება და ალბათ, ყოველ 15 წუთში ერთხელ ვიდეოზარით ვრეკავ, ვხედავ, როგორაა და რას შვრება. ერთს რომ გამიცინებს, ის დღე ბედნიერია (იცინის). ერთი სული მაქვს ხოლმე, სახლში როდის დავბრუნდები. სანამ ამას თვითონ გამოვცდიდი, ეს სიტყვები ცოტა წარმოუდგენლად ჟღერდა, მაგრამ მართლა ასე ყოფილა.

– ზოგადად, რამდენად მზრუნველი ადამიანი ხარ და მამის ამპლუაში როგორი აღმოჩნდი?

– ბევრად უფრო მზრუნველი აღმოვჩნდი, ვიდრე წარმომედგინა. ეს ვატოს დამსახურებაა, 360 გრადუსით შევიცვალე. რეალურად, მე კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ, სახლში დაღლილი რომ მივდივარ, რელაქსი და დასვენება მჭირდება და აქამდე ასეც იყო, ყველაზე მთავარი ეს იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ჩემი რელაქსი ვიღას ახსოვს, ახლა მე ვარ მეორეხარისხოვანი, ვატო – პირველი (იცინის). მაგრამ ამას ძალდატანებით არ ვაკეთებ, პირიქით, მასზე ზრუნვა ძალიან დიდი სიამოვნებაა. ადრე მაღაზიაში საშოპინგოდ თუ დავდიოდი ჩემთვის, ახლა საჩემო მაღაზიებს აღარც ვუყურებ, პირდაპირ ბავშვის სექციისკენ მივდივარ (იცინის).

– მისი მოვლა, ჭამა, გამოცვლა და ასე შემდეგ თუ გამოგდის?

– გამოსვლით – გამომდის, მაგრამ ამ ყველაფერს, ძირითადად, მაინც ნინო აკეთებს, მე დღის განმავლობაში უფრო გასული ვარ. აი, პამპერსის გამოცვლა არ გამომდის. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მერე მე ვიყავი თავიდან ბოლომდე გამოსაცვლელი (იცინის). არ მეზარება, მაგრამ ვერ ვიხერხებ, თან პატარა ფეხებს რომ აქნევს, ვერ ვუმკლავდები (იცინის).

– შენსა და ნინოს ურთიერთობაზე როგორ იმოქმედა პატარას დაბადებამ?

– ის, რასაც ოჯახი ერქვა, თავიდან ბოლომდე, ყველანაირი მნიშვნელობით, ას და ათასმაგად გამყარდა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ახლა ნამდვილი ოჯახი ვართ.

– მეუღლის მიმართ რამდენად ყურადღებიანი ხარ? მშობიარობის შემდეგ გოგოებს საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ და რამდენად გესმის მისი?

– ამისთვის მზად ვიყავი, ყველაფერი ვიცოდი. მგონია, რომ ყველამ იცის, როცა ამხელა ცვლილებები ხდება ადამიანში, ეს ბევრ რამეს იწვევს. ზრდასრულები ვართ და ამის გამო პრობლემები არ უნდა შევქმნათ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ ანგარიში საყვარელ ადამიანს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ასეც იყო. ზოგადად, თუ ურთიერთობაში რაღაცის გამო შეიძლება, გაღიზიანდე, ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ რაღაც გართულებები დროებითია და აუცილებლად გაივლის, ამიტომ მათზე აქცენტირება არ უნდა გააკეთო, პირიქით, მათ დაძლევაში უნდა დაეხმარო მეუღლეს. თუ ამას გააცნობიერებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველას ვურჩევ, რომ კარგად გაეცნონ ორსულობის პერიოდის თავისებურებებს. ეს თუ გეცოდინება, მერე ყველაფერი გაგიმარტივდება. არ გაგიკვირდება, რატომ იქცევა ასე და შენც გეცოდინება, როგორ მოიქცე ამა თუ იმ მომენტში. არ უნდა გაჯიუტდე, ეგოიზმი უნდა გადალახო.

– სახელი როგორ შეურჩიეთ?

– მამაჩემს ვახტანგი, ვახო ჰქვია – მისი სახელი დავარქვით და ვატოს ვეძახით.

– ნინო პრეტენზიული ორსული იყო?

– მთელი ორსულობის განმავლობაში იმდენად უპრეტენზიო იყო, რომ საერთოდ არაფერი მოუთხოვია და უკვე მშობიარობის დრო რომ მოვიდა, მითხრა, მერე სათქმელად მაინც რომ მქონდეს, წადი ნაყინი ამომიტანეო (იცინის). წავედი და ამოვუტანე (იცინის). ამაზე კარგად ვიცინეთ.

 ძალიან გაგმართლებია…

– მართლა გამიმართლა. ძალიან დიდი სამეგობრო მყავს და მახსოვს, არაერთხელ მომხდარა, რომ როდესაც შეკრებილი ვიყავით, წამომხტარან ბიჭები, ვისაც ფეხმძიმე მეუღლე ჰყავდა და გაქცეულან იმის მისატანად, რაც მეუღლეებს მოუსურვებიათ. ესეც ძალიან ნორმალურია და ამაზე უარი ნამდვილად არ უნდა თქვა, მაგრამ მე არ დამჭირდა (იცინის).

– მშობიარობაზე დასწრება არ განიხილებოდა?

– არა, არც ჩემი და არც ნინოს მხრიდან არ იყო ამის სურვილი. ბევრმა შეძლო ეს და მივესალმები, მე ვერ შევძლებდი, ძალიან ემოციური ვარ და ეს ნინომაც კარგად იცის. ვისაც შეუძლია და ესწრება, რატომაც არა, ძალიან კარგია. ვიღაცები იტყვიან: შეძლებაზე არ არის, ძმაო, აუცილებელიაო, მაგრამ მე ვერ შევძლებდი და ნინოსაც არ გამოუხატავს სურვილი.

– ზაფხული მოვიდა, ყველაზე აქტიური სეზონი. შემოქმედებითი თვალსაზრისით, რა გეგმები გაქვს – ესეც მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს.

– გონებრივადაც და ფიზიკურადაც თავიდან ბოლომდე ბავშვზე ვიყავი გადართული და სხვა მხრივ, დიდად ვერ ვიაქტიურე. თუმცა, ზუსტად ახლა დავამთავრე კლიპის გადაღება და ძალიან მალე მზად იქნება. ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს. კონცერტებს რაც შეეხება, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, ორს უკვე დავთანხმდი, დანარჩენიც – ვნახოთ. ნინოც ძალიან მეხმარება, მეუბნება, დროა, უკვე შენს საქმეს მიხედოო. ხვდება, რომ ამის გარეშეც არ შემიძლია. ეს საქმე მაბედნიერებს და როცა ბედნიერი ვარ, მერე ბევრ კარგ რამეს ვაკეთებ. ამიტომ პირობას ვდებ, ამ მხრივ, ისევ გავაქტიურდები.